XVIII
ბ-ნ მეისნერის პროექტი შესახებ ღვინის აღებ-მიცემობის, ღვინის კეთებისა და არაყის ხდისა ამიერ-კავკასიაში. - განკარგულება ამის თაობაზედ მთავარმმართებლისა. - სამეურნეო საზოგადოება და მისი მოქმედება ამ პროექტის შესახებ. - ცალკე კამისია. - აზრი, წარმოთქმული კამისიაში. - ცალკე აზრი თ. გ. ზ. ანდრონიკაშვილისა. - დასკვნა კამისიისა. - დასკვნა სამეურნეო საზოგადოების საერთო კრებისა. - ცალკე აზრი თ. ი. შალიკაშვილისა, ბ- ნთ იოსელიანისა და ელიოზოვისა. - განხილვა ამ ცალკე აზრებისა და ბაასი მათ გამო სამეურნეო საზოგადოების კრებაში.
ჩვენი საზოგადოება ამ ბოლოს დროს მეტად შეაფუცხუნა ერთმა ამბავმა, რომელიც დღეს ყველას სიტყვის მასალად გაუხდია და საცა კი მიხვალთ, ყველგან მაგ ამბავზედ არის ერთი გაცხარებული ლაპარაკი და ბაასი; ზოგი ჰოს იძახის, ზოგი არას, ერთნაირის სიცხარითა და რიხითა. ესეთი გაცხარება, ესეთი აპილპილება ცხადი ნიშანია, რომ თითონ ეს ამბავი მეტად გულს მოხვედრია ჩვენს საზოგადოებას და მისი საგანი მეტად ძლიერ შეჰხებია ჩვენს არსებითს ყოფა-ცხოვრებასა. ამიტომაც ჩვენ, როგორც მემატიანე და თვალმადევნებელი ჩვენის შინაურის ცხოვრებისა, მოვალენი ვართ ეს ამბავი ვაცნობოთ თავიდამ ბოლომდე ჩვენს მკითხველებს.
ეს ამბავი გახლავთ ბ-ნ მეისნერის ორი პროექტი, რომელიც წარუდგენია მთავარმმართებელთან და მთავარმმართებელს კიდევ გარდაუცია აქაურ სამეურნეო საზოგადოებისათვის გასაშინჯავად იმ მხრით თუ, - სასარგებლოა ამიერ-კავკასიისათვის წინადადება ბ-ნ მეისნერისა, თუ არა. ბ-ნს მეისნერს მოუწადინებია დააარსოს ჩვენში ორი საზოგადოება: ერთი ამიერ-კავკასიის ღვინის კეთებისა, ღვინის ვაჭრობისა და არაყის ხდისა, და მეორე - ბაღეულობისა და ბოსტნეულობის კეთებისა. ორივე საზოგადოების საფუძვლად დაუდვია აქციონერობა. ბ-ნს მეისნერს შეუდგენია ამ საფუძველზედ ორი წესდება და თანაც დაურთავს წერილები, რომლითაც იგი ცდილობს ერთის მხრით დააჯეროს აქციონერები, რომ დიდი მოგება გექნებათო, და მეორეს მხრით - ვენახებისა და ბაღების თუ ბოსტნების პატრონები, რომ თქვენს საქონელს დიდი ფასი, ფართო ბაზარი გაეხსნებაო და კაი ვაჭარი ეყოლებაო.
ეს ორივ პროექტი, თავისის წერილებით, გადაეცა აქაურს სამეურნეო საზოგადოებას იმ აზრით, რომ ამ საზოგადოებამ, როგორც ამ საქმეების მეცნიერმა თვალყურის მადევნებელმა ამიერ-კავკასიაში, სთქვას: მოუხდება ამიერ-კავკასიას ეს პროექტები, თუ არა. დიდი მნიშვნელობა ამ საქმისა ჩვენთვის, - ვალად გვდებს წარმოვუდგინოთ ჩვენს მკითხველებს ამ საქმის ვითარება იმ სივრცით და დაწვრილებით, რომ მკითხველს ცხადად გამოხატული ჰქონდეს არსება და ღირსება იმ აზრებისა, რომლებიც წინ წაიმძღვარა აქაურმა სამეურნეო
საზოგადოებამ თავისის აზრის დასასკვნელად. საზოგადოებამ საჭიროდ დაინახა ამოირჩიოს ცალკე კამისია და იმას მიანდოს ვრცლად გასინჯვა ამ ორის პროექტისა, რადგანაც ერთიცა და მეორეც ქვეყნისათვის მეტად მძიმე საგანს შეეხებაო. კამისიაში ამორჩეულ იქმნენ, როგორც კარგად მცნობნი ამ საგნისა: თ. რ. დ. ერისთავი, თ. ალ. ზ. ჩოლოყაშვილი, თ. გ. ზ. ანდრონიკაშვილი, პ. ს. გამბაროვი, ს. ი. მონასტირცევი და ი. ს. ხატისოვი.
კამისია ამბობს სხვათა შორის: „შევუდექით რა ღვინის კეთების, არაყის ხდის და ღვინის ვაჭრობის ამხანაგობის წესდების გასინჯვასაო, გადავწყვიტეთო, რომ იგი წესდება უნდა გაისინჯოსო იმის მიხედვით, თუ რამოდენად სასარგებლოა თუ საზიანო ამიერ- კავკასიისათვის ამ წესდებაში გამოცხადებული წინადადება ბ-ნ მეისნერისა, ხოლო რამოდენად კარგია თუ ცუდი ეგ წესდება თითონ აქციონერებისათვის - ეგ ჩვენი საქმე არ არისო, ამიტომაც ამ უკანასკნელის მხრით წესდების გარჩევას დაწვრილებით არ შევუდგებითო“.
ამიტომაც კამისიას დაუდგენია: ავი და კარგი პროექტში მოხსენებულ აქციონერების საზოგადოებისა, რომელსაც ორ-მილიონ-ნახევარი თავნი ექნება, - განსაზღვროს ეხლანდელის ღვინის კეთებისა და ღვინის ვაჭრობის შესახებ ამიერ-კავკასიაში.
