top of page

წინამძღვრიანთ-კარის ქართული სამეურნეო სკოლა

ტფილისი, 1 ივლისი, 1886 წ.


ბევრი ხანი არ არის, რაც სოფელს წინამძღვრიანთ-კარში, დუშეთის მაზრაში, გაიმართა ქართული სამეურნეო სკოლა. ეს სკოლა გამართულია ერთის კაცის მხნეობითა, ღონითა და ღვაწლითა. კაცმა დღეს რომ ამ სკოლის ყოფა-ცხოვრება თავის თვალით ინახულოს, სწორედ გაოცდება და მართლაც გასაოცებელია. ჰკვირობთ, როგორ შნსძლო ამოდენმა ერთმა კაცმა, რომელსაც ამისათვის არც საკმაო შეძლება აქვს საკუთარი, არც მოცლა. ეს დღევანდელი ყოფა სკოლისა მარტო მის გულგაუტეხელს მხნეობას, მის ზნეობით ძალღონეს უნდა მიეწეროს. რაკი ყველაფერი ეს იცი და ჰხედავ ამ სკოლის სიკეთეს, გულში გაოცებით ამბობ: დაუძინებელს მხნეობას საქმის უანგაროდ და გულწრფელად სიყვარულს, ერთობ ზნეობითს ძალღონეს, ერთს რაიმე სიკეთეზედ დაჟინებით და უკან დაუხევლად მიმართულს, სწორედ სასწაული შესძლებია. მართალიც არის: მოგახსენებთ, სწორედ სასწაულად მივიჩნიეთ, როცა ამ სკოლის ვითარება და გარემოება ჩვენის თვალით ვნახეთ. მშვენიერი ქვითკირის სახლი, წინ მთიდამ სკოლისაკენ დაქანებული ასის დღის მინდორი, რომელიც სკოლას საკუთრებად დაუმტკიცა სულის ჩამდგმელმა და დამაარსებელმა ბ-ნმა ილია წინამძღვარიშვილმა, სამჭედლო ყოვლის ფრით მოწყობილი, საცა ყმაწვილები მჭედლობასა სწავლობენ, ეგრედ-წოდებული „ფერმა“, საცა თვითონ შეგირდს 70 საჟენი კვალი აქვს მიჩენილი საკეთებლად, კაბინეთი, საცა აწყვია სხვადასხვა სამოსწავლო საგნები, სხვადასხვა ნიმუშები სამეურნეო იარაღებისა, და მცირეოდენი ბიბლიოთეკაც არის; ოთახი, საცა სხვადასხვა მცენარეობას ზრდიან ზამთრობით და ინახვენ, საფუტკრე მრავალი გვარის სკებითა და გეჯებით მოწყობილი — ყოველივე ეს ლამაზად, ფაქიზად და საქმის ცოდნით არის გამართული, მოწყობილი და მოვლილი.


თვითონ შეგირდები, რომელთა რიცხვიც ორმოც-და-სამამდეა, და რომელთ შორისაც თავადნი და აზნაურნიც არიან, აგრეთვე შორიდამ მოსულნიცა, მაგალითებრ, მთიულეთიდამ, გურიიდამ, კახეთიდამ და ქართლიდამ, სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენენ. იმ დაჩაგრულს, დამფრთხალს, დაღვრემილს სახეს, რომელსაც ასე ხშირად შეხვდებით ზოგიერთს სკოლებში, აქ ვერა ჰნახავთ: ჯანით მრთელნი, სულითაც ჯანმრთელნი, მკვირცხლნი, სიცოცხლით სავსენი არიან აქა. მათმა ცოდნამ, გონებაგახსნილობამ, წერამ, კითხვამ, წაკითხულის ახსნამ, არა ერთი მაყურებელი და მსმენელი გააოცა.


ამაზედ ჩვენ დღეს ცალკე წერილი გვაქვს დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ჩვენ თუ ამას შევეხენით ამ წერილში, მარტო იმისათვის, რომ ჩვენის საზოგადოების ყურადღება მიგვექცია ერთს სამწუხარო ამბავზედ. ეს ყოვლისფრით შემკული, ეს ფრიად სასარგებლო სკოლა, ესე კარგად და ცნობიერად დაწყობილი, ესე კარგად მიმდინარე სასწავლებელი, დღეს ერთის კაცის ზნეობითს ძალღონეზედ ტრიალებს. თვითონ საკუთარი შეძლება არა აქვს, რომ ეს სკოლა ასაზრდოოს; რასაც კი სადმე თავისის პატიოსანის შრომით ჰშოობს, სულ ამ სკოლას ანაცვალებს; მაგრამ როდემდის ამ ტანჯვით და ვაებით გაუძღვეს ამ სკოლასა? ჩვენ ისიც გვიკვირს, ან აქამდე როგორ გაუძღვა და თავი და ბოლო როგორ მოაბა მაგ მარტოხელმა, ქონებით უღონო კაცმა. ნუთუ ჩვენი ქართველი

