top of page

შინაური მიმოხილვა - 1881, ნოემბერი

XI

ქვეყანა ვისია. — ოქრო და ხმალი. — ხმალი და გუთანი. — სახელოსნო-სამეურნეო სკოლა. — სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს პროექტი. — ჩვენის თეატრის გამო.


ქვეყანა ვისია? ყოველივე ჩემიაო, — ამბობს ოქრო. ყოველივე ჩემიაო, — იძახის ხმალი. ყოველსფერს ვიყიდიო, — მოჰკვეხს ოქრო. ყოველსფერს ხელში ვიგდებო, — იქადის ხმალი. მითამ ეგრეა? არა გვგონია. ჩვენის ფიქრით, თავმოწონებულს ოქროსა და გაზვიადებულს ხმალს, ამ ორს პატიოსანს მეტოქეს, დაჰვიწყებიათ, რომ ქვეყანაზედ მაგათ გარდა არის კიდევ ერთი რაღაცა, რომელსაც, თუ არ პირველი, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს ქვეყნის განაწილებაში. მართალია, ის ერთი რაღაცა ქედმოხრილია, ჩუმი, წყნარი, უწყინარი, ტანად მრუდე, მაგრამ გულით მართალი და პირად ბრწყინვალეა. იგი ხმაამოუღებლივ,ხმაგაკმენდილი, ფეხმძიმედ დაიარება ქვეყანაზედ: არცა ჰკვეხს, არც ბაქიაობს, არც არავის ერჩის, არც არავის ეცილება და საქმობს თავის-თავად დინჯად, აუშფოთებლად, სულ მუდამ და დაუძინებლივ. იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს, არც ოქროსღა ექმნება რამე სასყიდავი და არც ხმალს მოსატაცებელი. იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს-მეთქი, არ ვიცი ქვეყანას რა დაემართებოდა, თუნდა ოქროს მთები იდგეს და ხმლების ტყეები. უიმისოდ ოქროს ქვეყანაზედ მოედანი არა აქვს და არც თითონ ძალოვანს ხმალს დიდი და ხანგრძლივი მანძილი. ის ერთი რაღაცა — გუთანია.


აი ამ ტეტია გუთანს შეუძლიან ოქროსა და ხმლის შუა ჩადგეს და თავისებურად დინჯად და მშვიდობიანად უთხრას: „შენ, ოქროვ, უჩემოდ უქმი ხარ, არაფერში გამოსაყენებელი; უჩემოდ გაბათილებული ვექსილი ხარ, ანუ, უკეთ ვსთქვათ, გაკოტრებულის კაცის თამასუქი: ექნება რამე, — მიიღებ, არა და პირში ჩალა გამოივლე და თუნდა თავი წყალს მიეცი. შენ შენით რა ხარ? სახედარი და სხვა არაფერი. თუ მე აგკიდე რამე, ხომ რა კარგი, თუ არა და ზედაც რომ არავინ შემოგხედოს, ბევრს არას დაჰკარგავს. ხმალო, შენ-კი... იქნება უჩემოდ შესძლო რამე, მაგრამ ისე კი, როგორც ნიაღვარი: მოვარდები, წარღვნი, წალეკავ, მილეწ-მოლეწ, ბოლოს კი,როცა იქნება, ჩაივლი და ჩაშრები, და თუ მე მიმიმხრობ — მაშინ კი ქვეყანა ჩვენია“. დიახ, ბატონებო, ჩვენის გულითადის ფიქრით, ქვეყანა იმისია, ვისაც ერთს ხელში ხმალი უჭირავს და მეორეში გუთანი. მარტო ხმალი, მართალია, თავისითაც ძლიერია, მაგრამ ვერსად ხანგრძლივ ფეხს ვერ მოიკიდებს, თუ ამხანაგად გუთანი არ იყოლია. ამისი მაგალითი, სხვათა შორის, მონგოლები არიან. ამათ მარტო ხმალს დაუჯერეს, ისინი მარტო ხმალს მიენდვნენ: მიესივნენ ქვეყანას, დაიპყრეს ქვეყნები, დასწვეს, შეჰმუსრეს, მიანგრ-მოანგრიეს და ბოლოს ხომ თითონაც მტვრად აღგვილ იქმნენ. წარჩინებულნი ერნი ევროპისანი თითქმის სულ ხმლით მისეულნი ერნი არიან. მაგრამ საცა-კი მივიდნენ, ყველგან გუთანი მიიმხრეს, და აჰა,დღესა ვხედავთ, რომ ყოვლად მტკიცენი და მკვიდრნი არიან თავის ადგილებში. იმათი ადგილიდამ დაძვრა ვეღარაფერმა ვერ შესძლო. არიან და იქნებიან უკუნისამდე. შორს წასვლა საჭირო არ არის. მაგალითი თვალ-წინ გვიდგას. მაგალითები ჩვენ თითონ ქართველები ვართ. ეს ერთი მუჭა ხალხი რამ შეგვინახა? ხმალმა და გუთანმა. ჩვენ რომ დღეს ბინა გვაქვს, ადგილზედ რომ ფეხ-მოკიდებულები ვართ, სხვებსავით არ დავიქსაქსენით, არ გადავცვივდით აქეთ-იქით, ჩვენ რომ ამდენს დაუძინებელს მტერს გავუძელით, გავუძეღით და გადავრჩით, ჩვენი ერი რომ დედამიწას შერჩა და დედამიწა ერსა, — ეგ იმიტომ — რომ ერთს ხელში ხმალი გვეჭირა და მეორეში გუთანი დასაბამიდგანვე დღემდე. ესეც ვიქნებით შემდეგშიაც, თუ ეგ ორი უძლეველი ძალღონე ერის სიმკვიდრისა ხელთ გვექნება.