ბ-ნ ალ. ზ. ჩოლოყაშვილს ამ საგანზედ უთქვამს, რომ თუმცა აქაური მრავალ-გვარი ყურძენი ძლიერ კარგი არის, მაგრამ ღვინის კეთება და ნამეტნავად შენახვა, უცოდინარობით და უფულობით, არ ვიცითო; ამ მიზეზით ჩვენი ღვინოები დიდხანს ვერ ინახებაო და ეს გვაიძულებსო ჩვენცა - ვინც ღვინოს ვაყენებთ, და ღვინის ვაჭარსაც ღვინის მალე გასაღებასაო. გლეხკაცობაო, თავიდამ-ფეხამდე გაბლანდული ვალებში, ყურს არ უგდებს ღვინის სიკეთესაო, ცდილობსო ბევრი მოიყვანოსო, ვაჭარი კი მარტო იმას ყიდულობსო, რაც კარგია და დიდხანს შეინახებაო. ამ ყოფაში ორ-მილიონ-ნახევარი ფული რომ მოაშველონო ჩვენს ქვეყანას, მერე იეფი ფულიო, და ამასთანაც ღვინის კეთების მცოდნენიცაო, ძალიან მოუხდება ღვინის მომყვანსა და თითონ ღვინის სიკეთეც ისე აიწევსო, რომ დიდის ქალაქების ბაზარში გასავალი ექნებაო.
თ. რ. დ. ერისთავს უპასუხნია, რომ მე ამ საქმეში მარტო ერთი შიში მაწუხებსო, ვაი თუ ამ აქციონერების საზოგადოებამ ეს წვრილი ვაჭრები ღვინისა შემოგვიფრთხოსო და მარტომ დაინარჩუნოს ბურთი და მოედანიო. მაშინ ჩვენ, ღვინის პატრონები, ხომ იმ საზოგადოების ნებაზედ დავრჩებით, რასაც შემოგვაძლევს ღვინოში - იმას უნდა დავჯერდეთო. ეს შიში რომ არ იყოს, მაგ საზოგადოების დაარსებაზედ ჩვენში არა გვეთქმის რაო. თუ ეს შიში არ გაგვიმართლდება და ჩვენში სხვა მაგისთანა საზოგადოებანიც დაარსდებიან, უეჭველია სასარგებლო იქნებაო ჯერ იმით, რომ ფული შემოვაო, მერე იმითი, რომ ცოდნა მოგვემატება და ამით ვენახებიც გამრავლდება და ვენახისა და ღვინის კეთებაც გაძლიერდებაო.
თ. ზ. ალ. ჯორჯაძეს უთქვამს, რომ რომელიმე წარმოების აღყვავებისათვის საჭიროა, რომ ნაწარმოებს ბაზარი ჰქონდეს, მუშტარი ჰყვანდეს, ესე იგი საჭიროა ნაწარმოების ვაჭრობა იყოს გამართულიო. ღვინის წარმოებასაც ღვინის ვაჭრობა უნდაო. სიმდიდრე ქვეყნისა - ის ნაწილი წარმოებისა კი არ არის, რასაც თითონ სჭამსო, არამედ ის ნამეტურია წარმოებისა, რომელიც გააქვს გასასყიდადაო. ამიტომაც ჩვენი ღვინის მომყვანნი გაღატაკებულნი არიან, თუმცა თვალად კი მდიდარის წარმოების პატრონები არიანო. რომელიმე საქონლის აღებ- მიცემობისათვის ყველაზედ უწინარეს ის არის საჭირო, რომ ერთ და იმავე ფასად ერთისავე და იმავე ღირსების საქონელი ვიყიდოო. როგორც ევროპაში, ისე ჩვენშიაც, საცა კი ვენახებია, სხვადასხვა-გვარი ღვინო დგებაო. თუმცა ეგ ღვინოები ბაზარში გადის აქაურ ვაჭრების შემწეობითა, მაგრამ იმ სახით და ღირსებით გადის, როგორათაც თითონ იმ ადგილას იყო,საიდამაც წამოღებულიაო. ამის გამო ღვინის მსმელი იძულებულია დღეს ერთის ადგილის ანუ სოფლის ღვინო იყიდოსო, ხვალ მეორისაო, და ამ სახით ყოველ-დღე სხვადასხვა ღვინო სვასო ერთ და იმავე ფასადაო. ეს გარემოება არღვევს ერთს უმთავრესს საფუძველს ვაჭრობისასა, სახელდობრ, ერთგვარობას საქონლისას ხელს უცრისო. მაშასადამე, ჩვენს ქვეყანაში ღვინის აღებ-მიცემობა არ არსებობსო, ამიტომაც ამ წარმოების აღყვავებაზედ ლაპარაკი ტყუილი ნატვრა იქნებაო. თუ რაც ღვინო მოდის ჩვენში, სულ ჩვენშივე ისმისო, ეგ იმიტომ კი არა, რომ ღვინის აღებ-მიცემობა გაძლიერებულია, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენში აღებ-მიცემობა არ არის და ამ მიზეზით იმოდენა ღვინო მოგვყავს, რამოდენიც მარტო ჩვენთვის არის საკმარისი და იმ ხელმოკლე ბაზრისათვის, როგორიც ჩვენი ტფილისიაო. ყველასათვის ცხადია, რომ ღვინის აღებ- მიცემობის შექმნისათვის საჭიროა სხვადასხვა-გვარის ღვინის მოგროვება ერთს ადგილს, რომ ერთი-ერთმანეთში გადარევით თითო-გვარი ღვინო გაკეთდეს და ამ სახით ბაზარში მუდამ ერთ-გვარი საქონელი გამოდიოდეს. ცხადია, რომ ღვინის მომყვანისათვის ეს საქმე შეუძლებელია, — ეს ღვინის ვაჭრის საქმეა. უფრო ცხადი ის არის, რომ ამ საქმეს მეტად დიდი თანხა უნდა. მართლადაც, საფრანგეთმა, რომელიც ამ მხრით ისე მდიდარია, რომ თავისის ღვინის ვაჭრობით მთელის ქვეყნიერობის ბაზარი ხელთ იგდო, ღვინის კეთება და აღებ- მიცემობა შეაჯგუფა იმისთანა ადგილებში, როგორც სეტტი, ბორდო, მარსელი და სხვანი, საცა ორ-მილიონ-ნახევრისა კი არა, ათისა და ასის მილიონების ღვინო უწყვიათ სარდაფებში და ჭურჭელში, რომელნიც თავისდა-რიგად მილიონებად ღირან. ეხლა ვკითხავ მათ, ვინც ამბობს, რომ დიდის თანხის შემოტანა მონოპოლიას შეჰქმნისო ჩვენში და წვრილს წარმოებას გააუქმებსო: რას ჰკარგვენ მწარმოებელნი საფრანგეთისანი იმ მიზეზით, რომ ღვინის აღებ-მიცემობა შეჯგუფდა მარტო მარსელსა, ბორდოში და ზოგ სხვა ადგილებში? განა საფრანგეთი ეგრე გააძლიერებდა ღვინის წარმოებას, რომ ეგ ადგილები არ ყოფილიყო და იმოდენა თავნი (კაპიტალი) არა ჰქონოდა? განა შეიძლება ოდესმე გაძლიერდეს ჩვენში ეგ წარმოება და ჩვენი ქვეყანა გამდიდრდეს, თუ თავნი (კაპიტალი) არ ექნება?
