top of page

შინაური მიმოხილვა - 1882 წელი, ივნისი

XV


ადამიანი ცალკედ. - ადამიანი, საზოგადოება და სახელმწიფო. - თვითოეულის უფლება. - უდიდესი საგანი. - ადამიანის პიროვნების უფლება. - ჩვენი ლიტერატურა ამ საგანზედ. - ცუდი ჩვეულება. - რა უნდა გავუჩხრიკოთ. - ზნეობითი კუთვნილება ადამიანისა. - ამ საგანზედ რა სწერია ლიბერალთა დროშაზედ. - უწვრთნელნი. - ბალღების ბარაქალა. - ბ-ნი გეგიძე და ნ. ღოღობერიძე წინაშე პიროვნების უფლებისა. - ნ. ღოღობერიძის საქციელი. - ვერაფერი თავის გამართლება.


ყოველივე წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედობს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამოდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს. ადამიანი ცალკედ ერთი სუსტი და უღონო დანაბადია; მისი სულიერი და ხორციელი ბუნება ისეა აგებული, რომ ცალკე ყოფნით, მარტო ყოფნით, ვერას-გზით ვერ მიღწევს ბედნიერებასა. ამიტომაც იძულებული იქნა თავის მსგავს დანაბადთან ერთად ემოქმედნა. ამ მიზეზმა იმოქმედა, რომ ბოლოს ადამიანთაგან შესდგა საზოგადოება და საზოგადოებისაგან - სახელმწიფო. დროთა მიმავლობაში ზოგან საქმე ისე წარემართა, რომ სახელმწიფომ იმძლავრა და სრულად დაიმორჩილა საზოგადოება საერთოდ და ადამიანი ცალკედ, ყველაფერი თითონ მოითალა და საზოგადოება და ადამიანი ცარიელზედ დასვა. ზოგან საზოგადოებამ თვისი კუთვნილი უფლება შეირჩინა და არ დაუთმო სახელმწიფოს, და ადამიანი კი ცალკედ თვის ყურმოჭრილ ყმად გაიხადა. ზოგან კიდევ, როგორც სახელმწიფოში საზოგადოებას, ისეც საზოგადოებაში ცალკე ადამიანს, ანუ უკეთ ვსთქვათ - ადამიანის პიროვნებას, თავისი საკუთარი უფლება შერჩა. უკეთესი განწყობილება ის არის, საცა თვითოეულს ამათგანს თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს, საცა თვითოეული მათგანი ისეა მოთავსებული, რომ თავის სრული უფლება მიწყული აქვს. ერთი უწმინდესი და უდიდესი მოვალეობა და საგანი ყოველ საზოგადოდ მომქმედ ძალისა საერთოდ და ლიტერატურისა ცალკედ - ის არის, რომ ამ ყოფამდე მიაღწევინოს სახელმწიფოს, საზოგადოებას და ადამიანს, და ერთმანეთში თვითოეული მათგანი სრულის კუთვნილის უფლებით და მოვალეობით მოათავსოს. ამისათვის იღვწის და იბრძვის ყოველგან უკეთესი წარმომადგენელი ადამიანისა. იქ, ამისთანა სახელმწიფოში, გარდა სახელმწიფოსი - თითონ საზოგადოებაც თვის მფარველობის ქვეშ აყენებს ადამიანის პიროვნების უფლებასა და ყოველს შემთხვევაში ესარჩლება და ექომაგება. თუ იგი ვისგანმე უსაბუთოდ გაუპატიურებულია და ხელშეხებული.

ჩვენ ამ შემთხვევაში არ გამოვუდგებით პირველს ორს საგანს. ჩვენ მარტო იმაზედ გვინდა ჩამოვაგდოთ სიტყვა, რასაც ადამიანის პიროვნების უფლებას ეძახიან და ამასაც იმ მხარეს გავუსინჯავთ, რომელსაც ზნეობითი კუთვნილება ადამიანისა შეადგენს.


ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ამ საგანზედ ჩვენში დალაგებულად ცნობილი არა არის-რა და ჩვენს ლიტერატურასაც ის უნდა ვუსაყვედუროთ, რომ ამ მხრით ვერაფერი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანასა. რასაც კი წასწვდა ჩვენი ლიტერატურა, ყოველსფერს საზოგადოების უფლების მიხედვით მიაყენა შუქი და ადამიანის პიროვნების უფლების სარჩლად არამც თუ ხელი გასძრა, არამედ მის შესახებ ერთი უმსგავსო და მეტად ცუდი ჩვეულება დაიჩემა.


დღეს-აქამომდე ადამიანი, გრძნობა ადამიანის ღირსებისა, ადამიანის პატიოსნება, სინიდისი და ერთობ - რაც კი შეადგენს უძვირფასესს ზნეობითს კუთვნილებას ადამიანისას, რაც უკეთეს ნაწილს კაცობრიობისას იმოდენად დიდ საგნად მიაჩნია, რომ მისთვის სიცოცხლის გაწირვა თითქმის კანონად აქვს აღიარებული, ჩვენ სწორედ მჩვრად გაგვიხდია და ისე ვექცევით, როგორც ფეხის მტვერსა. აბა აიღეთ რომელიმე ნაწერი რომელსამე კაცზედ ჩვენში, თუ იმ ნაწერში ყოველივე ეს შეგინებული არ იყოს დაუსჯელად, ყოველივე ღირსება ადამიანისა უარყოფილი არ იყოს. ამ საზიზღარმა ჩვეულებამ ამ უკანასკნელ ათის- თხუთმეტის წლის განმავლობაში მოიკიდა ფეხი ჩვენში და დღეს-აქამომდე განუკითხველად მოქმედობს. მით უფრო სავალალოა ეს, რომ მისნი ამყოლნი დღეს-აქამომდე ქადულობენ, რომ ახალ-თაობის კაცნი ვართო და წმინდას სახელს ახალ-თაობისას და ლიბერალობისას ზედ აფარებენ ამ უკადრისს საქციელსა.


როცა კაცზედ ვისმეზედ სჯა და ლაპარაკი მოგვინდება ხოლმე, მოქმედებას კი არ ვუსინჯავთ; არა, ამას თავს ვანებებთ, სინიდისში, გულში ვცდილობთ ჩახედვასა და იქაურობას ვუქოთებთ. არ არის არსად ქვეყანა, რომ ამისთანა საქციელს ასეთი სარბიელი ჰქონდეს, როგორც ჩვეში აქვს, ჩვენდა სამწუხაროდ. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ამ საქციელის მომქმედსა კარი ღია აქვს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში და აქაო და კარი ღია არისო, ვისაც რა მოხვდება, არახუნებს მოშლილ წისქვილივით.


უსაბუთოდ გამოლაშქრება კაცზედ, მისი გაუპატიურება, მისის ღირსების აქეთ-იქით თრევა, მისის პატიოსნების წაბილწება და თელვა. მისის განზრახვის, სინიდისის და გულისნადების თავისებურად ჩხრეკა და აქოთება - ისე გვეადვილება არამც თუ შინაურს ლაპარაკში, არამედ საჯაროდ ჟურნალ-გაზეთობაში, რომ თითქო ბაკლა და ისპანახი იყოს. ყოველს ჩვენგანს სხვისი გული, სხვისი სინიდისი დაუწერელ ქაღალდად მიაჩნია და რაც ქეიფში მოუვა, ზედ იმასა სწერს.


ადამიანის ღირსება, პატიოსნება, სინიდისი, მისი ზნეობითი და ძვირფასი კუთვნილებაა და ყოველივე ესე სახელმწიფოსაგან, საზოგადოებისაგან და თვითოეულ ადამიანისაგან პატივცემულ უნდა იყოს, სრულიად ხელშეუხებელი, ვიდრე ცხადი, უცილო, უტყუარი საბუთი არ გვექნება ხელში, რომ იგი მაგ კუთვნილებას სხვის სავნებელად ხმარობს. ჭეშმარიტს ლიბერალობას ეს ძვირფასი კუთვნილება ადამიანის პიროვნებისა დიდის ასოებითა აქვს დაწერილი თავის დროშაზედ. მაშასადამე, ჩვენმა ახალმა თაობამ, თუ თვისდა სასახელოდ ჭეშმარიტის ლიბერალობის მიმდევარია, ეგევე უნდა დაიწეროს თავის

დროშაზედ და ყოველივე ამის წინააღმდეგ მომქცევი უნდა ზიზღით სდევნოს. გვერწმუნეთ, ამით თითონ ლიტერატურას თავის სიმაღლეზედ დავაყენებთ და ჩვენს მოქმედებას უფრო ადვილად ძლევით შევმოსავთ.