რასაკვირველია, ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა იგი ფარია და არა სატევარი. მაგრამ რასა იქ? ეს უბედური ქვეყანა ისე დაეწყო, რომ ხმალი უფრო სატევრობს, ვიდრე ფარობს. ადამიანის გაუძღომელმა წადილმა ეს უკეთესი მხარე ხმლისა დააჩლუნგა და უარესი გალესა. მინამ ქვეყანა ასეა და ძალა აღმართსა ხნავს, ხმალმა ორ-გვარი სამსახური უნდა გაუწიოს თავის პატრონს, იმის მიხედვით, თუ შემთხვევა და ფათერაკი რა დროს რას მოითხოვს. გუთანს კი ერთი განსაკუთრებული მშვიდობიანი დანიშნულება აქვს: დედამიწის უხვი გული გადაგვიშალოს და იქიდამ საზრდოება გვაწვდიოს. გუთანი, ქართველებო, გუთანი! და ხმალი იყოს ფარი მისი. თავი და ბოლო აქ არის, დამიჯერეთ. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, ნათქვამია. მყობადი იმისა, ვინც მიწაზედ ფეხდადგმულია და მიწას ამოქმედებს ხმლის მფარველობის ქვეშ. თითონ დიდი რომი, თითქმის მთელის ქვეყნის მპყრობელი, დაეცა, იმიტომ — რომ მარტო ხმალი ეჭირა ხელში და გუთანი კი არა.


ყოველივე ეს იმიტომ კი არა ვსთქვი, რომ აქაო და გუთანი გვიჭირავს ხელში, გულს ხელები დავიკრიფოთ და ამით მოვიწონოთ თავი. არა, ბატონებო, გუთანს ცოდნაც უნდა, რომ ერთი- ათად იმაზედ მეტი შესძლოს, რის შემძლებელიც აქამომდე იყო. ერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა — სკოლაა, და იმ ცოდნისა, რომელიც გუთანს, ანუ უკეთ ვსთქვათ, მიწის- მოქმედებას ხელს უწყობს და შეჰფერის, — სამეურნეო სკოლაა. ამ-გვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა, და მით უფრო ადვილი, რომ ეხლა სახელმწიფო ქონებათა სამინისტრომ რუსეთში საკმაოდ ფართო გზა მისცა საზოგადოებას მაგ სკოლების დაარსებისათვის. ფრიად საყურადღებო აზრებია გამოთქმული სამინისტროს პროექტში ამ საგანზედ, და თუ ის პროექტი დამტკიცდა და როგორმე ჩვენამდინაც მოაღწია, დიდი საქმე იქნება. აი ამ საგანზედ რას იწერება ერთი რუსული გაზეთი: „ახალი პროექტი სახელმწიფო ქონებათა სამინისტროსი სრულ ნებას და უფლებას აძლევს თითონ ერობას, მეურნეობის საზოგადოებას და კერძო პირთაც, გამართონ სახელოსნო-სამეურნეო სკოლები. გამმართველთა ნებაზედ არის მიგდებული, დააარსონ ეგ სკოლები კერძო პირთა მამულებში, თუ სხვაგან სადმე. მთავრობა თუმცა ჰკისრულობს ნაწილს სკოლის ხარჯისას, მაგრამ სკოლის გამმართველთ სრულს ნებას აძლევს თითონ ამოირჩიონ სკოლის გამგებელიც, ოსტატებიც და მზრუნველებიც და ყოველივე გამგეობა სკოლისა თითონ იქონიონ. მხოლოდ უმაღლესი ზედამხედველობა და ხელთმძღვანელობა რჩება მთავრობასა. სახელოსნო-სამეურნეო სკოლაში მოსამსახურეების გასამრჯელო და აგრეთვე სამსახურის უფლებანი უფრო უკეთესნი არიან, ვიდრე საოსტატო სემინარიის მოსამსახურეებისა“.