დიდის ფულის დატრიალება ჩვენში, უთქვამს შემდეგ ბ-ნ ზ. ჯორჯაძეს, იმითაც იქნება სასარგებლო, რომ დიდი ფული ვერასა იქს, თუ ღვინის კეთების საქმე რიგიანს გზაზედ არ დააყენაო. რაკი ღვინის კეთების საქმე რიგიანს გზაზედ დადგება, ამისი შედეგი ის იქნებაო, რომ აღმოიფხვრება ცრუ-რწმენა ჩვენშიო, ვითომც ჩვენი ღვინოები დიდხანს ვერა სძლებენო. ბოლოს ბ-ნს ჯორჯაძეს დაუსკვნია: განკარგება ღვინის კეთების საქმისა და გავრცელება ჩვენის ღვინის აღებ-მიცემობისა შეუძლიან მარტო ცოდნას და თავნსაო (კაპიტალი) და
ამიტომაც დაფუძნება ჩვენში აქციონერების საზოგადოებისა, რომელსაც დიდი ფული ექნება, მეტად სასარგებლოდ უნდა იყოს აღიარებული ჩვენის ქვეყნისათვისაო.
ბ-ნ გამბაროვის აზრით, ჩვენს აღებ-მიცემობას ღვინისას ამ ბოლოს ხანებში ფეხი წინ წაუდგამს. რამდენიმე ფირმა დაარსდა, რომელსაც ღვინის აღებ-მიცემობა წესიერს საფუძველზედ დაუყენებიაო. მართალიაო, მაგ ფირმებს, შეუძლებლობის გამო, ჯერ დიდი აღებ-მიცემობა ვერ მოუხერხებიათო, მაგრამ უცბად მოვლენილი ზორბა ფირმა აქციონერების საზოგადოებისა ორ-მილიონ-ნახევრით ეხლანდელ ფირმებს ჩაშლისო, რადგანაც კონკურენციას, ესე იგი, ცილებას, ადგილი აღარ ექნებაო. ამ სახით, ეგ ზორბა ფირმა აქციონერების საზოგადოებისა გზას გადუღობავს ჩვენს ახლად ფეხ-ადგმულს ღვინის აღებ- მიცემობასაო და მის ბუნებრივს და თანდათანად ზრდას შეაყენებსო. ამ მხრით, აქციონერების საზოგადოება იმ-სიდიდე ფულით რაოდენსამე ვნებას მოგვიტანსო. რომ ეს ასე არ მოხდესო, მე მგონია, კარგი იქნება, მაგ საზოგადოებამ თავისი საქმე დაიწყოს ნაკლებ ფულითაო.
ბ-ნს მონასტირცევს უთქვამს, რომ დაარსება მაგისთანა აქციონერების საზოგადოებისა სრულებითაც საშიში არ არის ღვინის წარმოებისათვის ამიერ-კავკასიაში, პირიქით, ძალიან სასარგებლოა ჯერ იმითი, რომ ორ-მილიონ-ნახევარ ფულს მოგვიტანს და ფული ძალიან გვიჭირს, მერმე იმით, რომ იმისთანა რთულ და აზიზს საქმეში, როგორიც ღვინის კეთების საქმეა, გაავრცელებს ცოდნასა და სწავლასაო. აქაურს ვაჭრებს ღვინისას ფიქრი ნურასი აქვსო, აქციონერების საზოგადოება იმოდენა ბაზარს შეჰქმნისო, რომ საქმე ყველასათვის საკმაო იქნებაო.
