top of page

შინაური მიმოხილვა - 1883 თებერვალი

XXI


შორიდამ თითქო ვართ რანიმე. — მცირე ნუგეში. — ორი ნაკლი. — ჩვენი გულგრილობა. — საიდამ დაგვჩემდა. — უწინდელი ძალ-ღონე. — ახალი სენია. — ადვილი მისახვდომია. — ორ-პირი მაგალითი. — ჩვენი უღონობა. — რათ ვიქელებით. — წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. — მისი ყოფა. — გარეული და შინაური.


შორიდამ რომ შემოგვხედოს უცხო კაცმა და შენიშნოს, რომ ჩვენ თავად-აზნაურთა საზოგადოებაცა გვყავს ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც, ქართული დრამატიული საზოგადოებაც, საკუთარი საადგილ-მამულო ბანკებიც, გაზეთებიც და ჟურნალებიც, მწერალნიცა და მკითხველებიცა, - ყოველივე ეს რომ შენიშნოს, იფიქრებს, ამ საქართველოს ერს არა უჭირსაო, ცნობიერს ცხოვრებაში წილი ჩაუდვია, სიკეთის და განვითარების გზაზედ ფეხი მკვიდრად მოუკიდებიაო. რასაკვირველია, ცოდვა იქნება ვსთქვათ, რომ ყოველივე ესე მცირეოდენად მაინც სანუგეშოდ არ მიაჩნდეს იმას, ვისაც ჩვენის ერისა და ქვეყნისათვის გული შესტკივა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველს ამას საძირკველი და ნიადაგი რომ შინაურულად გავუსინჯოთ, დავრწმუნდებით, რომ რაღაც აკლიათ, არიან და აღარც არიან. ერთი უდიდესი ნაკლი იმისთანა თვისებისაა, რომ სხვაზედ არის დამოკიდებული და არა ჩვენზედ. ბევრიც რომ თავი კედელს ვახალოთ, ამას ჩვენგან საშველი არა აქვს რა, თუ საერთოდ ყველას არ ეშველება. მეორე უდიდესი ნაკლი კი ჩვენ ხელთ არის, ჩვენის მიზეზით არის, თუმცა იდუმალი კავშირი კი აქვს პირველ დიდ ნაკლთან. ეგ მეორე ნაკლი ჩვენი გულგრილობაა ყოველს მასზედ, რაც პირდაპირ ჩვენ არ შეგვეხება, რასაც კი საერთო, საყოველთაო ფერი ადევს.


საიდამ დაგვჩემდა ეს საუბედურო თვისება? რამ გადააჩვია ჩვენი ჭკუა, გონება, გული, საყოველთაო საქმეს? რამ დაგვიბა თვალი და ყური მარტო მასზედ, რასაც „ჩემობის“ ფერი ადევს და არა „ჩვენობისა“? ჩვენს ისტორიას რომ შევხედოთ, მაგის მიზეზს ვერ ვიპოვით. ერთს წუთს რომ ჩვენი თვალი და ყური მარტო „ჩემობაზედ“ გაჩერებულიყო და „ჩვენობა“ დავიწყებას მისცემოდა, მაშინვე სულს გავაფრთხობდით და ჩვენი ერი მტვერსავით აიგვებოდა დედამიწის ზურგიდამ. ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენი ეროვნული სიმტკიცე და დაურღვევლობა მარტო იმაში იყო, რომ ყოველს ჩვენგანს ჯერ „ჩვენ“ ჰქონდა სახეში და მერე „მე“. უამისოდ, აკი ვამბობთ, ჩვენი ცხოვრება ერთს წუთსავე მოისპობოდა. ეს კარგად იცოდნენ ჩვენთა წინაპართა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი „ჩვენ“ წამოდგებოდა ხოლმე, მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს „მეს“ უკან დააყენებდა.


ამით უფროა საკვირველი, საიდამ შემოგვეპარა, საიდამ შემოგვეჩვია და როგორ დაიჭირა დღეს უგემურმა „მე“-მ იმის ადგილი, საცა ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო „ჩვენ“ ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ? რამ წაგვახდინა ესე? ეგ სენი ახალი სენია და საიდამ არის მოსული, ვისგან დანერგილია - ეგ ადვილი მისახვდომია: იმისგან, ვისაც უძლური „მე“ უფრო უხდება, ვიდრე ძლიერი და ძალ-გულოვანი „ჩვენ“.


ასეა თუ არა, ჩვენ კი, როგორც მემატიანე ჩვენის შინაურის ცხოვრებისა, შევნიშნავთ, რომ დღეს ყოველს ჩვენს საზოგადო საქმეს ხელს უცრის, სწყლავს, ათახსირებს, გზა-კვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა, ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ: თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო.


