1877 – 1881 წელი
ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილობაა მისის მხნეობისა, შრომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისათვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი — იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე - სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი - სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე - სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის „ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო“, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა.
რაც სხვისაა, - ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, - ეგ ჩემი უფლებაა.
უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით, ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა,
ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, აქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩენი ქვეყანაა. ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვადა გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება. მაგრამ ამ უკანასკნელს ათს წელიწადში, სახელდობრ 1864 წლიდამ, ჩვენში ბევრგვარი ცვლილება მოხდა, რომელთ აზრად ჰქონდათ და აქვთ საზოგადო ურთიერთშორისი წყობილება უკეთესს და უფრო უმართლესს ნიადაგზედ დაედგინა. ამ ცვლილებას ჩვენში ყოველი გონიერი და მიხვედრილი კაცი დიდის სიხარულით და თითქმის აღტაცებით მიეგება. ხოლო გამართლდა ჩვენი სიხარული და აღტაცება თუ არა? ჩვენ ვეცდებით, ამის პასუხი მივცეთ მკითხველსა.
1864 წ. მოხდა ჩვენში ყმების განთავისუფლება. მოისპო ჩვენში ერთისაგან მეორის ადამიანობის გაქელვის მიზეზი, კაცი კაცად აღიარეს. ეს ერთი დიდი და უკეთესი მხარეა ამ სახელოვანის ცვლილებისა. აქ ყოველივე დამოკიდებულების კავშირი სამუდამოდ გაწყდა; ერთს ჩამოაცვალეს ის, რაც სიმართლის შეურაცხყოფა იყო, მეორეს დაუბრუნეს ის, რაც უმართლოდ წართმეულ ჰქონდა. ამ მხრით ორთა-შუა ხელის მოსაკიდებელი და სადავიდარაბო არა დარჩენილა რა, ჩემსას და შენსას ამ მხრით მათ შორის ადგილი აღარა ჰქონდა. მაშასადამე, აქ საჭირო არ იყო განსაზღვრა უფლებისა და მოვალეობისა. ხოლო ბატონ-ყმობის საქმეში არის მეორე მხარეც, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. განთავისუფლებულს გლეხს დაბინავება უნდოდა. უამისოდ გლეხის განთავისუფლება იმას ეგვანებოდა, რომ კაცისათვის გეთქვათ: წადი, ეხლა თავისუფალი ხარ, რომ შიმშილით მოკვდეო. ჩვენდა საკეთილოდ, ეს ასე არ მოხდა. გლეხს ბინა მიეცა, მიწა მიეცა. რადგანაც გლეხის ადრინდელი ბინა და მიწა საბატონოდ აღიარეს და გლეხს სახმარისად დაუტევეს, მაშასადამე, აუცილებელი საჭიროება მოითხოვდა განესაზღვრათ უფლება და მოვალეობა გლეხისა და ნაბატონარის შორის. აი, ჩვენის ფიქრით, ამ განსაზღვრაში მოხდა ის, რამაც ჩვენი თავდაპირველი სიხარული არ გაამართლა იმოდენად, რამოდენადაც იმედი გვქონდა. რასაკვირველია, ვიდრე ეგ საქმე გადაწყდებოდა, დიდი ლაპარაკი და ყაყანი იყო მასზედ, თუ როგორ უნდა გააშველონ ბატონი ყმასა, ყმა ბატონსა. მცირემ, მაგრამ უკეთესმა, ნაწილმა ჩვენის საზოგადოებისამ მაშინვე აღიარა, რომ თუ საქმე იმაზე მიდგაო, რომ უსათუოდ უნდა გავშველდეთო, ისა სჯობიაო, ეხლავე ისე გავშველდეთო, რომ ურთიერთშორის სამდურავისა და დავიდარაბის მიზეზი ჩვენში აღარა დარჩეს რაო. რაკი გლეხი მისის ნაჭერის მიწების მაპატრონედ არ იცნეს, რასაკვირველია, ეს აზრი ფრიად მოსაწონი და სამჯობინარი იყო ყველასათვისა. ამგვარად გაშველებისათვის ორი გზა იყო: ერთი ის რომ მებატონეს მაშინვე მიეყიდნა გლეხისათვის მამული და მთავრობას გლეხისათვის ამაში ხელი გაემართა, ან არა და გადასახადი მოჭრით განესაზღვრათ, გადაეკვეთათ. რასაკვირველია, პირველი გზა უმჯობესი იყო, თუ არჩევაზედ მივარდნილიყო საქმე. მაგრამ არამც თუ არც ერთი ეს გზა არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ მაგ გზების დედააზრიც სრულად უარჰყო.