ბ-ნ ხატისოვს უთქვამს, რომ თ. რ. ერისთავის შიში, ვითომც მარტო ერთი ეგ საზოგადოება ხელთ იგდებს მთელს ჩვენს აღებ-მიცემობას ღვინისას და ამ-რიგად ავნებს აქაურს ვაჭრობას და თითონ ღვინის პატრონებსაცა, უსაფუძვლოაო. ამ ათის წლის წინათ ამიერ-კავკასიის ღვინოები მარტო აქვე საღდებოდაო, იყიდებოდა უფრო იეფად, ვიდრე ეხლაო, და მთელი აღებ-მიცემობა წვრილმან სირაჯების ხელში იყოო. ქალაქში მარტო კახური ღვინო ისმოდა, სხვა მხრის ღვინო თავის ადგილასვე იხარჯებოდაო. ეხლა ყოველივე ეს შეიცვალა. არამც თუ მარტო ჩვენს ქალაქში, სხვა დიდ ქალაქებშიაც რუსეთის იმპერიისაში იყიდება ყოველი გვარი ჩვენის ღვინისაო. იეფის ფასის ღვინოსთან, ძვირფასი ღვინოებიც გამოჩნდა, ბოთლი მანეთიანი, მანეთ-ნახევრიანი და ორ-მანეთიანიცაო, მაშინ როდესაც უწინ ორი აბაზი და ათი შაური ბოთლზედ დიდ ფასად ითვლებოდაო. გამოჩნდნენ სხვილ-სხვილი ვაჭრებიცა, რომელნიც ადგილზედვე ჰყიდულობენ ღვინოებსაო. თუმცა ეს ასეა, მაგრამ ამით წვრილი ვაჭრები, სირაჯები, არ შემცირებულან, პირიქით, გამრავლდნენ კიდეცა, როგორც თითონ თ. რ. ერისთავის სიტყვიდამ სჩანსო, და თითონ ღვინის პატრონებიც ადგილობრივვე ჰყიდიან თავიანთ ღვინოებსა ეხლა უფრო ძვირად, ვიდრე უწინაო. ამიტომაც, არავითარი საბუთი არა გვაქვსო, საშიში რამ ვიგულისხმოთ ან სირაჯების, ან თითონ ღვინის პატრონების შესახებო სამერმისოდ. ეჭვი არ არის, ამ უკანასკნელ ათს წელიწადში გაძლიერდა ღვინის მუშტარი,რადგანაც სხვა ახალი ბაზრები გაიხსნა, და ამ გაძლიერებამ ვენახები გაამრავლა ჩვენშიო, თუ კახეთში არა, სხვა მხარეებში მაინც ამიერ-კავკასიაშიო. სხვილის ვაჭრების გამოჩენამ ჩვენში
მარტო ისა ჰქმნა, რომ სირაჯებმა, თავის ჯიბის მიხედვით, დაუწყეს ყიდვა იეფ-ფასიან ღვინოებსა, რომელიც უწინ თავის ადგილიდამ არ გამოდიოდაო. თუ აქციონერების საზოგადოება შესძლებს იმოდენად განაკარგოს ჩვენი ღვინოები, რომ რუსის საზოგადოებას ხელი ააღებინოს ევროპის ღვინოებზედ და ჩვენსას შეაჩვიოს, თქმა არ უნდა, ჩვენს ღვინოებს დიდი მუშტარი გაუჩნდება. ეს ამბავი პირველ ხანებში ღვინის ფასს ასწევს, მაგრამ იმასაც კი იქმსო, რომ ვენახებს გაამრავლებსო. მინამ ეს ასე მოხდება, უეჭველია აქ ჩვენში ღვინის სმა შემცირდება, ნამეტნავად მუშა ხალხშიო, და ამ შემცირებისაგან დიდი ზიანი მცხოვრებლებს, რასაკვირველია, არ მიეცემათო.
თუმცა ყოველივე ეს ითქვა, მაგრამ მთელი კამისია ერთხმად იმ აზრზედ დამდგარა, რომ უცბად მოვლენა ამოდენა ფულიან საზოგადოებისა, როგორც აქციონერების საზოგადოებაა, არამც თუ ხელს შეუშლის ვაჭრობის მიმოსვლას ეხლანდელის ფირმებისას, არამედ სამერმისოდაც გზას გადუჭრის ახალის ფირმების დაარსებასაო.
ამიტომაც კამისიას დაუდგენია: ამიერ-კავკასიის ღვინის კეთებისა და აღებ-მიცემობისათვის დაარსება აქციონერების საზოგადოებისა ცნობილ იქმნას სასარგებლოდ, — იმ პირობით კი, რომ მაგ საზოგადოებამ დაიწყოს თავისი საქმე უფრო ნაკლების თავნითა და მერე თანდათან უმატოს.
ამ გადაწყვეტილობაზედ ყველანი ერთხმად თანახმანი გამხდარან კამისიაში.
ჩვენ ესე ვრცლად და დაწვრილებით მოვიხსენიეთ ბ-ნ მეისნერის პროექტის ვითარება ღვინის შესახებ, და სრულიად უყურადღებოდ ვტოვებთ მის მეორე პროექტს - შესახებ ბაღეულობის და ბოსტნეულობისა, ჯერ იმიტომ - რომ საზოგადოების ყურადღება მიზიდულია პირველს პროექტზედ და თუ ეხლა ჩვენში დიდი და გაცხარებული კამათობაა - მარტო ამ პირველის პროექტის გამოა, და მერმე იმიტომ - რომ მართლა ამ პროექტსა აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის, რადგანაც იმისთანა წარმოებას ეხება და იმისთანა წყაროს ჩვენის სიმდიდრისას, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვიპყრია და რომელსაც დღემდე მოცილე არ გამოსჩენია.
