I
აღმოსავლეთის საქმე და ჩვენ. - ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა. - ჩვენი მსხვერპლი და ძმათა შემოერთება. - ჩვენის განათლების საქმე. - ჩვენის ხალხის სწავლების საქმე. - რა არის შკოლა. - ქართული საზოგადოება სწავლის გავრცელებისათვის. - შარშანდელი მასწავლებელთა კრება - „Тифлисский Вестник“-ის და „დროების“ ღვაწლი.
ბალკანეთის ნახევარკუნძულზედ აღმოსავლეთის საქმეს ბერლინის ხელშეკრულობით წვერი შემოერღვა, როგორც პაჭიჭს, და რაკი წვერი შემოერღვა, ბოლომდინ რღვევით უნდა წავიდეს. ჩვენ აქ რა შუაში ვართო, იტყვის მკითხველი. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ამიერ-კავკასიას ეძახიან და სადაც უპირატესობა ყოველისფრით ქართველობას უპყრია, დღეს იმ ქვეყნად შეიქმნა, რომელშიაც, ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ, გამოიკვანძა დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა. ჩვენის ფიქრით, ეხლა აღმოსავლეთის საქმემ, აქამომდე სლავიანებზე გაჩერებულმა, აქეთ, აზიაში გადმოიწია და რუსეთი და ინგლისი - ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის - აქ, აზიაში, დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდის მივა, რომ მაგ საქმის კვანძი აქ უნდა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, - ამისი გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინათვე. ამას კი ვიტყვით, რომ პირველი ნიშნები ინგლისის მხრით საცივილიზაციო ღონისძიების ხმარებას მოასწავებს. ჩვენ ამით იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ ეგ ინგლისს მოსდიოდეს სხვისა თუ ჩვენის სიყვარულით და ტრფიალებითა, - აქ ინგლისი თავის საკუთარის სარგებლობისათვის იღვაწებს. და რადგანაც ერთის ჭეშმარიტი და უცოდველი სარგებლობა მარტო იმაზეა დამყარებული, რომ მეორეც კარგად იყოს, ამიტომაც ინგლისი, რომლის საქმენი ხალხის თვითმოქმედებით იმართებიან, ეცდება თავისი ჭეშმარიტი სარგებლობა ჭეშმარიტს საძირკველზედ ამოიყვანოს, ესე იგი, ეცდება ძალაუნებურად იმათ კარგამყოფობა-საც, ვინც მას აზიაში ბინადრად დახვდება. ჩვენ აქ საპოლიტიკო სიგელს არ ვწერთ, და ამიტომაც ჩვენ ესე გაკვრით ვლაპარაკობთ ამ საგანზედა და ჩვენს მკითხველს ჩვენს ამონაფიქრებს ვაუწყებთ სმენისა და გაგონებისათვის. ჩვენ არ გვინდოდა, როგორც ლიტონს მემატიანეს, შეგვენიშნა, რომ აზია საერთოდ და ჩვენ თითონ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისათვის მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც, თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერობაზედ ამ ხუთას-ექვსას წელიწადში, მაგრამ ეს მიწის-ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად იქნება კიდეც.
ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირს-სახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად „მებრძოლი შავის ბედისა“, ჩვენის გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, - დღეს ჩვენ შემოგვიერთდა, და თუ კარგად მოექცევიან - ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ. წარსულმა ომმა ბევრი სისხლი დანსთქა ქართველობისა, ბევრმა ვაჟკაცმა ჩვენმა დასდო თავი, ბევრმა დაღვარა სისხლი. ბევრმა ჩვენმა აფიცრობამ თავისი ყმაწვილკაცობის დღენი დალია ამ ომში, ბევრი წარვიდა-მეთქი ამ წუთისოფლიდამ თვისტომთაგან დაუტირებელი, ბევრი დაიხოცა სახელოვანის სიკვდილით, - და მათი სახელი არც კი არავინ ახსენა და აღიარა. (საწყალნო, ეგრე გულ-გმირად თავდადებულნო ყმაწვილ-კაცნო!) თქვენ, საცა ჭირი იყო, პირველნი იყავით ნებით თუ უნებლიეთ, და საცა ლხინი იყო - უკანასკნელნი!... სახელი და დიდება თქვენც, რომელნიც ბედმა სიკვდილისაგან გიხსნათ, რომელთაც ნებით თუ უნებლიეთ აჩვენეთ ქვეყანას, რომ ვაჟკაცობა ქართველობისა უქმი სიტყვა არ არის და რომელთაც გიცნობთ ჯარი და უბრალო ჯარისკაცნი და სხვა არავინ ზედაც არ გიყურებთ ჩვენში! თქვენც, თქვენთა თავდადებულთ ძმათაებრ, ჭირში პირველნი იყავით და ლხინში უკანასკნელნი ხართ... თქვენ თავებს იხოცდით, თოფს და ზარბაზანს გულდაგულ ედეგით და თქვენი სახელი და დიდება სხვამ გაისაკუთრა, სხვამ დაინარჩუნა. იმითი მაინც ინუგეშეთ, რომ ამ ომმა, საცა ამოდენა მსხვერპლი მოიტანა ქართველობამ, ამოდენა ძალ-გული და ვაჟკაცობა გამოიჩინა, ამ ომმა ამდენის ხნის დაშორებულნი ძმანი ისევ ერთმანეთს შეგვყარა. (რასაკვირველია, ამისთანა ბოლო იქნება გულშიაც არა ჰქონდათ მათ, ვინც თავი დასდო ამ ომში, მაგრამ ჩვენ, როგორც ლიტონმა მემატიანემ, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ დიდს საქმეს ძმათა შეერთებისას ჩვენი საკუთარი სისხლი ზედ გადაესხა.) მიიღო კიდევ ჩვენმა სისხლში ამოვლებულმა ბედმა ჩვენი სისხლის შესაწირავი!.. ნუთუ უსისხლოდ ჩვენი ბედი არას გვითმობს!..