საზოგადოება არ მოხედავს, მართებულის გულ-მტკივნეულობით არ მოაწვდის ხელსა საშველად და ამ სკოლას, ბევრნაირად საგულისხმოს და სასარგებლოს, სახსარს არ მისცემს, სახსარს არ მოუგროვებს ცხოვრებისა და არსებობისათვის? ამ დიდს სამაგალითო საქმეს, თითქმის არარაობით დაწყებულს, ეგრე მშვენიერად შესაბამს გზაზედ დაყენებულს, ეგრე საჭიროს ჩვენის ქვეყნისათვის, — ნუთუ ბოლო უნდა მოეღოს ჩვენის გულგრილობითა, გაუტანლობითა, გულშეუმატკივრობითა! ცოდვაა, ცოდვა რომ ეს მშვენიერად მიმავალი საქმე ამ სამარცხვინო დღეში ჩავაგდოთ. ცოდვაა ჩვენის ერისა, ჩვენის ქვეყნის წინაშე.


რაც ბ-ნმა ილია წინამძღვარიშვილმა ამ სკოლას ღვაწლი დასდო, რაც თავის საკუთარის შეძლებიდამ მოახმარა, რაც შრომა, ჯაფა და წვალება გამოიარა, ნუთუ არა კმარა ერთის კაცისათვის? ნუთუ სამართალი არ მიუძღვის გვითხრას ჩვენ: აჰა, რაცა მქონდა შევწირე ამ საკეთილო საქმეს, რაც შემეძლო გავისარჯე, ვიმხნევე, დღე და ღამ ვიზრუნე, საქმე საქმეზედ მოვიყვანე, სკოლა თავის გზაზედ დავაყენე და ახლა თქვენ იცითო. შეუძლიან ეს გვითხრას, მაგრამ არ გვეუბნება. არ გვეუბნება, იმიტომ რომ ამისთანა საქმეში, ამისთანა გარემოებაში, ჩვენ თვითონ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი მოვალეობა, რადგანაც ეს საქმე ჩვენის ქვეყნის სასარგებლო საქმეა და არა ვისიმე კერძო კაცისა. ბ-ნი ილია წინამძღვარიშვილი იმოდენად თავდადებულია ამ საქმეზედ, რომ თავის უანგარო ჯაფას და საქმის სიყვარულით გაძლიერებულს მხნეობას არ მოაკლებს თავისის თაოსნობით გამართულს და თავისის ძალღონით გაზრდილს საქმესა, მაგრამ ჩვენ მიერაც ხელის მიწვდენა უნდა, შველა უნდა; ნუ ვიცით ხოლმე, რომ ჩვენის გაჭირების ყავარჯენს ერთს კაცზედ მივაყუდებთ საზოგადო საქმეში და ჩვენ კი გულგრილად დავიკრებთ გულზე ხელებს, თითქო აქ ჩვენ არაფერს შუაში ვართო. ბ-ნ ილია წინამძღვრიშვილის საქმე ჩვენი საკუთარი საქმეა, იმიტომ რომ ჩვენის ქვეყნისათვის სახეირო და სასარგებლოა. იგი ამ საქმეში მარტო მესვეურია, მერე მხნე და გამრჯელი მესვეურიცა. ჩვენც უნდა მივყვეთ, რომ სასახელო სვე ბოლომდის სასახელოდვე გავიტანოთ.


ვაუწყებთ რა სამწუხარო გარემოებას სკოლისას, რომელსაც სახსარი მეტად მცირე აქვს არსებობისათვის, ვიმედოვნებთ, რომ ჭეშმარიტი ქართველი კაცი არ დაიშურებს ამ სკოლისათვის შესაწევარს თავის შეძლებისამებრ. აქ ყოველი გროში დიდის მადლობით მიიღება და ჩვენის ქვეყნის მოზარდს ყმაწვილს მოჰხმარდება მისდა და ჩვენდა საკეთილდღეოდ.

Recent Posts

See All
bottom of page