თ. გ. ზ. ანდრონიკაშვილს წარუდგენია კამისიაში ცალკე აზრი წერილითა. ამ წერილში თ. ანდრონიკაშვილი ამბობს, მეც დიდი მსურველი ვარო, რომ ამიერ-კავკასიაში კარგად გაეწყოს საქმე ღვინის კეთებისა და აღებ-მიცემობისა. ამასაც ვიტყვიო, რომ ჯერ კიდევ 1862 წ. მე თითონ ვცდილობდი მაგ საქმისათვის და მთავრობასაც წარვუდგინე ჩემი წინადადება მაგ საქმეზედაო. საქმე იმაშია, როგორ და რა გზით შესაძლოა განკარგება ღვინის კეთებისა ჩვენში? ამ მხრით რომ შევუდგეთ განხილვას ბ-ნ მეისნერის პროექტისას, ვნახავთ, რომ თუმცა პროექტს ძალიან ვრცლად მოუხაზავს მოედანი მოქმედებისა, ასე რომ სახეში აქვს ღვინის კეთებაც, ღვინის აღებ-მიცემობაც და არაყის ხდაცა, მაგრამ განსაკუთრებითი სურვილი კი მარტო ღვინის აღებ-მიცემობაა. ეს იმით მტკიცდება, რომ პროექტთან ერთად წარმოდგენილი ნუსხა სულ იმაზეა მიმართული, რომ მთელმა თავნმა საზოგადოებისამ აღებ-მიცემობაში იტრიალოს ყოველ-წლივ. მაშასადამე, ღვინის განკარგებაზე ტყუილი დაპირებაა. რასაკვირველია, მარტო ერთი გაფართოება ღვინის აღებ-მიცემობის მოედნისა მემამულეთათვის სანატრელია და სასარგებლოც, რადგანაც, შუათანა მოსავალშიაც რომ ავიღოთ, ჩვენი ღვინოები ვერა საღდება და უქმად იხარჯება, მაგრამ აქაც მემამულეთა დიდი სიფრთხილე ჰმართებთ; ამ მხრით საფრთხილო აი რა არის ბ-ნ მეისნერის პროექტში. აქციონერებს რომ დიდი მოგება დაანახვოს, ბ-ნ მეისნერს შემოსავალში მოჰყავს უჯერო ციფრები. მაგალითებრ: 626,000 ვედროს ყიდულობს ყოველ-წლივ, და ჰყიდის, არ ვიცი კი რა სასწაულით, 646,000 ვედროს. მეორეს მხრით, რომ მთავრობას მონოპოლიის შიში მოუკლას, ბ- ნის მეისნერის პროექტი გვპირდება, ეგ ორ-მილიონ-ნახევარი მთელს ამიერ-კავკასიაში განაწილდებაო ასე, რომ თვითოეულს ადგილს იმოდენა ფული შეხვდებაო, რომ სხვა ვაჭარსაც გზა ჰქონდესო. არა მგონია აქციონერების საზოგადოება აგრე მოიქცეს, ამბობს თ. გ. ანდრონიკაშვილი: იმიტომ რომ ეგრეთი განაწილება ფულისა და მოქმედებისა ძალიან ძვირად დაუჯდებათო. უფრო დასაჯერია, რომ საზოგადოება ეცდება ეგ მეტი ხარჯი აიცდინოსო და თავისი აღებ-მიცემობა ერთს რომელსამე ადგილს მიჰმართოს განსაკუთრებითაო. მაშინ კამპანია ორ-მილიონ-ნახევრიანი ხელთ იგდებს მთელს იქაურს ვაჭრობას ღვინისასა და შეჰქმნის მონოპოლიას, მავნებელს როგორც ღვინის ვაჭართათვის, ისეც სოფლის მეურნეთათვის, რომელნიც მაგ კამპანიის სრულს ნებაზედ უნდა დარჩნენო. ნუსხაში მოხსენებულია, ვედროს (სამს თუნგს, ანუ უკეთ ვსთქვათ, თექვსმეტს ბოთლს) ხუთ მანეთად გავყიდითო. რომ მაგ ფასად ღვინო ჰყიდოს კამპანიამ, იმ უზარმაზარ ხარჯთან, რომელიც ნუსხაშია ნაჩვენები, - აშკარაა, ღვინო ძალიან იაფად უნდა იყიდოს და იქამდის დააფოლოს, რომ ღვინის პატრონს არავითარი მოგება აღარა ჰქონდეს. რაკი კამპანია ხელთ იგდებს მთელს აღებ-მიცემობას ღვინისას, მეტი რა გზა ექნება ღვინის პატრონს, თუ იმ კამპანიას არ მიჰყიდაო. ამ მიზეზებით, უნდა უარ იქმნას ბ-ნ მეისნერის პროექტიო, დაუსკვნია ბოლოს თ. გ. ანდრონიკაშვილს, - და თუ გვინდა ღვინის წარმოების საქმე ამიერ- კავკასიაში ფეხზედ დავაყენოთ, ვიშუამდგომლოთ, რომ თითონ ღვინის მწარმოებელთაგან შესდგეს საზოგადოებაო.
სამეურნეო საზოგადოებამ კავკასიისამ საზოგადო კრებაში განიხილა ყოველი ეს და გადასწყვიტა: აქციონერების საზოგადოება ღვინის კეთებისა, ღვინის ვაჭრობისა და არაყის ხდისა ამიერ-კავკასიაში, ცნობილ იქმნას სასარგებლოდ ამიერ-კავკასიისა და ნებაც მიეცეს დაიწყოს საქმე მთელის ორ-მილიონ-ნახევრითაო.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამმა პირმა, - თ. იოს. ივ. შალიკოვმა, ბ-ნთა იოსელიანმა და ელიოზოვმა ცალკე აზრი შეიტანეს საზოგადოებაში წერილითა. კრებამ საზოგადოებისამ საჭიროდ დაინახა ახალი კრება შეიყაროს ამ ცალკე აზრების განსახილველად და იგი კრება შეიყარა წარსულს სამშაბათს, 30 ნოემბერსა.