ჩვენის საზოგადოების მეორე ნაწილმა, უფრო უმრავლესმა, განდევნა სრულად პირველთა დედააზრი და ირჩივა საქმის გათავება ისე, რომ გლეხსა და ნაბატონარს შორის ცოტა კლანჭგამოსადები რამ დარჩენილიყო. ჩამოვარდა მეოთხედობა — ეს განუსაზღვრელი მიზეზიანი მოვალეობა ერთისა და მეორისაც. მოჰყვა იმას, ვითარცა აუცილებელი შედეგი, სხვადასხვა კანონები სადავიდარაბო და ორივე მხრისათვის თავში საცემი. რომ მებატონესთან გლეხი პირნათლად გამოსულიყო, რასაკვირველია, მებატონის კაცი უნდა დასწრებოდა ნამუშევარის შინ შემოტანის დროს, რომ მეოთხედი მიეთვალა, თუ აეწყო. დაიდვა ეს კანონიცა. ყველამ იცის, რომ ნამუშევარი თითქმის ერთსა და იმავე დროს შემოდის, მთელ საქართველოში თუ არა, ერთ და იმავე სოფელში მაინც. აბა, ეხლა იფიქრეთ, რა უნდა ექნა ამ შემთხვევაში იმ მებატონეს, რომელსაც ათი და ოცი კომლი ნაყმევი ეყოლებოდა? როგორ უნდა გასწვდენოდა ათსა და ოცს კომლსა? სადა ჰყვანდა ათი და ოცი კაცი მაგ მეოთხედების უკან სადევნებელად ერთ და იმავე დროს? არ გაგზავნიდა — ეჭვში უნდა ჩავარდნილიყო, გლეხი მომპარავსო, და გაგზავნიდა კიდევ - იმ მეოთხედიდამ კაცების დაჭერის ხარჯს კაი წილი მიჰქონდა. იყო ორ ჭირ შუა. ამ შემთხვევაში ან გლეხის კეთილსინიდისიანობას უნდა დამყარებოდა, ან არა და ერთი თუ ორი კაცი უნდა ეტარებინა მეოთხედების ასაკრეფადა, რადგანაც მეტს მძიმე ხარჯი მოსდევდა. გლეხი უფრო ცუდს დღეში იყო. თუ მოუცდიდა ნაბატონარის კაცს, ვინ იცის, როდის მოვიდოდა, და ბატონის კაცის ლოდინში შიშით სული ელეოდა, ავდარმა ნამუშევარი არ წამიხდინოსო; არ მოუცდიდა კიდევ - შიში ჰკლავდა, მეტს წამომედავებიანო.
ამ ყოფაში ან ერთს რა გამორჩომა ექნებოდა თავისის მამულიდამ, ან მეორეს თავის ნამუშევარიდამა. ამ მდგომარეობაში ან ერთის გაკეთება რა საფიქრებელია, ან მეორისა. აქ ბევრსაც რომ ცდილიყვნენ, ვერც მებატონე და ვერც გლეხი ვერ შესძლებდნენ საქმე ისე მოემართათ, რომ ურთიერთის უფლება და მოვალეობა არ დაერღვიათ. ჩვენ ამისი მოწამეც ვყოფილვართ, რომ გლეხს გარეთ დალპობოდეს ნამუშევარი ბატონის კაცის ლოდინშია. ხანდისხან ჯაბრი ამაზედ უარესს საქმესაც მოახდენდა ხოლმე. ამისი მაგალითები ორივეს მხრით ბევრია. ესე იყო თუ არა, მაინცდამაინც მაგ განუსაზღვრელს მეოთხედობის გამო ბატონსაც და გლეხსაც საქმე იმაზედ შეუდგათ, რომ ნებით თუ უნებლიეთ ურთიერთის კეთილსინიდისიანობაზედ უნდა დამყარებულიყვნენ. ვინ არ იცის კიდევ, რომ კეთილსინიდისიანობა გაჭიმული თოკია, რომელსაც დიდნი ზედ გააბოტებენ და ისე გადადიან, პატარები კი ქვეშ გაუძვრებიან ხოლმე. რადგანაც ამგვარს ვარჯიშობას არც დიდნი თაკილობდნენ და არც პატარები, ამიტომაც ატყდა ბატონსა და გლეხს შორის აუარებელი საჩივარი და დავიდარაბა. პირველ ხანებში ამ საჩივრებს ვერ ასდიოდნენ მოსამართლენი.