ეხლა ჩვენ ერთი დიდი და უდიდესი მოვალეობა გვაწევს: ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ ყველგან და ყოველიფერში; უნდა იმათთვისაც ვიზრუნოთ, - როგორც ჩვენთვის, იმათთვისაც თავი გამოვიდოთ, როგორც ჩვენთვის. თუ ჭირში ვუძმეთ, ჭირში მივეშველენით, - ჩვენი ერთმანეთის დაურღვეველის კავშირის გაბმაც უეჭველია. ეს ისმინეთ და გაიგევით, ქართველობავ! რა გაგვიხსნის გზას მაგ კავშირის გაბმისათვის? აკაკი წერეთელმა სთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის ერთი უებარი სახსარია: სწავლა, ცოდნა და მეცნიერება. აი წამწყმედელი ყოველის უთანხმოებისა, დამადგინებელი ყოველის ერთობისა, ამამაღლებელი ადამიანისა! აი ჭირთა ამხდელი სახსარი, კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება! სწავლა,ცოდნა, მეცნიერება - ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი ხმალია მოგერიებისათვის. თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით, ჩვენი ეხლა დაუძლურებული ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს..................) ტყუილად კი არ ანაცვალეს ცნობადის ხეს თითონ სამოთხეც კი პირველ კაცთა, ადამმა და ევამ. ეგ ის ხეა, რომელსაც გამოაქვს მშვენიერი ნაყოფი თვითოეულისათვის ცალკე და ხალხისათვის საერთოდ; ეგ ის ხეა, საიდამაც ეჩოს ტარიც გაითლება და ხერხისაც; ეგ ის ხეა, რომელიც ყველას იწვევს ერთნაირის გულის-ტკივილითა და ეუბნება: „მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენებთ თქვენ“; ეგ ის ხეა, რომელ-ქვეშაც ჩვენ უნდა დავდგათ ოქროს აკვანი ჩვენის ერთობისა. საქმე იმაშია ეხლა, რა გზით და როგორ?