ამ სამთაგან, ორნი სრულებით უარჰყოფენ და ქვეყნის საზიანოდ ხედვენ ბ-ნ მეისნერისაგან განზრახულს კამპანიას, და ერთი კი, სახელდობრ ბ-ნი შალიკაშვილი, მარტო იმასა ცდილობს, რომ პროექტი ბ-ნ მეისნერისა ხელ-ახლად განხილულ იქნას ან ახალ კამისიისაგან, ან თითონ საზოგადო კრებისაგან, და თითქო თანახმაცა ხდება ბ-ნ მეისნერისა, თუ ზოგიერთი მუხლი წესდებისა შეიცვლება მემამულეთა სარგებლობის მიხედვით. რადგანაც ბ-ნ მეისნერის
პროექტი წარმოდგენილია არა შესასწორებლად, არამედ იმისთვის, რომ მის ავ- კარგიანობაზედ გადაჭრილად ან ჰო ითქვას, ან არა, და რადგანაც თ. შალიკაშვილის წერილში არც ერთისა და არც მეორისათვის არაა რაიმე საბუთი წარმოდგენილი, ამიტომაც მაგ წერილს თავს ვანებებთ და გადავდივართ ბ-ნთ იოსელიანის და ელიოზოვის წერილებზედ. ესეც კი უნდა ვსთქვათ, რომ თ. შალიკაშვილი სწუნობს კამისიის მოქმედებას ამ საქმის შესახებ და აყვედრის, კამისიამ ალალ-ბედად წარმოსთქვა თავისი აზრიო, არ განიხილა არც ბ-ნ მიესნერის წესდების პროექტიო, არც მასზედ დართული ნუსხაო. რომ გაეხილნა, სულ სხვა აზრზედ დადგებოდაო, მაგრამ კამისიას ეგ განხილვა არ უნებებია, — ჩვენი საქმე არ არისო.
აზრი ბ-ნის იოსელიანისა ხუთის უმთავრესის საბუთით წარმომდგარია ბ-ნ მეისნერის პროექტის წინააღმდეგ: 1) ბლომა ფულის დატრიალება ღვინის კეთებისათვის ჩვენში იმ სიკეთეს ვერ მოიტანს, რასაც კამისია ფიქრობს. დიდი ყმაწვილობა იქნება ჩვენგან ვიფიქროთ, რომ ფული თავის-თავს სადმე დაივიწყებს და მოგებას არ აჰყვება. ფულის ნატვრა გამორჩომა და მოგებაა, უამისოდ ფული ადგილიდამაც არ დაიძვრის. რაკი ფული ფეხს აიდგამს რომელიმე ნაწარმოების განკარგებისათვის, არ უნდა დაივიწყოს კაცმა, რომ ფული აქედამ გამორჩომას მოელოდინება. სხვა ვაჭრები დააფრთხოს, ახალი მუშტარი და ბაზარი მოიპოვოს, დიდი მოგება დაინარჩუნოს, - აი რაშია მუდამი წყურვილი და სურვილი ფულის პატრონისა და მისის წარმოებისა. რომ ეს ასე მოახდინოს ფულმა, ყველაზედ უწინარეს ის არის საჭირო,რომ მოცლილი ხელი მოიპოვოს სამუშაოდ, ესე იგი იმისთანა მუშა-ხალხი, რომელსაც თავისი არა აქვს-რა და ცხოვრობს მარტო თავის ცარიელის მარჯვენითა და რომელიც ამის გამო იძულებულია თავისი შრომა ჰყიდოს ხოლმე. თუ ამისთანა ხალხს არ იშოვის ფული და ყურმოჭრილ ყმად არ გაიხდის, არც ერთი ეგრეთ-წოდებული წარმოება კაპიტალისა თავს ვერ დაიჭერს. ამიერ-კავკასიაში ჯერ არ არის ამისთანა უბინაო მუშა-ხალხი, მაშასადამე, წარმოებამ კაპიტალისამ თითონ უნდა შეჰქმნას მაგისთანანი. ნუთუ სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისათვის? 2) რომ ღვინო რიგიანად კეთდებოდეს, ანუ ღვინის აღებ-მიცემობა რიგიანს გზაზედ დადგეს თავნის მეოხებითა, ამისათვის მარტო ფული კი არა, ბოგანო, უბინაო კაციც არის საჭირო და ვენახების ქონვაცა. უამისოდ შეუძლებელია კონკურენცია. გარდა ამისა, საჭირონი არიან ღვინის საქმის ზედმიწევნით მცოდნენიცა. ამ სახით, მაგ კამპანიას უნდა დაეთმოს ვენახები, მუშა ხალხი და ღვინის მცოდნენიცა, რომ საიმედო კონკურენცია გაუმართოს უცხო ქვეყნების ღვინოებსა. კარგი იქნება ეს მკვიდრთა მცხოვრებთათვის თუ არა, აი საგანი, რომელსაც ღირს კაცი ღრმად დაუკვირდეს. ყოველის განვითარების საფუძვლად, სათავედ ყოველის რიგიანის წარმატებისა, — უნდა აღიარებულ იქმნას წვრილ მემამულეების გათახსირება კი არა, ბოგანო მუშის გამრავლება კი არა, არამედ ისა, რომ სოფლის მცხოვრებთა მიწა და მიწათ-მოქმედება მტკიცედ ხელთ ეპყრას. 3) სხვათა საბუთთა შორის, სასარგებლოდ ბ-ნ მეისნერის პროექტისა ისიც იყო, რომ აუცილებელი შედეგი იმ კამპანიისა — ღვინის წარმოების გაძლიერება იქნებაო. ეს ტყუილი იმედია, მაგას კამპანია ვერ იზამს.