გარდა ამისა, რადგანაც ამისთანა სკოლაში უფრო მოზრდილი ყმაწვილები უნდა შევიდნენ და მოზრდილი ყმაწვილი გლეხკაცისათვის რადმე ღირს შინაობაში და იმისი მოშორება მისთვის დასაკლისია, დადებულია — რომ ყოველი შეგირდი, რომელიც სკოლაში შევა, მოჯამაგირესავით იყოს: ეძლიოს საჭმელი, სასმელი, საცმელი და ჯამაგირიცა.


თუ ღმერთმა იპრიანა, ეს პროექტი დამტკიცდა და ჩვენც გვეღირსა, იქნება ჩვენც გვეშველოს რამე. სხვა რომ არა იყოს რა, აქამდის ეგრეთ გაძნელებული საქმე სკოლის გამართვისა, ნებადართვის აღებისა, გაადვილებული მაინც იქნება. აქაური სამეურნეო საზოგადოება, მას აქეთ, რაც ლოჭინის სკოლა გაუქმდა, ბევრსა სცდილობს მაგ-გვარი სკოლის გამართვისათვის, მაგრამ დღეს აქამომდე ვერაფერს გამხდარა. ამას წინათაც, ესე იგი უკანასკნელს კრებაზედ, კიდევ ჩამოაგდეს ამ საგანზედ ლაპარაკი და არ ვიცით ბოლო როდის მოეღება სიტყვას და სიტყვა საქმედ როდი გადიქცევა. ჩვენ ვურჩევთ აქაურს სამეურნეო საზოგადოებას, თვალ- ყური ადევნოს ზემოხსენებულს პროექტს და, როცა დამტკიცდება, იშუამდგომლოს, — რომ ჩვენშიაც შემოღებულ იქმნას, თორემ, როგორც ვიცით ზოგიერთების თოხარიკი, აქაც „ადგილობრივ გარემოებას“ წამოსჩხირავენ და მის მოწყალებით პირში ჩალას გამოგვისმენ.


**


ამ ბოლოს დროს ხშირი ლაპარაკი გაიმართა ჩვენის ქართულის თეატრის თაობაზედ. უჩივიან, ცოტა ხალხი დადისო, და მართალიც არის. მართალია, ჩვენდა სამწუხაროდ, მაგრამ ამის მიზეზს მოძებნა უნდა და, თუ შესაძლებელია, მოსპობაცა. მიზეზების მაძიებელთ დაუჟინიათ, ყველაფერში კომიტეტია დამნაშავეო. ამ ბოლოს დროს ძალიან გაუადვილდათ ამ-გვარის მიზეზების პოვნა. თუ რაიმე საქმეს თვალსაჩინო კაცი, ანუ საზოგადოება ჰყავს, მაშინვე გახარებულნი მისცვივიან და ყვირიან: მიზეზი აი ეს კაცი, ანუ ეს საზოგადოებააო და კმაყოფილნი ფარფარობენ — თითქო ან კაცი, ან საზოგადოება ყოვლად შემძლებელი იყოს. სვანეთში სკოლა არ არის. რატომ არ არის? ღმერთმანი, დიდხანს დაუფიქრდებიან და სიგრძე-სიგანეს გაუზომვენ ამ კითხვას? თავი რაზედ აიტკინონ. ხომ არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დაჰკა, მაგისი ბრალიაო. თეატრში ხალხი არ დაიარება. რატომ? ხომ არის რაღაც უბედური კომიტეტი, დაჰკა, მაგისი ბრალიაო. „ვეფხის-ტყაოსნის“ რედაქცია ერთს საღამოს არ შეუშვიათ ბანკის სადგურში მოსამსახურეებს. რატომ? იმიტომ — რომ ბანკს გამგებელნი ჰყვანან, დაჰკა, იმათი ბრალიაო. იმას კი აღარ კითხულობენ, აქვს იმდენი ღონისძიება წერა-კითხვის საზოგადოებას, რომ ამოდენა საჭიროებას გასწვდეს და სვანეთამდინაც ხელი მიაწვდინოს, თუ არა? არა კითხულობენ, აქვს რამე ღონისძიება თეატრის კომიტეტსა, რომ ხალხი ბლომად მირეკოს თეატრში? არა კითხულობენ იმას, რომ საღამოობით — ბანკში, თუ წინ-და-წინვე არ აცოდინებ, არავინ არ უნდა შეუშვან, თორემ ჯიბგირები სხვის სახელობით ძალიან ადვილად გაიღებდენ ბანკის კარებს. ნუთუ ყოველს ამას დიდი ჭკუა და გამოძიება უნდა? არ უნდა, მაგრამ რასა იქ?