ამ მეოთხედობას, ამას გარდა, სხვა აუცილებელი კანონიც დაერთო, საშფოთო და სადავიდარაბო. რაკი მეოთხედი უნდა ეძლია გლეხს, ისიც უნდა დაეწესათ, თუ რამოდენა უნდა ეხნა გლეხს ყოველწლივ. უამისოდ გლეხს რომ ათის დღის მიწა სჭერებოდა და მარტო ერთისა ეხნა, მებატონეს თავისის საკუთრებიდამ ბევრი არა შემოუვიდოდა რა. ამისათვის გლეხს კანონმა კისრად დასდვა, რომ უსათუოდ რგებულის მიწების ნახევარი ყოველწლივ მოხნული უნდა გქონდესო. ამ კანონმაც მრავალი შფოთი ყამოაგდო ორთა შუა და მრავალი საჩივარი გამართა. შფოთებმა ამ ორ წოდებათა შორის უსიამოვნება დათესა და საჩივრებმა კიდევ თავი მოაბეზრა მებატონეს და გლეხსაც. ახლა ამას ისიც ზედ დაართეთ, რომ მაგ საჩივრების გამო ჩვეულებრივი მიწერ-მოწერა გაიმართებოდა ხოლმე, დაბარება, გამოძიება, და ამის გამო საჩივარის თავი თუმცა იყო, მაგრამ ბოლო კი არა სჩანდა. რადგანაც აქ საქმე თითქმის დღიურს საზრდოებაზედ იყო შემდგარი, ამისათვის ვერც მებატონე ითმენდა და ვერც გლეხი იმ დრომდე, ვიდრე სამართალი თავისას იტყოდა. გაიმართებოდა ხოლმე ძალმომრეობითი ტაცება, დარბევა და სხვა ამგვარი. ამ დანაშაულობას შეუდგებოდა ხოლმე ახალი საჩივრები და დავიდარაბები. ამაების გამო ცხოვრების ილაჯი გლეხსაცა და მებატონესაც გაწყვეტილი ჰქონდა. რასაკვირველია, გლეხს უფრო, ვიდრე მებატონესა, იმიტომ რომ გლეხი დღიური მუშაკია და ამისათვის საჩივრებისა გამო აქა-იქ თრევა და ტანტალი ლუკმაპურის დაკარგვაა. მართალია, ზოგან რომ არაქათი გაუწყდათ ბატონსა და გლეხსაც, აიღეს და ეგ საშფოთო და განუსაზღვრელი მეოთხედი გადაკვეთილ და გადაჭრილ გადასახადად გაიხადეს, ერთის სიტყვით, შინაურულად მორიგდნენ. მაგრამ, საუბედუროდ, ყველგან არა. ეგ მარტო იქ მოხდა, სადაც გლეხს უფრო კაცმოყვარე და მშვიდობიანი მამულის პატრონი შეხვდა და საცა მაგისთანა მამულის პატრონს — გულმართალი გლეხი. უფრო ბევრგან კი, ჯაბრისა გამო თუ დავიდარაბის სიყვარულისა გამო, ისევ ის განუსაზღვრელი, სახათაბალო, მიზეზიანი მეოთხედობა დარჩა. ამის გამო დღესაც, თუ არ წეწვა და გლეჯაა, უსიამოვნება მაინც არის და არის.
მთავრობას, რომლის თაოსნობითაც გაუქმდა ჩვენში ბატონყმობა, წინათვე დანახული აქვს ეგ უსიამოვნო შედეგი განუსაზღვრელის ყოფა-ცხოვრებისა და ბატონისა და გლეხის საკეთილოდ წამალიც ცნობილი და ნაპოვნი აქვს. თუმცა მეოთხედობა გლეხთა განთავისუფლების წესდებაში შევიდა, მაგრამ მთავრობის შორმხედველობითმა მსჯელობამ ყურადღება მიაქცია იმ უმცირესთა დედააზრსაც, რომელიც წინ მოვიხსენიეთ. იმავ წესდებაში ორი გზა არის ნაჩვენები ბატონ-ყმობის საქმის უკეთ დაბოლოებისათვის. პირველი და უკეთესი ის, რომ გლეხს ღონისძიება აქვს — მთავრობისაგან დანიშნული მამული შეისყიდოს,და მეორე ის — რომ ვიდრე ეს მოხდება, ეგ მეოთხედი ერთს განსაზღვრულ და გადაკვეთით გადაჭრილ გადასახადად უნდა იქცეს.
ამ ორს საგანზედ შემდეგში გვექნება ლაპარაკი.