ამას კი იზამს, რომ ღვინოებს იყიდის რუსეთში გასატანად და პირველ-ხანებშივე კაი ღვინოს მოაკლებს აქაურს ბაზარსა და მეორეს მხრით ისე გააძვირებს, რომ ღარიბი ხალხი, რომელიც ღვინის სმას აქ ჩვეულია, ხელს ვერ მიაწვდენს და უღვინოდ დარჩება. 4) აქციონერების კამპანია, რომელსაც უმთავრეს საგნად დიდი გამორჩომა აქვს სახეში, რათ მოინდომებს გაავრცელოს აქაურებში ღვინის კეთების ცოდნა და ხერხი. ჯერ ესა, რომ ყველამ ვიცით, რა თხლად არიან ცოდნაზედ ხოლმე ფულიანი აქციონერები, და თუ ჰკიდებენ რასმე ხელს, ღვთის ანაბარაზედ ჰკიდებენ. ამის გამო, ხშირად, ერთი მოხერხებული კაცი ჩაიგდებს ხოლმე საქმეს ხელში და, საითაც უნდა, თავს იქით უზამს თითონ აქციონერებს. თუნდ ეგეც არ იყოს, კამპანია რათ მოინდომებს მაგ ცოდნისა და ხერხის გავრცელებას ხალხში. თავის-თავს თითონვე ხომ არ გაუთხრის ორმოსა, თავის-თავს თითონვე მოპირდაპირეს ხომ არ გაუჩენს!.. 5) ტყუილად აუცილებიათ შიში, ვითომ ეგ კამპანია მონოპოლიას არ შეჰქმნისო, ბურთსა და მოედანს ღვინის აღებ-მიცემობისას თითონ არ გაისაკუთრებსო. ვისაც თვალ-ყური უდევნებია ჩვენებურ აღებ-მიცემობისათვის, ის დღესაც ხედავს, რომ მაგ მავნებელს მოვლენას ჩვენში ფეხი აუდგამს კიდეც. კონკურენცია აღებ-მიცემობაში მართლა-და საკეთილოა წარმოებისათვის, მაგრამ მაგას საზღვარი აქვს. საზღვარი კიდევ ის არის, რომ ერთის მხრით სიკეთე ნაწარმოებისა სისრულემდე უნდა იყოს მიყვანილი და ფასი კიდევ რაც შეიძლება დაბლა დაწეულ იქმნას. რაკი კონკურენცია მანდამდე მივა, მაშინ ამის წინააღმდეგ მოქმედობს ხოლმე. დაუბოლოვებელი განკარგება წარმოებისა და დაუბოლოვებულივე ფასების ძირ-დაწევა ყოვლად შეუძლებელია და კონკურენცია კი ცდილობს ეგ არ საქმნელი ჰქმნას. ამიტომაც მოტყუება, ყალბობა, შერევ-არევა ნაწარმოებში მოსდევს ხოლმე კონკურენციას. ხშირად გვსმენია საჩივარი კეთილსინიდისიან ვაჭართაგან, რომ კონკურენციის გამო იძულებული ვართ ამისთანა ღონე ვიხმაროთ, რომელიც ძალიან საფრთხილოაო. დიდის შეძლების სოვდაგარნი ხშირად იძულებულნი არიან დროებით ფასები იმოდენად დასწიონ, რომ უფრო უღონო სოვდაგრებმა ვეღარ შესძლონ ვაჭრობა. კანონი დიდის თავნისა ის არის, რომ პატარა თავნი აღარ გააწაწანოს, შეჰმუსროს ისე, რომ ბაზარში ცილობა, კონკურენცია უარაქობით ვეღარ გაუწიოს.
აზრი ბ-ნის ელიოზოვისა იმავე შიშით არის მორთული, რომ მაგისთანა ზორბა კამპანია გააღატაკებს მამულების და ვენახების პატრონებსა. სიმდიდრე სახელმწიფოსი შესდგება ვაჭრების სიმდიდრისაგან კი არა, არამედ მომქმედთა და ნამოქმედარის მხმარებელთა სიმდიდრისაგან. ინგლისი იმითი კი არ არის მდიდარი, რომ მდიდარი სოვდაგრები ჰყავს, არამედ იმითი, რომ მდიდარი წარმოება აქვს და კარგად გაწყობილი სოფლის-მეურნეობა. ამიტომაც ბ-ნ მეისნერის პროექტი უნდა გაისინჯოს იმ მხრით, რა მხრითაც იგი სასარგებლო იქნება მამულების მკეთებელთათვის და ნაამაგარის მხმარებელთათვის. სხვებს თუნდა ნამცეცებიც შეხვდეს, ბევრს არას დავკარგავთ. პირველის შეხედვით, გაიკვირვებენ და იტყვიან: რაო? ჩვენს ქვეყანას ფული უჭირს, კაცს ფული შემოაქვს და ჩვენ კი უმადურად ვეკიდებით და ვიძახით, არ გვინდაო. რა ვქნათ, რომ ამის თქმას ჩვენი აწინდელი მდგომარეობა გვაიძულებს. სნეული, როცა მორჩენაზედ მიდგება, პირს მოარიდებს ხოლმე მაძღარს სადილს და მსუქან ფლავსა და ყოველს ამაზედ უფრო მეტის სიამოვნებით რჩეობს ორიოდე კოვზს კარგს შორვასა. სხვა გარემოებაში, სხვაგვარ ეკონომიურ ყოფა-ცხოვრებაში, ზნეობითს აღმატებულობაში, - ჩვენ პირველნი გავუწვდენდით ხელს ჩვენს კეთილ-მყოფელთა და სიხარულით მივეგებებოდით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყმების განთავისუფლებას თავისი კუთვნილი დასასრული ჩვენში ჯერ არ მიუღია, მიწათ- მფლობელობის საქმე არეულ-დარეულია, მომეტებულმა ნაწილმა - მებატონეა, თუ გლეხი - არ იცის, რის პატრონია; სოფელი გაღარიბდა, მემამულეებს 27 წლით აღებული ვალის გადახდაც გაუჭირდათ, გლეხობას თავი ვერ დაუხსნია წურბელა მედუქნეების ვალისა და ვახშისაგან. ამ ყოფაში დიდი თავნი აქციონერების კამპანიის ხელში სიკეთეს არ მოასწავებს. ჯერ ეხლაც ფული აქაურ ვაჭრების ხელში გვმუსრავს და