ბევრია ჩვენში ამისთანა უწვრთნელი, რომელსაც ადამიანის წარამარად ხსენება, გაუპატიურება, ადამიანის პიროვნების შეგინება, არამც თუ სამარცხვინოდ მიაჩნია, არამედ სასახელოდაც, რაღაც ვაჟკაცობად და გულადობად ჰგონიათ, რომ მე ესა და ეს კაცი გაზეთში გამოვლანძღეო. ამასთანაც ქადულობენ კიდეც, ჩვენ ახალ-თაობის კაცები ვართო. ბევრი ბალღია ჩვენში, ამ ქადილითა სტყუვდება და ბარაქალას უთვლის ადამიანის ღირსების ფეხქვეშ მთელელსა. ბალღი იმიტომ არის ბალღი, რომ მალე სტყუვდება, და ის ახალ-თაობა კი, რომელზედაც მიქცეულია მთელი ჩვენი სასოება და რომელსაც ეკუთვნის ჩვენი მერმისი,ესე იგი ჩვენი მომავალი, არასოდეს ამით არ უნდა მოტყუვდეს. მან უნდა ზურგი შეუქციოს ურცხვს მოქადულეს და მისი ქადილი ზიზღით უარჰყოს. თუ უნდა ახალ-თაობას თვისი ღირსება დაიცვას, ესე უნდა მოიქცეს.


ამის შესახებ ბ-ნი გეგიძე მშვენივრადა სწერს „შრომის“ No 25-ში. პირველი ნაწილი მისის პასუხისა, რომელიც ამ საგანს შეეხება, დიდად მოსაწონია და საყურადღებო, - მით უფრო, რომ ამ საგანზედ ამისთანა დამჯდარი აზრი პირველია ჩვენს ლიტერატურაში, თუ არა ვცდებით და ხსოვნა არ გვღალატობს. მხოლოდ სამწუხარო ეს არის, რომ ბ-ნი გეგიძე თვისგანვე გამოთქმულს მშვენიერს და სამართლიანს დედააზრს ადამიანის პიროვნების შესახებ ზოგიერთგან გადასდგომია. მაგალითებრ, სხვათა შორის ბ-ნი გეგიძე უწერს თვის მოპირდაპირეს: „იმ-გვარ კაცებს, როგორიც თქვენ ბრძანდებით, მე ყოველთვის ვუყურებ კრიტიკულად და არასოდეს არ ვენდობი მათ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ნდობას და დამოკიდებულობას მათთან შეუძლია კაცი გააჩირქიანოს“.

თუ უკაცრავად არ ვიქნებით, ესეთი სიტყვა უმართებულოა ადამიანის პიროვნებისათვის და დედააზრი ადამიანის პიროვნების უფლებისა აქ უარყოფილია თავიდამ ბოლომდე.


ამასთანავე სამდურავი ეთქმის ბ-ნს ნ. ღოღობერიძეს. მისი პასუხი ბ-ნ გეგიძის მიმართ გვაძლევს ამის მიზეზს. ის საბუთები, რაც ბ-ნ ღოღობერიძეს წამოუყენებია ბ-ნ გეგიძის წინააღმდეგ, საბუთი არ არის. მაგ-გვარის საბუთების ძალით კაცის პატიოსნებას, მის სინიდისს, მის პიროვნებას არ უნდა შეჰბედოს კაცმა, თუ უარმყოფელი არ არის ადამიანის პიროვნების უფლებისა. ან რა საკადრისია კაცმა კაცს ის უკიჟინოს, რომ შენ იმიტომ მეწინააღმდეგებიო, რომ ესა და ეს საქმე არ გაგირიგეო, და საწინააღმდეგოდ წამოყენებულს საბუთებს კი კვალში არ ჩაუდგეს და თვითოეულად არ განიხილოს. მტრობით მოსდის კაცს კაცის წინააღმდეგობა, უკმაყოფილობით, თუ სიმართლის სიყვარულით, ეგ მისის სინიდისის საქმეა და, მაშასადამე, იმისთანა საგანია, რომელსაც ვერც კაცის თვალი მისწვდება, რომ დაინახოს, ვერც ხელი - რომ შეეხოს. ამ შემთხვევაში, თუ რამ ითქმის, მარტო ვარაუდობით ითქმის. ყველა გონიერი და პატიოსანი კაცი დამეთანხმება, რომ ვარაუდობით განკითხვა ადამიანის სინიდისისა და ჩირქის მოცხობა დიდი უკადრისობაა და, კიდევ ვიტყვით, ადამიანის პიროვნების უფლების სრული უარყოფაა. ეს არ უნდა ეპატიოს არავის, ვინც კი ამაში დამნაშავედ აღმოჩნდება.


