top of page

ცხოვრება და კანონი - წერილი მეორე

1877 – 1881 წელი


წინა წერილში ჩვენ თვალი გადავავლეთ მეოთხედობას იმ მხრით, რა მხრითაც იგი შეეხებოდა ადამიანის შინაურს მშვიდობიანად ცხოვრებასა. რომ ცნობიერად და რიგიანად მივმართოთ ეხლა იმ საგანთა, რომლის ვითარების ახსნაც ჩვენ პირველს წერილში დავპირდით მკითხველს, საჭიროა, ჩვენის ფიქრით, გამოკვლევა მის, თუ რა ნერგზედ არის აღმოცენებული ეგ მეოთხედობა და რა ეკონომიური ზედმოქმედება აქვს ქვეყნის ნივთიერს კეთილდღეობაზედ. რაკი ამ მხრითაც ეგ მეოთხედობა განიხილება, მაშინ ჩვენ ხელთ გვექნება მისი ავკარგიანობის სასწორი.


რასაც ევროპაში მიწის რენტას ეძახიან, იმას ჩვენში ღალა ჰქვიან. ღალა არის ის სასყიდელი, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ის მიწის ქირა, რომელსაც მიწისმომქმედი იხდის მიწისპატრონის სასარგებლოდ. ყოველს გვარს ეკონომიურს მოღვაწეობაში ცილებას ცოტად თუ ბევრად ზედმოქმედება აქვს სასყიდლისა, ანუ ფასის აწევ-დაწევაზედ. მაგრამ არის მეორე ძალაც, რომლის მეოხებითაც ფასი, თუ სასყიდელი, განისაზღვრება ხოლმე. მაგისთანა ძალა ჩვეულებაა. ღალის ზომიერებაზედ და რაოდენობაზედ ამ უკანასკნელს ძალას უფრო დიდი ზედმოქმედება აქვს, ვიდრე ცილებასა. აქ ჩვეულება სწორედ რჯულთ უმტკიცესია.

ჯონ სტუარტ მილლი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ცილებას თითქმის ადგილიც არა აქვსო, მარტო ჩვეულება მოქმედობსო. ეს, საზოგადოდ ცნობილი და აღიარებული ჭეშმარიტება, ჩვენში ბევრს ცხადსა და უცილო მაგალითებს წარმოგვიდგენს.

ქვეყნიერობაზედ ორგვარი ღალა ყოფილა და არის ჩვეულებაზედ დამყარებული. ერთი - ის სასყიდელი (სულადით, თუ ფულით), რომლის რაოდენობაც და ზომაც წინათვე განსაზღვრული და ცნობილია, მაგალითებრ: დღიურზედ კოდი დღიურზედ მანეთი, ანუ მეტ-ნაკლები; მეორე - ის სასყიდელი (უსათუოდ კი სულადით და არა ფულით), რომლის რაოდენობასაც ნამუშევრის წილი შეადგენს და რომლის ზომაც წინათვე არ არის ცნობილი, მაგალითებრ - მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი და სანახევრო. იმგვარს ადგილ-მამულის ჭერას, რომლის გამოც მამულის პატრონი მიწისმომქმედს წილში უდგას, ევროპაში, თუ რუსეთში „მონახევრობას“ ეძახიან[*], ჩვენში კი „წილზედ-ჭერას“ იტყვიან. სიტყვა „მონახევრობა“ ევროპაში წარმოსდგა იქიდგან, რომ უფრო ბევრგან პატრონის წილად - ღალა ნამუშევრის ნახევარი იყო. ეხლა კი ეგ სახელი საზოგადოდ „წილზედ-ჭერას“ ჰქვიან, ნახევარი იქნება, მესამედი, თუ მეოთხედი - სულ ერთია. რადგანაც ჩვენი სიტყვა „წილზედ- ჭერა“ უფრო მართლად გამომთქმელია, ამისათვის ჩვენ ყველგან, საცა ამ საგანზედ საუბარი ჩამოგვივარდება, ამ სიტყვას ვიხმარებთ.