ხალხის სწავლების და განათლების საქმე ჩვენში ამ უკანასკნელ დრომდე იმაზედ იყო მიმდგარი, რომ მთავრობა მარტო საშუალო სასწავლებელთათვის ზრუნავდა მხოლოდ და მარტო მათს, ასე თუ ისე, გავრცელებას ცდილობდა. საშუალო სასწავლებელნი მარტო შემძლებელთათვის არის მისაღწევი, ესე იგი - თავად-აზნაურობისათვის და მოქალაქეობისათვის. ამის გამო მთავრობის მზრუნველობა განათლების შესახებ დღეს- აქამომდე მარტო წოდებათა (сословный) განათლების მზრუნველობას მოასწავებდა და სხვას არასფერს. სხვა დანარჩენი, ფრიად დიდძალი ხალხი კი, რომელიც ქვეყნის ჭეშმარიტს ღონეს შეადგენს, ამ მზრუნველობიდამ გამოკლებული იყო. მარტო ამ უკანასკნელ დროს — ყველამ, თუ არა სცნა, ცნობილი მაინც აღიარა, რომ ესეთი განსაკუთრებული მზრუნველობა მარტო ერთის წოდებისათვის დიდი შეცდომაა წინაშე საერთოდ ხალხის განათლების მოთხოვნილებისა; რომ სწავლა და განათლება უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია, მოკლებულია სწავლის სახსარსა. ამიტომაც, დიდი თუ პატარა, ყველა მოიმართა ამ ბოლოს დროს იმაზედ, რომ სახალხო შკოლები დაიმართოს. აქ, ჩვენდა სანუგეშოდ, იმას შევნიშნავთ, რომ სწავლის გავრცელების და სახსრების მოპოებისათვის თითონ ჩვენმა დაბალმა ხალხმა დიდი თვითმოქმედება გამოიჩინა და არც უმაღლესი საზოგადოება დარჩა უგულმოდგინოდ, როგორც ქვევით ვნახავთ. ამ სახით თაოსნობა სწავლის გავრცელებისათვის ხალხში თითონ ხალხმა იტვირთა. ამაში ჩვენ ვხედავთ მომავლისათვის ბევრს სანუგეშოს. დიდი საქმეა, როცა თითონ ხალხი ცდილობს თავისი-თავი გაიტანოს. დღე-და-დღე გვესმის, რომ ჩვენი ხალხი, ნამეტნავად ტფილისის გუბერნიაში,იღვწის შკოლების დამართვისათვის, ყოველ-დღე ისმის, რომ აქ და აქ გამართეს შკოლაო; დღე-და-დღე ეგ თვითმოქმედება მატულობს და იმატებს კიდეც, თუ ხელს არ შეუშლიან.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ახლად შემოერთებულს საქართველოზედ. იქ, არა მგონია, პირველ ხანებში, თითონ იქაურთა მცხოვრებთა შორის მაგ თვითმოქმედებამ გაიღვიძოს და ან ჩვენმა საკუთარმა გულმოდგინებამ ძალიან ფრთა გაშალოს. რადგანაც იქ სარწმუნოებით მაჰმადიანები არიან, არ იქნება, რომ ამ გარემოებამ ცოტად თუ ბევრად არ შეაფერხოს შკოლების გავრცელების საქმე. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ვითომ მაჰმადიანობა თითონ თავისით ეწინააღმდეგებოდეს განათლების მიღებას და გავრცელებას; ჩვენ იმისი თქმა გვინდა, რომ რადგანაც დღეს სწავლის ხელთმძღვანელი ჩვენშიაც და იქაც მარტო მთავრობაა, მერე რუსისა, ესე იგი იმ ხალხისა, რომელიც სარწმუნოებით და ენით მათ უნდა ეუცხოებოდეს უსათუოდ, ამის გამო რუსთაგან ყოველგვარს ცდას განათლებისათვის სხვა თვალით დაუწყებენ ყურებას. შესაძლოა იფიქრონ (განა ცოტა უხეირო და უგვანი ტაშკენტელნი პედაგოგები გვყავს, რომ არ აფიქრებინონ), შესაძლოა-მეთქი აფიქრებინონ, რომ შკოლების მეოხებით ეცდებიანო ჩვენი ზნეობითი და გონებითი მხედველობა შესცვალონო ჩვენის რჯულის არსების შერყევისათვისო. ღმერთმა გვიხსნას ჩვენც და ისინიც იმისთანა შკოლებისაგან, რომელთაც განათლებისა და სწავლის მოფენის გარდა, სხვა რასმე დაუნიშნვენ მისაღწევად და ამ აკვანს ადამიანის გონების და ზნეობის აღზრდისას წაბილწვენ სხვადასხვა ბიწიერ მოსაზრებით. შორს ჩვენგან ამისთანა შკოლები! შორს ჩვენგან იმისთანა ტაშკენტელნი, რომელნიც არცხვენენ თავის ხალხს სხვის თვალში, და საცა მოქმედობენ — მარტო მტერს უჩენენ თავის ქვეყანას და თავის ერსა.