რაც შეეხება თითონ ნ. ღოღობერიძის საქციელს, - რომლის თაობაზედაც ასეთი აყალ-მაყალი შეუდგათ ქუთათელებს და ამოდენა მიწერ-მოწერა გაიმართა, ჩვენ ჯერ ჩვენი აზრი ვერ შეგვიდგენია გულდაჯერებით! აქამდის არ ვიცით, რას აბრალებენ ბ-ნს ღოღობერიძეს: ღალატს, თუ მარტო იმას, რომ თ. ნ. წერეთლის წინააღმდეგებს მხარი არ მისცა. ჩვენის ფიქრით, ორივე დანაშაულობაა, მაგრამ პირველი უფრო მძიმეა. რადგანაც არც ერთისა და არც მეორის ცხადი საბუთი არ გვიჭირავს ხელში, ამიტომაც ჩვენს ყურადღებას მივაქცევთ მას, რასაც უცილო საბუთი ამ შემთხვევაში გვეუბნება.


უცილო საბუთად მიგვაჩნია ის, რომ ბ-ნი ნ. ღოღობერიძე თითონვე ამბობს: „გუბერნიის მარშლის თანამდებობას მე სრულიად არ ვაძლევ იმ მნიშვნელობას, რომელსაც ისინი მიაწერენო“, და შემდეგ: „როგორც თავმჯდომარე სააზნაურო ბანკის გამგეობისა, მე არ შემიძლია გაცხარებული მონაწილეობა მივიღო თავად-აზნაურობის არჩევანში და ამ-გვარ მოქმედებით ვაწყენინო დიდს ნაწილს საზოგადოებისასო“.

ვერაფერი თავის გამართლებაა, ჩვენის ფიქრით. რასაკვირველია, მარშლის თანამდებობის მნიშვნელობაზედ შეიძლება კაცმა სხვადასხვა აზრი იქონიოს და ეს ამბავი ცოდვად არავის არ ჩაეთვლება. მაგრამ საქმე იმაშია, ვისი აზრია მართალი და ვისი მტყუანი. ჩვენის ფიქრით ნ. ღოღობერიძე სცდება, რომ მარშლის თანამდებობას მნიშვნელობას არ აძლევს. ამას იქნება სხვაგან უფრო ბევრი საბუთი ჰქონდეს, ვიდრე ჩვენში. ჩვენში და ნამეტნავად ჩვენში აქვს მაგ თანამდებობას დიდი მნიშვნელობა. იქ, სადაც საზოგადოებას არავითარი კანონიერი ორღანო არა აქვს თავის საჭიროების გამოსათქმელად, არავითარი კანონიერი ღონე თავის-თავის გამოსარჩლებისა, იქ მაგისთანა დაწესებულება, როგორიც მარშლობაა, დიდი საქმეა. მართალია, იგი წარმომადგენელია მარტო ერთის წოდებისა და არა მთელის გუბერნიის მცხოვრებლებისა, მაგრამ ურარაობას ცალ-უღელი ხარი სჯობიაო, ნათქვამია. კარგის მარშლის შუამდგომლობით და შემწეობით თავად-აზნაურობას ნება აქვთ თვით ხელმწიფემდის მიაწვდინოს თავისი ხმა და თავისი თხოვნა. ნუთუ ამ ურარაობაში ეს უფლება, ეს ნება არაფერში გამოსაყენია? ნუთუ ცოტა რამ არის, რომ ჩვენის კაცის პირით შეგვიძლიან წარმოვსთქვათ თვით უუმაღლეს მთავრობის წინაშე ჩვენი მწუხარება და გულის- ტკივილი? ცოტა ტკივილებია ჩვენში, რომ აქამომდე ხმა ვერ ამოგვიღია მარტო იმიტომ, რომ მარშლები არ ვარგებულან? რომ ვარგებულიყვნენ, ხომ ასე დაბალღობედ მაინც არ გავიხდიდით თავსა, რომ დიდი და პატარა ზედ გვახტებიან. თუ ვერას გავხდებოდით, ხმაამოუღებლივ მაინც არ ჩავკიდებდით თავს და დიდსა და პატარას არ გავექელვინებოდით. ჯერ მარტო ის იგულისხმეთ, რომ მარშალი, კანონის აზრითვე, შუამდგომელია მთავრობისა და საზოგადოების შორის. მთავრობამ მაგის შემწეობით უნდა სცნას საზოგადოების საჭიროება და გულის-ტკივილი და საზოგადოებამ კიდევ — მთავრობის განზრახვა და განკარგულება. ამისთანა საქმისათვის ნუთუ კარგი მარშალი სანატრელი არ არის? მერე სად? ჩვენში, საცა თუ არ მარშლის პირით, სხვა კანონიერი ღონე არა გვაქვს ხმის ამოღებისა.


