1881 წელი, იანვარი
ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა შემოგვაჭყიტა თვალები თავის აკვნიდამა! მაშინ განათლების მოთავედ ახლად დანიშნული იყო ბ-ნი იანოვსკი და სამღვდელოების წინამძღვრად ყოვლად-უსამღვდელოესნი იოანნიკე. რა სიხარულით, რა იმედებით მოვეგებენით ამ დანიშვნასა ჩვენ „ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი“. მადლობა ღმერთსაო, ვიძახოდით გულში.
გვეგონა, რომ ბ-ნის ნევეროვის და ნეტარხსენებულ ექსარხოსის ევსევის სისტემები დაწუნებულ იქმნენ უმაღლეს მთავრობისაგანაო და ახალის სისტემისათვის ახალნი კაცნი მოიწვიესო. გვეგონა და გვიხაროდა, გვიხაროდა და გვეგონა! პირველ ხანებში ჩვენს ადრეულ სიხარულს თითქო საბუთებიც მოეცა. ბოლოს კი, - ვაი შენს მტერს! - ისევ შეჩვეული ჭირი გვანატვრინეს. გამოვიდა, რომ სისტემა იგივეა და მარტო ხერხია სხვა...
დიახ, ბატონებო! იმ ტკბილმა იმედებმა ჩაილულის წყალი დალიეს. ღმერთო გვიხსენ!..
რისაგან გიხსნასო, მკითხავთ თქვენ. იმისაგან რომ... ერიჰა, კინაღამ ღმერთი არ გამიწყრა და არ წამოვიყრანტალე პასუხი! სულ გადამავიწყდა, რომ ადამიანს სიტყვა აზრისათვის არა აქვს მინიჭებული, არამედ იმისათვის, რომ დიდმა სთქვას: „მე შენ გიბრძანებ და ხმა უნდა გაიკმინდო“, და პატარამ მიუგოს: „მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ენა მუცელში ჩამივარდა, ბრძანებისამებრ თქვენისა“.
ამ საგანზედ ლექსის ათასნაირად გამშვენიერების ნება აქვს თურმე ყოველს ქვეშევრდომს, ყოველს კეთილად განწყობილს ქვეყანაში და არავის არ ძალუძს აუკრძალოს. მაგალითებრ, შეიძლება თურმე დიდმა უთხრას პატარას: „მე შენ გიბრძანებ, მუხას ვაშლი ასხიამეთქი“ და პატარას ნება აქვს მიუგოს: „მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენმა მუხამ ვაშლი დაისხა, ბრძანებისამებრ თქვენისა“; და ამბობენ, — რომ ამის თქმას არავინ დაუშლისო.
ღმერთი-რჯული, ტყუილად ვემდურებით ცენზურასა... აი, ბატონებო, ყირიმში რაღაც ფილოქსერა გაჩენილა, ერთი თვალად უჩინარი პაწაწა მწერი. გარწმუნებთ, რომ ცენზურა ყოველთვის ნებას მოგცემთ იმათზედ თამამადა სწეროთ. იმათში თურმე არც ჩინებია, არც მუნდირები, მაშასადამე, იმათში უფლება არავის არ ექნება იწყინოს რამე. აზრი თურმე იმათ არა აქვთ და ფიქრი, მაშასადამე, არც მიზეზი გექნებათ ჩაებათ რაღაც იდეების უქმსა და მოუსვენარს ტრიალში.
ან რა საკადრისია დარბაისელ კაცისათვის იდეების ბარდებში გაბმა და ტრიალი! სხვა რომ არა იყოს-რა, იდეა ფრიად მაწყინარია კაცის აგებულებისათვის. ბატონო, რაკი კაცს მიესევიან ის რაღაც იდეებია, ზაფხულის ბუზსავით ჩამოეკიდებიან და მოსვენებას არ აძლევენ. ამას კიდევ ზედ მოსდევს კუჭის მოშლა, სტომაქი საჭმელს ვეღარ ინელებს და გულის ფრიალიც იცის. საღი კაცი ტყუილ-უბრალოდ სნეულდება. კეთილად განწყობილ ქვეყანაში განა ყველანი არ უნდა ცდილობდნენ, რომ სნეულების მიზეზნი წინასწარვე მოსპობილ იქმნას? მაშ ის ერთი მეცნიერება, რომელსაც ჰიგიენას ეძახიან, უქმი სიტყვაა? წყლის ნაყვაა? მაშ ტყუილ-უბრალოდ დაშვრა იმოდენა ჭკუიანი ხალხი მაგ მეცნიერების აგებისათვის?..
თუნდ ეგეც იქით იყოს, ახლა ერთი ეს ვიკითხოთ: იდეები რომ არ იყოს, განა ქვეყანაზე ცხოვრება არ შეიძლება? მაშ ამოდენა პირუტყვი როგორა სცხოვრობს? უფრო ჩვენზედ საღნი არიან, ჩვენზედ ჯანმრთელნი, ჩვენზედ ღონიერნი და დღეგრძელნი. აბა, კალია რა არის? ერთი უბრალო მწერი, ერთი რომ შევუბეროთ — ცხრა მთას იქით გადავარდება, მაგრამ შარშან მთელი ქვეყანა ფეხზედ დადგა, შეეჭიდა და ძლივსა სძლია. ერთის მხრით იდეების მექონი ადამიანები ვიყავით და მეორეს მხრით უიდეო პაწაწა კალია და კინაღამ გვაჯობა. ეს ცხადი მაგალითი არ არის განა, რომ საცა ეგ მოუსვენარი იდეა არ არის, იქ ღონეა და ძლიერება. მაშ რათ ვიუძლურებთ თავს იდეების ტარებითა? ეგ იციან ქვეყნის მკურნალთა და ამიტომაც თვალ-გაფაციცებით აქეთ- იქით იყურებიან, არსაიდამ შემოგვეპაროსო და ღონიერი უღონოდ არ გახადოსო.
თქვენ რაც გინდათ ბრძანეთ და ჩვენ კი ამ აზრისანი ვართ, - ქვეყნის ჯანმრთელობისათვის,გაძლიერებისათვის, ქვეყანაში მოარული იდეები სულ დედა-ბუდიანად უნდა ამოჰხოცოს კაცმა და წყალს მისცეს. ეს წვრილფეხობაა რაღაცა, დაუჟინია და ჰყვირის: იდეა იმისთანა რამ არისო, რომ ვერც ხმალი მოერევა, ვერც თოფიო. სტყუიან, თქვენმა მზემ! ერთი უბრალო მაკრატელი და იმის ჯანი!... ამისი მაგალითი თითონ ეს წერილი გახლავთ.