ტფილისი, 7 იანვარი, 1893 წ.
ჩვენი ეკონომიური ძალ-ღონე ჯერ კიდევ სოფელია და სოფლური მეურნეობა. ჩვენებური ქალაქები ამ მხრით არავითარს შემწეობას არ აძლევენ ჩვენს ქვეყანასა, რადგანაც იგინი უფრო მჭამელნი არიან, ვიდრე მომცემნი რისამე. ჩვენს საქართველოში არც ერთი იმისთანა ქალაქი არ გვეგულება, რომ თითონ აკეთებდეს რასმე და ამდიდრებდეს ქვეყანას ან ფაბრიკის, ან ქარხანის რისამე ნაწარმოებითა. დიდი ქალაქები, როგორც, მაგალითებრ, ტფილისია და ქუთაისი, წარმოადგენს მარტო ბაზარს, საცა სოფლის ნაჭირნახულევი და ნაწარმოები საღდება, ისიც დიდის ვაი-ვაგლახითა და გაჭირებით, და საიდამაც შორიდამ, სხვა ქვეყნიდამ მოტანილი საქონელი, გადის ვაჭრობის შემწეობით სოფლად. პატარა ქალაქები ხომ მარტო ბუდეებად გადაქცეულნი არიან, სადაც თავი მოუყრია ათას წურბელას ვით ქვემძრომსა, საცა ბევრნაირი ჭია-ღუა ჰფუსფუსებს, რომ გამოსწოვონ და გამოღრღნან სოფელი. სხვა არა ემუნათება-რა სოფელს ჩვენებურ ქალაქებისაგან.
რადგანაც დღეს გამრჯელი, მწარმოებული და მომცემი ჩვენში მარტო სოფელია და მისი საეკონომიო მოქმედებაა ერთადერთი სახსარი ჩვენის ცხოვრებისა, თავის რჩენისა და გამოკვებისა, ამიტომაც ჩვენი სრული ყურადღება მარტო სოფელს უნდა თავს დასტრიალებდეს, მარტო სოფელს უნდა ეკუთვნოდეს, თუ სამუდამოდ არა, ჯერ ხანად მაინცა.
თუ ეს წინათ თქმული მართალია, და ამ მართალს მივიღებთ სახეში, მაშინ ცხადად დანახული იქნება ის გზაც, რომელსაც ჩვენ უნდა დავადგეთ ჩვენის განკარგებისათვის და ეკონომიურ შემძლეობის განვითარებისათვის. ამ გზაზედ დამდგარმა კაცმა, რომ თვალი დააკვირვოს ჩვენს სოფელს, დაინახავს, რომ ეკონომიურად გაძლიერებისათვის ჩვენს სოფელს ბუნებისაგან თითქმის არა აკლია-რა. ზომიერი ნელთბილი ჰავა, ნაყოფიერი და თითქმის ყველაფრის უხვად მომცემი მიწა, მომასწავებელნი არიან იმოდენა სიმდიდრისა, რამოდენადაც საჭიროა, რომ ერმა უტკივნელად თავი ირჩინოს და ყოველს სფეროში ღონივრად გაიწივ გამოიწიოს წარმატებისა და კეთილ მდგომარეობისათვის.
რასაკვირველია, იმისათვის, რომ მადლიანმა ჰავამ და ნოყიერმა მიწამ თავისი ჰქმნას, თავისი სიკეთე საკმაო სავსებით მოგვიტანოს, მარტო ერთი სახსარია: ეგ გაძლიერება იმ წარმოებისა, რომელსაც მიწათმოქმედება ჰქვიან, ანუ ერთიანი სახელი „სოფლური მეურნეობა“.
ხოლო ჭირი ეს არის, რომ ეგ სოფლური მეურნეობა საზოგადოდ და მიწათმოქმედება საკუთრად, ჩვენში ჯეროვანს სიმაღლეზე არა სდგას. ამას ბევრი მიზეზი აბრკოლებს, ზოგი სოციალური, ზოგი იურიდიული, ზოგი წმინდა ეკონომიური. პირველ ორგვარ მიზეზს ჩვენ აქ არ შევეხებით, რადგანაც შორს წაგვიყვანდა მათის ამბების მოთხრობა. ჩვენ გვსურს ორიოდე სიტყვა მარტო ეკონომიურ მიზეზებს მივმართოთ.