ჩვენ იმას აღარ ვამბობთ, რომ დღესა თუ ხვალე კარზედ მოგვადგება ათასნაირი ახალი წესი და დაწყობილობა, რომელსაც გაძღოლა უნდა და წინამძღვრობა და რომელსაც უხეირო მარშალი ქვეშ მოჰყვება და არა თავზედ მოექცევა. თუნდ ეგეც არ იყოს, რამდენი რამ დაადგინა ეხლანდელმა კრებამ ტფილისისამ, თუ ქუთაისისამ. ვინ უნდა წაუძღვეს წინ ამ დადგინებას, ვინ უნდა იტვირთოს მისი კეთილად შესრულება? ამაებს რომ კაცი დააკვირდეს, რაღა საბუთი აქვს სთქვას, რომ მარშლების თანამდებობას მნიშვნელობას არ ვაძლევო. ამ მიზეზით თავის მორიდება, არჩევანში არ გარევა, უკეთესის კაცის მარშლად ამორჩევაში ცხარე მონაწილეობის არ მიღება, ჩვენ შეცდომად მიგვაჩნია.


როგორ თუ არ მინდოდაო დიდ ნაწილ საზოგადოებისათვის მეწყენინებინაო. მითომ რატომაო? საზოგადო საქმეში მაგ ანგარიშს არავითარი ზემოქმედება არ უნდა ჰქონდეს კაცზედ. რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თავისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინიდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.


რომ ამ შემთხვევაში ბ-ნ სიმონ წერეთლის ამორჩევა უნდა ყველას მიეჩნია უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, ამას ლაპარაკი არ უნდა. ორთა წამოყენებულ კანდიდატთა შორის ბევრი აწონ-დაწონვა არ მოუნდებოდა კაცს, ისე ცხადი იყო ღირსება ერთისაც და მეორისაც თვალახილულ კაცისათვის. ვინც ორთა შორის უკეთესს არ მისცა ამ შემთხვევაში მხარი, იმან თუ არ დაუგვიანა მოსალოდნელი და შესაძლო სიკეთე ჩვენს ქვეყანასა, სამის წლით მაინც შეაფერხა ის გაღვიძებული აზრი, რომელიც გამოითქვა ჩვენის ქვეყნის შესახებ გურიისა და გორის წლევანდელ კრებათაგან მიღებულ წინადადებაში, და ეს ამბავი, ჩვენის ფიქრით, მცირე შეცოდებად არ ჩაითვლება. ეს შეცოდება მით უფრო მატულობს, რომ ამ სამს წელიწადში ბევრი რაღაც ცვლილება მოელის ჩვენს ქვეყანასა და გონიერის, განათლებულის მარშლის ხმა ამ შემთხვევაში მეტად საჭირო იყო ჩვენის ქვეყნისათვის და ქვეყნის სახელისათვის.

Recent Posts

See All

შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

bottom of page