ამ სახით, ეს ორი სხვადასხვა გარემოება ჩვენის ქართველობისა ორ-გვარს სახსარსაც ითხოვს საქმის წარმატებისათვის. ჩვენში, საცა თვითმოქმედება ხალხისა გაღვიძებულია განათლების გავრცელებისათვის, მთავრობამ, როგორც განათლების ხელთმძღვანელმა, ხელი უნდა შეუწყოს ამ თვითმოქმედებას, წაახალისოს თაოსნობა ხალხისა, ფულით თუ სხვა რაიმე საჭირო ღონისძიებით დაუღალავად და ხანდაუზმელად მიეშველოს, და ამასთან უფრო ფართო და ადვილი გზა მისცეს ხალხის ხალისს და თვითმოქმედებას შკოლების დაარსებისათვის, ესე იგი ტყულ-უბრალო მიწერ-მოწერით არ დააგვიანოს ხოლმე ნების- რთვა. სადაც ეგ თვითმოქმედება არ არის ჯერ გაღვიძებული, იქ კი ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს მთავრობამ თვითმოქმედების გაღვიძებისათვის. იქ თითონ მთავრობამ თავისი ხარჯით, თავისი თაოსნობით უნდა დამართოს შკოლები, და მერე იმისთანა სიფრთხილით, იმისთანა თვალ-გაფაციცებით, იმისთანა წინმხედველობით, რომ არა მიზეზი არ მისცეს კაცს აფიქრებინოს, რომ განათლების და სწავლის მეტი აქ შკოლას სხვა რამე წადილიცა აქვს. ამ მძიმე ტვირთსა შეუმსუბუქებს მთავრობას მარტოდ და მარტოდ ქართველი კაცი, ქართულის ენის მცოდნე. ამისათვის საჭიროა სახალხო შკოლების დირექტორებად მოწვეულ იყვნენ უსათუოდ ქართულის ენის მცოდნენი, საჭიროა საყოველთაოდ ჩვენთვის, და ახლად შემოერთებულ საქართველოსათვის ხომ აუცილებელია და აუცილებელი.
ამასთან, ეს არ უნდა დაივიწყონ, რომ პირველდაწყებითს სახალხო შკოლას მარტო ერთი წადილი უნდა ჰქონდეს, მარტო ერთი საგანი: მოზარდს თაობას მიანიჭოს ცოდნა იმ პატარა საწყაოთი, რომლის აუვსებლადაც შემდეგი განათლება და განვითარება შეუძლებელია. აი ამაშია სული და გული პირველდაწყებითის შკოლისა. „ამ გზაზედ მას შეუძლიანო, — ამბობს ერთი მწერალი, — ყოველმხრივი განვითარება მისცეს მოზარდსაო, შეუძლიან გაუმაგროს, გაუღონიეროს და გაუხსნას სულიერი და ხორციელი ძალნი მოზარდსაო. თუ ეს ჩემი ნათქვამი მეტად აზოგადებს პირველდაწყებითი შკოლის მნიშვნელობასაო და მეტის-მეტად ეჩვენება ვისმეო, მე იმათ აი რასა ვკითხავო: იცით თუ არაო, რა არის ყრმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადი ზნეობით და გონებით განვითარებულ კაცის ხელში იყოს? იცით რა არის, რომ რამდენიმე წელიწადს გაუწყვეტლად ყრმა ემორჩილებოდეს გონიერს დისციპლინას შკოლისას, საცა გონივრად დადგენილ წესსა და რიგსა წარბშეუხრელად და გულის-ტკივილითაც მუდამ უნდა ამოქმედებდეს შკოლის ოსტატიო? ცხადი არ არის აქედამაო, მით რომ ყრმა შკოლაშია, მით რომ მოზარდი ნერგი მუდამ თვალ-ქვეშა ჰყავს გულშემატკივარს, განვითარებულს, ზნეობიანს ოსტატს და მის წინ როგორც კოკორი იშლება, სულიერად და ხორციელად დღე-და-დღე იმართება, - ნუთუ ცხადი არ არისო, რომ ამით ყრმას ენერგება გულში პატივისცემა სხვისა და საკუთარის თავისა, პატივისცემა კანონიერობისა და სიმართლისა, გრძნობა ადამიანის ღირსებისა, მართებულობისა, რიგიანობისა, პატივისცემა სხვის საკუთრებისა, სიყვარული ხალისი შრომისა, გაფრთხილებისა, ზოგვისა, სიყვარული ოჯახისა, თვისტომისა, ქვეყანისა“. — ამ-რიგად, პირველდაწყებითს შკოლაშიაც კი შესაძლოა იხეიროს ყოველ იმ მოზარდმა ნერგმა კაცის ბუნებისამ, რომელიც ერთად გამოიტანს ხოლმე ნაყოფს კაიკაცობისას, ადამიანობისას. ამ წრის გარეთ შკოლას საერთოდ და სახალხოს საკუთრივ საქმე არა აქვს, და თუ ვინმე ზახაროვისა და კუვშინსკისთანა შკოლას ზურგზედ სხვას რასმე აჰკიდებს, იმას არა სწამს შკოლის უწმინდაესი მადლი, ის უარ-ჰყოფს მის სანატრელს მნიშვნელობას, ის წმინდა საგანს - შკოლას - სახედარადა ხდის და ზედ ჰკიდებს თავის დახშულის გულის ღვარძლსა და ნაგავსა, ის უარ-ჰყოფს ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესს ნებას, გამოცხადებულს 1864 წ. რესკრიპტშია.