ამ მხრით რომ დავაკვირდეთ ჩვენებურ მიწათმოქმედებას, დავინახავთ, რომ ამას ჩვენში ორი დიდი ღონე აკლია: ერთი ცოდნა და მეორე სამუშაოდ გადადებული ქონება. ერთიცა და მეორეც იგი განძია, ურომლისოდაც არავითარი წარმოება საზოგადოდ და მიწათმოქმედება საკუთრად ფეხსაც წინ ვერ წასდგამს. ცოდნა და ქონება ერთად იგი თავნია, იგი ძირის- ფულია ერისა, რომელიც თუ არ მიეშველა მიწას, იგი მიწა, რაც გინდ ნაყოფიერი იყოს, წარმოადგენს ცხრა კლიტით დაკეტილს სალაროს სიმდიდრისას, უქმად დებულისას და ერისათვის დაკარგულისას.
მიწა გვაქვს, ხოლო ორივ ხსენებული განძი, ურომლისოდაც მიწა უქმია, უნდა ვიშოვოთ, უნდა მოვიხერხოთ. საცა მთელს ერზეა ლაპარაკი, იქ, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკედ, თვითეულად გარჯა და მეცადინეობა ბევრს არასფერს დააჩნევს მთელის ერის ცხოვრებასა, ბევრს არასფერს მოუმატებს იმ განძს, რომელიც ასე საჭიროა ჩვენთვის საერთოდ, საზოგადოდ. განცალკევებულ გარჯას და მხნეობას იქაც-კი, საცა ცოტად თუ ბევრად გახშირებულია, ბევრი არაფერი შეუმატნია ერისათვის საზოგადოდ და ჩვენში ხომ ამისი ჩამიჩუმიც არ ისმის. მაშასადამე, ამ კერძოდ გარჯასა და მხნეობაზედ ჩვენ არავითარი იმედი არ უნდა ვიქონიოთ, თუნდ იმიტომ რომ ამისათვის არც ერთს ჩვენგანს ცალკე ღონე არა აქვს, არც გონებრივი და არც ქონებრივი. აბა მიიხედ-მოიხედეთ, თუ თვითოეული ჩვენგანი მარტო დღიურ ლუკმის საშოვნელად არ აღამებდეს დღეს და სადღა აქვს დრო და მოცალეობა, გონება და ქონება, რომ ერის საერთო განკარგებას და გაძლიერებას მოახმაროს, შესწიროს.
ხოლო იქ, საცა თვითეული უღონოა, ღონიერნი არიან ყველანი ერთად. ერთიანი ხელის გამოღება, ერთიანი გარჯა, მხნეობა, თვითეულისაგან ერთად მოგროვილი ქონება, თუნდ ცოტ-ცოტაობით, იმოდენა წყაროს შეჰქმნის შეძლებისას, რომ ჩვენ არც ცოდნის მოპოვებაღა გაგვიჭირდება, არც იმგვარ სამოქმედო ქონებისა, რომელიც ცხრა-კლიტურ კარს მიწის სიმდიდრისას გაგვიღებს ჩვენდა წარსამატებლად და საკეთილდღეოდ.
ჩვენ ამას წინათ მოკლედ მოვიხსენიეთ, რომ ტფილისის გუბერნიის გლეხკაცობა, ჩვენდა სასიხარულოდ და სხვათა სამაგალითოდ, ამ შეერთების გზას დასდგომია. მას განუზრახავს და ბევრგან განზრახვაც განუხორციელებია, რომ პურის ერთმანერთში გაწერით საზოგადო ქონება გაიჩინონ და ეს ქონება თავის დროზედ მოახმარონ მიწების შესყიდვას, ადგილ- მამულების შეძენას, მიწათმოქმედების განკარგებას, სარწყავ წყლების გამოყვანას, სკოლების დაარსებას, კაი ჯიშის საქონლის მოშენებას და გამრავლებას, სამეურნეო მანქანების შეძენას და სხვა ყოველგვარ ღონისძიებას, რომელიც შორიდამ თუ ახლოდამ ხელს უწყობს სოფლური მეურნეობის წარმატებას. ამ წელიწად-ნახევარში ამ გზით აქაურმა გლეხკაცობამ ნახევარ მილიონზე მეტი შეძლება მოიგროვა ისე უტკივარად და შეუწუხებლად, რომ არც-კი არავის შეუმცნევია ეს ასეთი დიდმნიშვნელობიანი მოძრაობა გლეხკაცობისა.