თუ ზემოხსენებულნი საზოგადოებანი იმით სანუგეშონი არიან, რომ მაგალითს წარმოგვიდგენენ, რომელშიაც ცხოვლად ჩანს ჩვენის ერის სურვილი ხელახლად „ჩვენობას“ ფეხი აადგმევინოს და კუთვნილი ადგილი მოუპოვოს ჩვენს ცხოვრებაში, იმის ნიმუშიც არიან, თუ რამოდენად ძლიერია დღეს ჩვენში თვითეულობა, განცალკევება, განზედ დგომა და საკუთარი „მე“.


თვითოეული ის საზოგადოება, თუ გაზეთი, თუ ჟურნალი, ორიოდე კაცის მხნეობით, ხარჯით, ოფლით და ღვაწლით თუ სულდგმულობენ, თორემ სხვა შემწე და მშველელი არსაიდამ ჰყავთ. ყველა სხვა გულაყრილია, თითქო ამ ერისა, ამ ქვეყნისა არ იყოს. ეს ამბავი იმოდენად უღონოდა ხდის ყოველს ჩვენს საზოგადო დაწყობილებას, რომ დიდი და პატარა ჩვენს საზოგადო საქმეს ჰქელავს დაუსჯელად, და იმიტომა ჰქელავს, - რომ ქომაგად და მოსარჩლედ მარტო ორიოდე კაცია და არა მთელი ერი, მთელი საზოგადოება ერთად. ხმის ამომღები არავინ არის.


აი, თუნდა ავიღოთ მაგალითად „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. დამტკიცებული წესდება აქვს, მთავრობისაგან მინიჭებული აქვს ზოგიერთი უფლება, მაგალითებრ - იქონიოს თავისი სკოლები, იმ სკოლებში მთელი სწავლება მოაწყოს დედა- ენის შემწეობით, მინიჭებული აქვს უფლება მიიღოს თავის განკარგულების ქვეშ სოფლის სკოლები, რომელსაც თითონ სოფლის საზოგადოება თავისის ყრილობის განაჩენით მას მიანდობს. ყოველივე ეს უფლება მინიჭებული აქვს უმაღლესის მთავრობისაგან და,წარმოიდგინეთ, ერთი სკოლა კანონის ნებადართვით დღეისამდე არსად არ გაუმართავს, ბათომის გარდა. ეს სამწუხარო ამბავი განა იმ მიზეზით არის, რომ თითონ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ზარმაცობდეს, არამედ იმ მიზეზით, რომ მთელის ორის და სამის წლობით დადის სკოლის გახსნის თაობაზედ წარდგენილი ქაღალდი ერთის სამწერლოდამ მეორეში და ამ სიარულს ბოლო არა აქვს.


ჯერ აქამომდე ბ-ნი გუბერნატორი საზოგადოებისაგან წარდგენილს სოფლის განაჩენს სკოლის გამართვის თაობაზედ ამტკიცებდა. ორი ამისთანა განაჩენი უკვე დამტკიცდა. მაგრამ რა? ახლა სხვა მხრივ გამოუჩნდა საზოგადოებას დაბრკოლება და არც ერთი სკოლა, იმ განაჩენებში მოხსენებული, დღესაც კანონიერად ნებადართული არ არის, თუმცა ერთი მათგანი კი არსებობს. ამაზედ გამართულს მიწერ-მოწერას ბოლო არ მოეღო და მოეღება შემდეგშიაც თუ არა, ეგეც არ ვიცით. ამ დაგვიანებას კიდევ, როგორც იქნება, გავუძლებდით, იმიტომ, პირველი, რომ ჩვეულნი ვართ და მეორე იმიტომ - რომ ვიცით, ჯერ სამწერლოებში რკინის გზები არ არის დამართული ფეხ-აჩქარებით სიარულისათვის. ჭირი ეს არის, რომ ბ- ნი გუბერნატორი უწინდელებ აღარ ამტკიცებს სოფლის ყრილობის განაჩენებს, ვიდრე წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სხვა გზით ნებართვას არ აიღებსო სკოლის გამართვის თაობაზედაო. მაგრამ ამ გზის გავლა საზოგადოებას გაუძნელდა და დღეს ჩვენის წერა-კითხვის საზოგადოების საქმე ამ სანატრელს და ბედნიერს ყოფაშია სკოლების გამართვის შესახებ. ვინ არის პატრონი? ვინ არის ხმის ამომღები?


ამბობენ, თ. დონდუკოვს ელიანო, რომ ეს ამბავი დაწვრილებით აცნობონო, და იმედს ნუ დავკარგავთ, რომ მაშინ მაინც იქნება ეშველოს ჩვენის საზოგადოების საქმეს.


ყოველი ეს დიაღ საგულისხმოა და თუმცა სატკენია, მაგრამ საწყენი კი არ არის. რა ვუყოთ? ჩვენმა ბედმა ეგრე გასჭრა. ამ შემთხვევაში ერთი ზღაპარი მოგვაგონდა დედინაცვალზედ. მაგრამ მეტად გრძელია და იმის ამბავი შორს წავა.

Recent Posts

See All

შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

bottom of page