მადლობა ღმერთს, ეს შკოლის მნიშვნელობის წაბილწების და წარყვნის შიში ჩვენში ეხლა არამც თუ შეფერხდა, არამედ სანუგეშო იმედად შეიცვალა. შარშანდელმა კრებამ სასოფლო შკოლების მასწავლებელთა ეს ცხადად დაგვიმტკიცა. ჩვენმა ქართულმა ენამ, აქამომდე შკოლებიდან გამოდევნილმა, ისევ ფეხი შესდგა ჩვენს შკოლებში. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ეხლანდელს რედაქციას „დროებისას“ და ნამეტნავად „Тифлисский Вестник“-ს. სიმართლე გვაიძულებს აღვიაროთ, რომ ეგ ღვაწლი მარტო მაგ რედაქციამ დასდო ჩვენის განათლების საქმეს და მასთან ერთად „Тифлисский Вестник“-მა, რომელმაც ამ საგანზედ თვალსაჩინო წერილები დაბეჭდა. ეგ პატარა გაზეთი „დროება“ ეხლანდელ ნაღმის მიმტანს პატარა გემს მაგონებს, რომელიც ეხლახან მოიგონეს და რომელმაც იმდენი ვაი-ვაგლახი დააყარა ზორბა ხომალდებს წასულს ომებში. ჩვენა გვგონია, რომ იმ პატარა გემების სამსახურსა ადვილად გაუწევს ჩვენს ქვეყანას ჩვენი პატარა „დროება“, თუ რომ იგი არ მიიკარებს იმ სენს, რომელსაც ქვიან სხარტე სახელი - გონების მრუშობა. ღმერთმა დაიხსნას იმ ჭირისაგან ის ტანად მომცრო მოძმე ჩვენი. ესეა თუ არა, „დროებამ“ და „Тифлисский Вестник“-მა კი ნაღმი მიიტანეს და ააფეთქეს ის უგვანი და ზორბა გემი, რომელსაც მმართველად უსხდნენ ტაშკენტელნი პედაგოგები........). შარშანდელმა სოფლის შკოლის მასწავლებელთა კრებამ უარ- ჰყო უწინდელი მიმართულება ჩვენის შკოლებისა და აღიარა, რომ ქართული ენა უნდა დაიდვას ქვაკუთხედად ჩვენის განათლებისა. ამ კრებამ კანონად დასდვა, რომ მთელის სწავლის მსვლელობა სასოფლო შკოლებში ქართულს ენაზედ უნდა იყვესო და დააწესა სრული კურსი პირველდაწყებითის სწავლისა. საღმრთო ისტორია, მოკლე კატეხიზმო, არითმეტიკა, გეოგრაფია — ყველა ეს საგნები პირველ წლიდამ დაწყებული ვიდრე მეოთხე წლის გასვლამდე, ესე იგი კურსის შესრულებამდე, უნდა ისწავლებოდეს ქართულს ენაზედ. რუსულს ენასაც კი უნდა ჰქონდესო ადგილი, მაგრამ როგორც ცალკე საგანსა და არა სახსარს, ანუ საშუალებას სწავლისასაო, და ამიტომაც დაადგინეს, რომ მისი სწავლება უნდა იწყებოდეს მხოლოდ მესამე წლიდამ. ესეთი გადაწყვეტილება არის ჭეშმარიტი პედაგოგიური, სრულიად ეთანხმება მცოდნე და გამოჩენილ პედაგოგების აზრსა და მხედველობას ამ საგანზედ და აღუთქვამს ჩვენს სახალხო შკოლას სანატრელს და სანუგეშო მომავალსა. ესეთი გადაწყვეტილება მტკიცე ნიადაგზედაც დგას, რადგანაც ერთის მხრით ცხოვრების მძლავრს ნიადაგზედ და მეცნიერებისაგან აღიარებულს ჭეშმარიტებაზედ არის დამყარებული, და მეორეს მხრით - აღიარებულია აქაურის უმაღლესის მთავრობის მხრითაც. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ზედ არ დაერთვა გონიერი და განვითარებული პროგრამები, მაგრამ ეს იმისთანა ნაკლია, რომლის მოსპობაც ადვილად შეიძლება, ოღონდ ჭეშმარიტი სურვილი იყოს და ჭეშმარიტი გულმტკივნეულობა ხალხის განათლებისადმი მათ შორის, ვინც პირდაპირ უდგანან განათლების საქმეს. საზოგადოდ ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ამიერიდგან ხალხის განათლების საქმეს ექნება უფრო ნაყოფიერი მსვლელობა.