რატომ ამ გზაზედვე არ უნდა დადგეს ქუთაისის გუბერნიის გლეხკაცობა? რატომ იქ არავინა ჰფიქრობს, რომ გლეხკაცობა შეაგულიანოს და ამისთანა საქმისათვის ხელი გამოაღებინოს. დარწმუნებული ვართ, რომ იქაური გლეხკაცობა სიხარულით მიეგებება ყოველს ამისთანა საქმის დაწყებას და მრჩეველს. რატომ ჩვენებური თავად-აზნაურობა არ ახილებს ამისთანა საქმისათვის თვალს? განა იმას-კი არ შეუძლიან ამ გზითვე საზოგადო ქონება გაიჩინოს და თავის უნუგეშო ცხოვრებას ამით სახსარი მისცეს, უნუგეშობისაგან გამოვიდეს. განა დიდი რამ არის, რომ თავად-აზნაურობამ გაიწეროს, თუნდ პურად, რამოდენიმე ნაწილი ყოველ წლით შესატანი საზოგადო ქონების დასაარსებლად და, როცა ამ გზით საკმაო ფული მოგროვდება, მოახმაროს თავის გაღონიერებას, გაძლიერებას ქონებით, თუ გონებით?
ეს თავად-აზნაურობისათვის მით უფრო ადვილად მოსახდენია, რომ მას თავისი საკუთარი საგუბერნიო მართველობა ჰყავს, რომელსაც შეადგენს გუბერნიის მარშალი და დეპუტატთა კრებული. გლეხკაცობას არავითარი დაწესებულება იურიდიული არა აქვს საგუბერნიო. ამიტომაც საგუბერნიოდ მოწყობა ამ საყურადღებო საქმისა გლეხკაცობისათვის ამ მხრით გაძნელებულია და უიმისოდ ვერ გადარჩება, თუ კანონმდებლობას არ მოსთხოვა, რომ ამ საგანს საგუბერნიო მართველობა და გამგეობა გაუჩინოს. თავად-აზნაურობას-კი ამისთანა დაბრკოლება არ დახვდება წინ, თუ მოიწადინა შეერთებულის ღონით და ქონებით თავის ბედის გასწორება, თავის-თავის გამოკეთება და გაძლიერება.
ვისურვებთ, რომ ამ საგანს ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ ჩვენმა მარშლებმა და ყოველმა ცალკე კაცმა, რომელსაც კი ჩვენის ქვეყნისათვის გული სტკივა. ამასაც დავუმატებთ, რომ ამისთანა საქმის დაწყება და გაძღოლა ძნელი არ არის. წესი და რიგი, როგორ უნდა დაეწყოს ეს საქმე, უკვე გამოძიებულია და შემუშავებული გლეხკაცობისათვის. ამ შემუშავებულს წესსა და რიგს მხოლოდ მცირეოდენი ცვლილება მოუნდება, თავად-აზნაურობის მდგომარეობის შესაფერად, და სხვა არაფერი. საჭიროა მხოლოდ კაცი გამოუჩნდეს ჩვენში, რომ ეს საქმე, ითავოს და განხორციელება ადვილია. დასასრულ, ამასაც დავუმატებთ, რომ ეს იმისთანა საქმეა, რომელიც საუკუნოდ სახსოვრად გახდის იმის სახელს, ვინც ამ საქმეს მესვეურობას და მეთაურობას გაუწევს. ესეც უნდა იცოდეს თავად-აზნაურობამ, რომ აქ მცირეოდენის გაწირვა და გაცემა დიდის სიკეთის მომავლინებელია ყველასათვის ერთად და სათითაოდ ცალკე, და ყოველი დაზოგვა და არ-გაცემა — დაკარგვაა.
სწორედ ამისთანა საქმეზე არის თქმული, რომ „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“.