წილზედ-ჭერა ადგილ-მამულისა დიდის ხნის ამბავია, დიდი ხანია შეთვისებულია ჩვეულებისაგან და მისგანვე ყოველის მხრით განვითარებული. ინდოეთის ძველ კანონებში მოხსენებულია მეექვსედი და მეოთხედი ნამუშევრისა მიწის ღალად. ევროპაში „წილზედ- ჭერა“ რომაელთაგან არის შემოღებული და მათგან მომდინარეობს. ჯერ კიდევ კატონი და პლინი იხსენიებენ გლეხობას, რომელთაც ადგილ-მამულები წილზედ სჭერებიათ. ევროპის ეხლანდელმა ხალხებმა ეგ ჩვეულება რომაელთაგან მიიღეს XIII საუკუნეში. ვენეციაში წილზედ-მჭერელნი ადგილ-მამულისა აძლევდნენ პატრონს მესამედს, მეოთხედს ნამუშევრისას, და ნამჯას კი სრულიად. რომის კამპანიაში დღესაც მეხუთედია, ტოსკანაში — ნახევარი, ლუკკაში - ორი-მესამედია. ერთობ იტალიაში დღესაც წილზედ-ჭერა ადგილ- მამულისა ძალიან გახშირებულია. 1861 წელსა იტალიაში წილზედ-მჭერელნი 1.284.286 კაცი ყოფილა.


ადგილ-მამულის მაგგვარი ჭერა იტალიაში სამუდამოა. თუმცა ზოგან თითო წლობით შეიკვრიან ხოლმე მიწის პატრონი და მიწისმომქმედი ხელწერილითა, მაგრამ ეგ ხელწერილი ყოველწლივ ახლდება მარტო ჩვეულების თვითრჯულობისა და სიმტკიცისა გამო. ჩვეულებას ამ შემთხვევაში ისეთი ძალა აქვს იტალიელთ შორის, რომ ვერც მიწის პატრონი ჰბედავს მის ღალატსა, ვერც მიწისმომქმედი. ერთხელ დადგინებული ნამუშევრის წილი არც იკლებს, არც მატულობს. აქ, იტალიაში, ამ ჩვეულების მფარველობითა მიწის-მომქმედი წილზედ-აღებულს მამულზედ დგას, მასზედ აქვს ბინა მოკიდებული. ვიდრე მამულის პატრონს თავისას აძლევს, იმას ადგილ-მამულიდამ ვერ დაითხოვს მიწის პატრონი, ბინას ვერ მოუშლის, მას ადგილ-მამული საშვილიშვილოდ უჭირავს. ეს უფლება გლეხისა კანონზედ კი არ არის დაფუძნებული, დამყარებულია მხოლოდ ჩვეულებაზედა. გარდა ამისა, იმავე ჩვეულების ძალით, მიწის პატრონი მოვალეა მიწისმომქმედს წარმოების ხარჯში მიუდგეს. ზოგან საწარმოებელს თანხას მამულის პატრონი სრულად თითონ აძლევს მიწისმომქმედს, ზოგან ნახევარს აძლევს, ზოგან აძლევს მარტო საქონელს და იარაღს, ზოგან - თესლსა და სხვა ამგვარსა. ერთმა რომ სადმე რაიმე ცვლილების შემოღება გაბედოს, მთელი ქვეყანა, დიდი და პატარა, ყაყანს და ალიაქოთს შეიქმს თურმე. საფრანგეთშიაც ასეა. აქაც ძალიან გახშირებულია „წილზედ-ჭერა“ ადგილ-მამულებისა. 1859 წ. 1.356.909 წილზედ- მჭერელი მამულისა ყოფილა საფრანგეთში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ საფრანგეთში მოკლე ხნობით იღებენ წილზედ ადგილ-მამულებსა. ხშირად ვადა სამს წელიწადზედ მეტი არ არის.