ჩვენ ჩვენს საგანს დავშორდით. ჩვენის თეატრის საქმე ჯუქამშია იმიტომ კი არა, რომ კომიტეტია რაღაც, არამედ იმიტომ, რომ თეატრმა ხანგრძლივის მოქმედებით უნდა შეიჩვიოს ხალხი, აუცილებელ საჭიროებად უნდა შეექმნეს ხალხს თეატრში დროს გატარება და გართობა. ამისათვის საჭიროა ჯერ ერთი ისა, რომ თეატრი მართლა თეატრი იყოს, ესე იგი — კერძო პირთა მასხარად ასაგდები კი არა, არამედ საზოგადო ჭირისა და ლხინის თვალწინ წამომაყენებელი. ამისათვის საჭიროა რიგიანი რეპერტუარი. რიგიანს რეპერტუარს ბრძანებით ვერავინ ვერ შეჰქმნის. ეგ დროისა და გონების გახსნის საქმეა. აქაც ჯერ მოცდა გვმართებს, ჩვენდა სამწუხაროდ. თუნდ რომ ეგეც არ იყოს, ჩვენის ქალაქის საზოგადოება თეატრის საზოგადოება არ არის. თეატრს არსად არც დაბალი ხალხი ინახავს, არც მაღალის წრისა. პირველს ამისათვის მოცლა არა აქვს და მეორეს უამისოდაც ბევრი გასართობელი აქვს. თეატრს ყველგან ინახავს კუჭ-მაძღარი მოქალაქობა, რომელიც ჩვენში არამც თუ კუჭ- მაძღარია, არამედ ფეხ-აუდგმელიცა. სამწუხაროა ეს, თუ სასიხარულო, არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ეს გარემოება აგვინუსხავს და მიზეზად დაგვინიშნავს. სხვა თუ რამ წვრილმანი ნაკლულოვანება აქვს ჩვენს თეატრს, ეგ ყოველივე წარმავალია. ჩვენი დღევანდელი დასი თეატრისა ბევრად უკეთესად ეკიდება ეხლა თავის საქმეს, ვიდრე ოდესმე. წარმოდგენების მსვლელობას მიზეზი არა აქვს დავემდუროთ. ამ მხრით საქმე საკმაოდ კარგად მიჰყავთ.მაგრამ ერთი რჩევა კი უნდა მივცეთ და, თუ ყურადღება არ მიაქციეს, იმ ერთ მუჭა ხალხსაც შემოიფრთხობენ, რომელნიც ეხლა დაიარებიან, და თეატრის საქმეს ძირს მოუთხრიან: ყოვლის ღონისძიებით ერიდენით კერძო პირთა მასხარად აგდებას სცენაზედ. ეგ თეატრის უკადრისი ქცევაა და შეუნდობელი ცოდვა.


მაშ რა ვქნათო, იტყვიან, თუ არც რეპერტუარი გვაქვსო და არც მაყურებელნი გვეყოლებიანო ჯერ-ხანად? როგორც იყოს, უნდა თეატრი მაინც-და-მაინც შევირჩინოთ, მაინც-და-მაინც ვამოქმედოთ. რითა და როგორ? შეწირულობითა. ვისაც რამდენი შეგვიძლიან — უნდა შევწიროთ და გარდა ამისა ვეცადნეთ — რომ სხვამაც შესწიროს. ამით იქნება იმოდენა მაინც მოგროვდეს, რომ თეატრმა თავი ირჩინოს. არ იქნება ცუდი, რომ ქართულმა დრამატიულმა საზოგადოებამ ეს შუამდგომლობა საზოგადოების წინაშე იკისროს. წელიწადში სამასი თუმანი სულ ფეხზე დააყენებს ჩვენს თეატრს იმ მხრით მაინც, რომ დასი ეყოლება. ჩვენი თეატრი, რაც უნდა იყოს, ჩვენის ეროვნობის საჯარო ნიშანია. ეს ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, თუ თავის ქვეყნის ბედზედ გულ-აცრუებული და გულ-აყრილი არ არის.



Recent Posts

See All

შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

bottom of page