გვჩაგრავს, ჯერ ეხლაცა სჩანს შემმუსვრელი ძლიერება ფულისა ჩვენზედ. ჯერ ეხლაც ერი იმ ყოფაშია, რომ ვერცა ჰბედავს, ვერც მოუხერხებია და ვერც ღონე რამ მოუგონია წინააღუდგეს თავის მწოვნელს მედუქნესა. ჯერ ეხლაცა ვხედავთ, რომ მეტი ნაწილი სოფლის მამულებისა მედუქნეების ხელში გადადის, ან როგორც ნასყიდობა, ან როგორც გირავნობა სარგებელში. მამულებს თითონ მედუქნეები არ ამოქმედებენ, არ აკეთებენ, რადგანაც ამისათვის მოცლა არა აქვთ. იმ მამულებში მუშად ან უწინდელი პატრონივე ჰყავთ, ან ამავე გზით მისი გაღატაკებული, გაძარცული მეზობელი. ეხლა რომ ესეა, რა იქნება მაშინ, როცა ასი და ათასი თუმანი კი არა, მილიონები ფრთას გაშლიან? იგივე, რაც ეხლაა. ხოლო განსხვავება იმაში იქნება, რომ ბრიყვ და გაუთლელ მედუქნის მაგიერ, ჩვენ მოგვესევიან განათლებულნი, ესე იგი, აღჭურვილნი ცოდნითა და ხერხითა, და თავის დახელოვნებულ მოქმედებით აჩქარებულის ნაბიჯით მიგვიყვანენ იქამდის, სადამდინაც ეხლა ტაატით მივყევართ. განსხვავება ის იქნება, რომ ბოლო უფრო ჩქარა მოგვეღება და უფრო მარჯვე მეტოქენი გვეყოლება. შესაძლოა, ჩვენ წინანდლული ღვინო დაგვალევინონ à la Raphail, ანუ à la რომელიმე ბორდოს chàteau, შესაძლოა, - ჩვენი საკუთარი შამპანსკი გვასვან, საკუთარი კონიაკი ჩაიში გვახმარონ, მაგრამ მთელი დასი მწარმოებელთა კი გაღატაკებული იქნება. მაშინ ვეღარც მთავრობა გვიშველის... და თითონ საზოგადოებაც უღონო იქნება გაემკლავოს ერთხელ მკვიდრად ფეხმოკიდებულს წესსა. ტყუილი იმედია, ფულის მოწყალებას და გულკეთილობას მოელოდეს კაცი. ფული, თავნი, მამულს ხელში დაიჭერს, მამულის პატრონს ცარიელზედ დასვამს, და რომ მშიერი არ მოკვდეს - ისევ ფულთან უნდა მივიდეს დღიურ მუშად. თუ ესე ყოველივე მართალია, აქციონერების კამპანიას ბევრი სხვა სიკეთეც რო სჭირდეს, ამ უბედურობასთან ის სიკეთე არარა იქნება. ამბობენ, რომ ამ კამპანიის გამო სახელმწიფო ფინანსები მოიგებენო. ტყუილია.ჯერ სახელმწიფოს დააკლდება ის მილიონები, რომელსაც ეხლა ბაჟის მსგავსად ახდევინებს უცხო ქვეყნებიდამ ღვინის შემომტანსა, მერმე იმით იქნება სახელმწიფო ზარალში, რომ მწარმოებელ მიწათ-მომქმედთა მაგიერ, რომელნიც ბევრად თუ ცოტად უფრო რიგიანად იხდიან სახელმწიფო ხარჯს, წამოსდგებიან ღატაკნი, აქეთ-იქით წანწალს დაიწყებენ და ძლივ- ძლივ იშოვიან ლუკმა-პურს თვისის უბინაო თავის სარჩენადა. მეორე - ამას ამბობენ, რომ ვენახიანობა განვითარდებაო, ღვინის კეთება უკეთესი იქნებაო და აღებ-მიცემობა გაძლიერდებაო. მითამ? არა გვგონია. ნუ დავივიწყებთ, - ეგ კამპანია აქ შემოდის და მოაქვს ფული, რომ რაც შეიძლება ბევრჯელ გადაატრიალოს თავნი და მით ბევრი მოიგოს. განა მოიცლის-ღა იმისთანა საქმისათვის, რომელიც ღვინის კეთებაა და რომელიც ითხოვს ხანგრძლივად ფულის დაბანდვასა და დებასა უძრავად? მე-4 მუხლი წესდებისა ანიშნებს, რასაც უნდა მოჰკიდონ ხელი: „ღვინისა და არაყის სახელმწიფო ფოდრიადები აიღონ“.
რა მხრითაც უნდა გაისინჯოს პროექტი ბ-ნის მეისნერის, არავითარის მხრით მის სასარგებლოდ არც ერთს საბუთს ვერა ვხედავთო, - ამბობს ბოლოს ბ-ნი ელიოზოვი.
30-ს ნოემბერს ამ წერილების თაობაზედ დიდი ბაასი იყო სამეურნეო საზოგადოების საზოგადო კრებაში. ახალი არაფერი იყო თქმული. ყოველი მოლაპარაკე მარტო იმასა ცდილობდა, თავისი წინათ-გამოთქმული აზრი უფრო ვრცლად აეხსნა მსმენელთათვის. ახლად მოლაპარაკე მარტო ბ-ნი ხუდადოვი აღმოჩნდა.
ჩვენ ბოდიშს ვიხდით ამ წერილების ავტორებთან, აგრეთვე მათთან, ვისიც სიტყვები აქ ხსენებულია, რომ მათ წერილებიდამ და ნათქვამებიდამ მარტო ის ადგილები მოვიყვანეთ, რაც დედააზრს ბ-ნ მეისნერის პროექტისას ასე თუ ისე შეეხებოდა და სხვა კი გამოვტოვეთ. ჩვენთვის საჭიროა მარტო ჰო და არა ამ დედააზრის შესახებ თქმული, იმიტომ - რომ თუ ჩვენგან მოწონებული, ან დაწუნებული იქმნა თითონ დედააზრი მეისნერის პროექტისა, პირველ შემთხვევაში წვრილმანი ნაკლულოვანება ადვილად გასწორდება და მეორეს შემთხვევაში - სრულებით საჭირო აღარ იქნება მაგ წვრილმანებზედ ლაპარაკი.
ამ-ჟამად მეტად გაგრძელდა ჩვენი „შინაური მიმოხილვა“. ამიტომაც აქ მოყვანილ აზრების კრიტიკას შემდეგის ნომრისათვის გადავდებთ.