ჩვენშიაც, როგორც სხვაგან, ორგვარი ღალა იყო. წილზედ-ჭერა ჩვენში თუმცა ყოფილა და არის კიდეც, მაგრამ ძალიან იშვიათად მოხდება, რომ მაგგვარად სახნავი მიწა გაიცეს ან აიღებოდეს ერთს წელიწადზედ მეტის ხნითა. ეგ ჩვეულებაში არცა ყოფილა და არც დღეს არის. ამიტომაც თითქმის ვერსად ვერ ნახავთ, რომ წილზედ აღებულს ადგილ-მამულზედ ჩვენებურს გლეხს ბინა მოეკიდებინოს, ჩვენებური გლეხი დასახლებულიყოს. ეს ერთი შესანიშნავი მხარეა, რომლითაც ჩვენი ჩვეულება იტალიის ჩვეულებას არა ჰგავს. სხვაფრივ კი ეგ ჩვეულება ბევრით ემსგავსება. ჩვენშიაც, თუ გლეხი წილზედ სახნავ მიწებს იღებდა, უსათუოდ იმ პირობით, რომ მამულის პატრონს მიწის წარმოების ხარჯში ცოტა თუ ბევრი მონაწილეობა მიეღო. თუ მეტს წილს ჩაიდებდა მამულის პატრონი, მეტი მონაწილეობაც უნდა მიეღო ხარჯში; თუ მამულის პატრონის წილად ნახევარი იყო ნამუშევრისა, მაშინ თესლი სრულად მამულის პატრონისა უნდა ყოფილიყო, ხშირად მკის ხარჯიცა, ნამუშევრის ზიდვა და ლეწვა კი თავთავისი. წილზედ-ჭერაში ჩვენს ჩვეულებას ამაზედ წინ ფეხი არ წაუდგამს, მაგრამ მაინცადამაინც წილზედ-ჭერა საზოგადოდ ხშირი არ იყო და დღესაც არ არის. ხშირად, და ძალიან ხშირადაც, ჩვეში გადაკვეთილი ღალა წარმოებდა, დღიურზედ ერთი კოდი; ამაზედ მეტი იშვიათად თუ სადმე მოიძევებოდა. ჩვეულების ძალმომრეობა ასეთი მტკიცე და ძლიერი იყო ამ შემთხვევაში, რომ არა რაიმე სხვა ეკონომიურმა ძალამ ამ ღალის აწევ-დაწევაზედ ვერ იმოქმედა. თვით ყოვლადშემძლე ბატონ-ყმობამ მაგ ღალის ზომას ვერა გადაამეტა რა, და ერთხელ გადაკვეთილი ღალა ნამუშევრის წილზედ ვერ შესცვალა. პირიქით, ჩვენ იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ახალ შემოღებული მეოთხედობა მაგ ჩვეულების ძალმა დაიმორჩილა და ისევ დღიურზედ ერთს კოდად შესცვალა.


ერთის სიტყვით, ჩვენში წილზედ-ჭერას ხალხი და ხალხის ჩვეულება ეურჩებოდა, და, თუ სადმე სუფევდა, იმ აუცილებელის ნიშნით სუფევდა, რომ გლეხი, თუ წილზედ მამულს აიღებდა, არამც თუ სამუდამოდ მასზედ ბინას მოიკიდებდა, არამედ ხანგრძლივობასაც ერიდებოდა და, ამას გარდა, რამოდენ წილშიაც მამულის პატრონი ჩაუდგებოდა, იმოდენად მეტ-ნაკლები მონაწილეობა უნდა მიეღო ხარჯშიაცა. აქედამა სჩანს, რომ იმისთანა სამუდამოდ წილზედ-ჭერა, რომელიც ამჟამად განხორციელებულია მეოთხედობაში, ჩვენის ცხოვრების ნერგზედ არ არის აღმოცენებული, რადგანაც, ჩვენის ჩვეულების წინააღმდეგ, მეოთხედობა წილია და არა გადაკვეთილი ღალა, და მერე იმისთანა წილია, რომლის მოპოებაშიაც ხარჯი სრულად ერთის მხრისაა და არა ორივე მონაწილისა მაინც.


