ტფილისი, 17 ივლისი, 1893 წ.
ბევრმა მაგალითებმა წინადაც და ნამეტნავად ამ უკანასკნელ ხანების ღირსსახსოვარმა ამბებმა თვალნათლად დაგვანახვა, რომ ცხოვრების მოედანზე ძლიერი ისა ყოფილა, ვინც მდიდარია, და მდიდარიც იგია, ვისაც ბევრი ფული ჰქონია. რა თქმა უნდა, მეცნიერებისაგან გამორკვეული სიმდიდრე სულ სხვა არის, მაგრამ კერძო კაცთა ურთიერთობაში სიმდიდრის საწყაოდ მარტო ფულია და სხვა არა რა. დღეს ვეღარავინ იტყვის, რომ ამ კაცს ბევრი პური და ბევრი ღვინო აქვს და მდიდარიაო, და თუ იტყვის, ეს პური და ღვინო გულში უსათუოდ ფულად განაღდებული აქვს, ფულზე აქვს გათვლილი.
ხოლო გულში განაღდებული, გულში ფულად ქცეული ჯერ კიდევ შორს არის მართალ განაღდებაზე, მართალ ფულად ქცევაზე. სამწუხარო ის არის, რომ პურიდამ და ღვინიდამ ფულამდე დიდი და გასაჭირი მანძილია იმისათვის, ვისის ოფლითა და გარჯითაა მოპოებული იგი პური, იგი ღვინო. იგი ფულის პატრონიც, რომელსაც პური უჭირს საჭმელად და არა გასასყიდად, ამავე დიდს მანძილზეა შორს პურის პატრონზე.
ეს გარემოება, ეს ერთმანეთზე დაშორება ცალკე პურის პატრონისა, რომელსაც ფული უჭირს, და ცალკე ფულის პატრონისა, რომელსაც პური უჭირს, მიზეზია იმისი, რომ შუაკაცი სჩნდება და იგი ერთისაგან პურს ჰყიდულობს, რომ მეორეს მიჰყიდოს. ამ ყიდვა-გაყიდვაში იგი ერთსაც ახდევინებს გასამრჯელოს და მეორესაც.
კარგია, თუ ეს გასამრჯელო, ეს ფეხის ქირა, სინდისიანია. ხოლო, რადგანაც ბუნება ვაჭრობისა, აღებ-მიცემობისა იმაშია, რომ რაც შეიძლება ნაკლებ იყიდოს და მეტად გაჰყიდოს, ამიტომაც ბოლოს და ბოლოს ისე გამოდის ხოლმე, რომ გამრჯელს შრომის ფასი ძლივ ეძლევა და პურის მსურველს ნამეტანობით ერთმევა, და ამ სახით დიდი ლუკმა სხვის ნაშრომ-ნაამაგარისა ჰრჩება იმას, ვისაც ხელიც არ გაუნძრევია საშრომ-საამაგოდ და მარტო შუამავლობა გაუწევია. ეს ლუკმა იმოდენად მეტია ხოლმე, რამოდენადაც გაჭირებულია ფულისათვის ერთის მხრით გამრჯელი, და პურისათვის მეორეს მხრით პირდაპირი მხარჯველი.
ჩვენ, ქართველები, პურისა და ღვინის პატრონები ვართ, ესე იგი, პურისა და ღვინის გამსყიდველნი ერთის მხრით, და მეორეს მხრით მსყიდველნი ყოველ იმისა, რაც ერთობ საჭიროა საყოველდღეო ცხოვრებისათვის. როგორც გამსყიდველნიც ვზარალობთ, რომ უფულობა გვაიძულებს იაფად გავყიდოთ, და როგორც მსყიდველნიც, იმიტომ რომ სასყიდს ძვირად ვყიდულობთ, და იმოდენად ძვირად, რამოდენადაც სასყიდი საყოველდღეო ცხოვრებისათვის საჭიროა.
ამ სახით ვაჭრების ხელში იმ ყოფითა ვართ, რომ ერთს ტყავს ორგზით გვაძრობენ. ესეთი ყოფა ჩვენ ორგზით გვაკლებს და ჩვენს ვაჭრებს ორგზით ჰმატებს. ქართველობამ ამ ბოლოს ხანებში დააჯერა გული, რომ ამ ყოფით დგომა ცხოვრების მოედანზე შეუძლებელიღაა, რადგანაც მოასწავებს დედამიწის ზურგიდამ აგვას, თუ წამალი რამ არ დაიდვა და თუ ისე არ მოაწყო საქმე, რომ ამ გაჭირებიდამ თავი დაიხსნას.
ჩვენდა სასიამოვნოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამისთანა გაჭირებამ თვალი აუხილა ქართველობას თავის ყოფა-ცხოვრებაში ჩახედვისათვის. დღეს თვითვეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ აქამომდე მივიწყებულს ეკონომიურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის; რომ ეკონომიური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა და აქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ.
ეს კახეთის რკინისგზა, ეს ღვინის საქმე კახელებისა, ეს ხშირი ლაპარაკი ჩვენში, რომ კახელების ღვინის საქმის მაგვარ უნდა მოეწყოს ქართლის პურის საქმეცა და იმერეთის სიმინდისაო, ეს არა ნაკლებ ხშირი მითქმა-მოთქმა, რომ საადგილმამულო კრედიტის გარდა, სხვა მოკლევადიანის კრედიტის დაარსებაც საჭიროა ჩვენთვისაო, ეს სოფლის მეურნეობის წარმატებისათვის საერთო ფულის შედგენა გლეხობისაგან, და ფიქრი და ლაპარაკი თავად- აზნაურობაში, რომ ამისთანა რამ ამათაც შეადგინონ, — ყოველივე ეს ერთად და თვითვეულად ცალკე დღეს ყოველს, თუნდ ცოტაოდნად მიხვედრილს და გაგებულს ქართველს, ენაზე აკერია, ყველგან ამაებზე ჰლაპარაკობენ და ჰბჭობენ და ზოგნი კიდეც შესდგომიან სიტყვა საქმედ აქციონ. ყოველივე ეს იმის მომასწავებელია, რომ ქართველობა ახალ და სწორ გზაზე გამოდის სამოქმედოდ, და იმედია, რომ იგი ბოლოსაც გაატანს, რადგანაც სწორე გზის პოვნა და მასზე სვლა ნახევრად გამარჯვებაა.