ხოლო ეს კი უნდა აღვიაროთ, რომ საიდამაც უნდა იყოს ეგ მეოთხედობა წარმომდგარი, მაინცდამაინც იგი ცხოვრების წინ წადგომაა, ნამეტნავად მაშინ, როცა ბატონ-ყმობას წარმოვიდგენთ. რაც უნდა იყოს, გლეხი სხვის ნების ანაბარად არ არის დარჩომილი. მძიმეა თუ სუბუქია ეგ მეოთხედობა, გლეხმა იცის, რომ მას ბინას ვერავინ შეუშლის, და რაც მეოთხედს გადურჩება, ის უცილოდ და ხელშეუხებელად მისია. მაგრამ, ეკონომიურის მხრით, წილზედ-ჭერას საერთოდ და მეოთხედობას საკუთრივ — მაინცდამაინც მავნებელი შედეგი მოსდევს. რადგანაც აქ ნაშრომის ნაყოფში, ცოტად თუ ბევრად, სხვასაც წილი უდევს, გლეხს არ ექნება ისეთი ხალისი, ისეთი თავგამომეტებითი მხნეობა შრომისათვის, როგორც იმას, რომელიც თვის საკუთრებაზედ მუშაობს, მაშასადამე, შრომა გლეხისა იმოდენად ნაყოფიერი არ უნდა იყოს, რამოდენადაც ეგ შესაძლოა. ეს ერთი. მეორე, - მიწის განოყიერებისათვის, მიწის გაკეთებისათვის, გლეხი ხარჯს ვერ გაიმეტებს, იმიტომ რომ ამ ხარჯში მონაწილე არ უდგება და წილი კი სრულად მიაქვს. ადამ სმიტი ამბობს: „მხვნელ- მთესველს (რომელსაც წილზედ უჭირავს მიწა) არავითარი სარფა არა აქვს, მამულის კარგა შემუშავებისათვის ხარჯი რომ გასწიოს, იმიტომ რომ მიწის პატრონი იმ დანახარჯის მოგებაში წილს იდებსო და ხარჯში კი არაო. მეათედი წილი ხომ ცოტაა, მაგრამ ყველასაგან მიღებულია, რომ ეგეც ამ მხრით სოფლის მეურნეობის წარმატებას დიდად აბრკოლებსო“. რომ ეს მართალია, აი ამის დასამტკიცებლად რა მაგალითებია შენიშნული. არტურ იუნგი მოგვითხრობს: „საცა კი წილზედ-ჭერა არის, შეიძლება კაცმა გულდაჯერებით სთქვასო, რომ იქ მცხოვრებნი უხეირონი და საცოდავად ილაჯ-გაწყვეტილები არიანო. საცა, მილანის მაზრაში, უხეირო, ღარიბი, მოურწყავი მიწა შემხვედრიაო, ყველგან ისე გამოსულა, რომ მიწები წილზედ უჭირავთო“. მაკ-კულოხი ამბობს: „წილზედ-ჭერა ყველგან წარმატების დამაბრკოლებელიაო, ასე რომ წილზედ-ჭერამ ყველგან მხვნელ-მთესველნი უკიდურესს სიღარიბეში ჩააგდოო“. ჯონ სტუარტ მილლი ამბობს, რომ თუმცა წილად-ჭერას ბევრი მაქებარიცა ჰყავსო, მაგრამ ეს წესი არც ერთის მხრით ისეთი სახარბიელი არ არის, რომ საცა მას ფესვი არა აქვს, იქ ხელახლად შეიტანონო. ამის სიტყვით, გადაკვეთილს ღალას კი ის სიკეთე მაინც მოსდევს, რომ, ბევრია თუ ცოტაა, გლეხს ხელს არ უშლის მამულის გაკეთებისათვის ხარჯი გასწიოს, უფრო მედგრად იმუშაოს, უფრო დიდი მხნეობა და მეცადინეობა იხმაროს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მომატებულის ხარჯისა და შრომის მონაგები სრულად მისია. აქ ღალას მიწის ქირის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და არა შრომის ნაყოფის გაწილადებისა. აქ შრომა, ცოტად თუ ბევრად, თავისუფალია, და რამოდენადაც თავისუფალია, იმოდენად ყოვლად-შემძლებელიც არის.


ეს წერილი ძალაუნებურად გაგვიგრძელდა და ამის გამო პირველ წერილში მოხსენებული საგნები ამჟამად გაურჩევლად დაგვრჩა. ეგ შემდეგისათვის იყოს.


შენიშვნა:[*] Половинчество (métayage).

Recent Posts

See All
bottom of page