ახლად გამართული ბაასი სკოლების თაობაზედ. - ბბ. იანოვსკისა და სემიონოვის აზრის განხორციელება. - მეტიჩრები ქართველობაში. - „კავკაზის“ გალაშქრება სახელოსნო სასწავლებლისაკენ. - ბ. წინამძღვრიშვილის სკოლის პროექტი და მისი ნაკლულევანება. - ქართული დრამატიული საზოგადოება.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ჩვენის მიმოხილვის დასაწყისში ისეთი აზრები უნდა წარმოვსთქვათ, რომელნიც სხვა ქვეყნებში დაურღვეველ ჭეშმარიტებად გადაქცეულან და ვინც-კი მათ განიმეორებს, იქნება სასაცილოდაც აიგდონ და ამერიკის მეორედ მპოვნელი დაუძახონ.
ჩვენ უნდა წარმოვსთქვათ, რომ ბავშვმა თავდაპირველად თავის დედა-ენაზედ უნდა გაიხსნას გონება და უცხო ენის სწავლას მხოლოდ მაშინ მიჰყოს ხელი, როცა თავის დედა- ენაზედ საკმაოდ გაწვრთნილი იქნება. თუ გვინდა საკმაოდ ისწავლოს ბავშვმა უცხო ენა, დროც საკმარისი უნდა ჰქონდეს, თორემ ორსა და სამს წელიწადში არამც თუ ვერ შეითვისებს უცხო ენას, თავბედი ისე აერევა, რომ იმასაც-კი დაივიწყებს, რისაც გაგება თავის დედა-ენის შემწეობით მოასწრო.
დიაღ, დღესა გვჭირდება ამ დაურღვეველის ჭეშმარიტების გამეორება, თუმცა გვრცხვენიან და ვიცით, რომ ყოველი შეგნებული კაცი სასაცილოდ აგვიგდებს ასე საქვეყნოდ ყვირილისათვის, ორჯერ ორი ოთხიაო. მაგრამ რა გაეწყობა! ქართველებში კიდევ ბევრი ყოფილა იმისთანა, რომელთაც ჯერ არ გასთქვეფიათ თავში ეს ჭეშმარიტება, თუმცა კი ჩვენი ლიტერატურა თითქმის თავის დაბადების დღიდამვე ამ ჭეშმარიტებას ჰქადაგებს.
მკითხველი მიხვდება, რაზედ ჩამოვაგდეთ ეს ლაპარაკი. ამ უკანასკნელს ხანს დიდი ამბავი მოახდინა ჩვენი სწავლა-განათლების მზრუნველის წერილმა, რომელიც გაზეთს „კავკაზ“-ში იყო დაბეჭდილი. ეს წერილი ღირს-შესანიშნავია იმითი, რომ ბ. მზრუნველი საქებურის გულახდილობით წინ გვიშლის თავის პროგრამას...
შესანიშნავი ეს არის, რომ ბ. მზრუნველი არ დაენდო მარტო თავის-თავს ამისთანა მძიმე საქმეში, საქვეყნოდ გამოაცხადა თავის პროგრამა, თითქო იწვევდა საზოგადოებას მის გასარჩევად და პირადაც ბევრს წარჩინებულ ქართველთან ჰქონია ამ საგანზედ ლაპარაკი. სამწუხარო ეს არის, რომ ეს წარჩინებულნი პირნი ყოფილან წარჩინებულნი მხოლოდ ადგილით. იქნება მათ გულიცა სტკივოდათ ჩვენის ხალხისათვის, იცოდენ როგორ საჭიროობს იგი რუსულს ენას, მაგრამ არ ესმოდათ, რა საშუალებით შეიძლება ასრულდეს ეს სურვილი და სრულებით უბოროტოდ, კეთილის განზრახვით წარმოსთქვეს, ჩვენ ხალხს რუსული ენა ეჭირვება და კარგი იქნება, ქართულთან ერთად ასწავლოთო. წარჩინებულ
პირებზედ რომ ვლაპარაკობთ, იმედი გვაქვს, ამას თავის-თავზედ არ მიიღებენ არც ბ. სენაკის მაზრის უფროსი ბებურიშვილი, არც ბ. ივ. ბერიძე, სენაკის მომრიგებელი მოსამართლე, არც „დეპუტანტი“ ლუკა ჟვანია, რომელნიც ამტკიცებენ „კავკაზ“-ში, რომ სამეგრელოს ხალხი თხოულობს, რაწამს სკოლაში შეგვყავს შვილები, - კინაღამ წამოგვცდა: რაწამს დაიბადებიან - მაშინვე რუსული ლაპარაკი დააწყებინეთო. წარჩინებულობას არც სენაკის სკოლის ზედამხედველი ბ. ლოსაბერიძე იკისრებს, რომელმაც ისე ცხადად ბ, მზრუნველს, გამართლების მაგივრად, ცილი დასწამა, როდესაც სწერდა: ასე მითხრა, რატომ სამეგრელოს სკოლებში მეგრულს ენაზედ არ ასწავლითო. რა საფიქრებელია, რომ ბ. მზრუნველმა, რომლის კალთაშიაც მთელის კავკასიის სწავლა-განათლების საქმეა გამოხვეული, არ იცოდეს, რომ მეგრულს ენაზედ წერა-კითხვა შეუძლებელია მეგრულის ანბანის უქონლობის გამო! რუსული ანდაზაა: მეტის-მეტი მოლაქუცე მტერზედ უარესიაო.
ბ. მზრუნველი ისე მოიქცა, როგორც საზოგადო საქმეების გამგე კაცს შეჰფერის. მან გამოაცხადა თავისი პროგრამა, შეიტყო უმაღლეს ქართველ საზოგადოების აზრი და შემდეგ სიტყვა საქმედ აქცია. ეხლა იმის პროგრამის ყოველს სკოლაში შემოღებას აპირებენ. ამიტომ მოკლედ განვიმეორებთ მას და გავაცნობთ ჩვენს მკითხველებს.
ბავშვის სკოლაში შესვლის შემდეგ პირველ ნახევარ-წელიწადს სწავლა უნდა მიდიოდეს დედა-ენაზედ. მეორე ნახევარ-წელიწადსაც დედა-ენაზედ უნდა იყოს სწავლა, მხოლოდ რუსულის ენის გასაადვილებლად ყოველ-დღე ნახევარ საათისა, ან ორმოც-და-თხუთმეტის მინუტის განმავლობაში, მასწავლებელმა უნდა შეაჩვიოს ბავშვები რუსულის სიტყვებისა, ფრაზებისა და პატარა სტატიების გამეორებას, რომელნიც ჯერ ქართულად უნდა ითქმოდენ და მერე რუსულად. ამ საშუალებით ბავშვები „გონივრულად“ დაიხსომებენ სხვადასხვა რუსულს სიტყვებსა და ფრაზებს.
მეორე წელიწადს იმ შეგირდებმა, რომელთაც შეისწავლეს წერა და კითხვა დედა-ენაზედ, უნდა დაიწყონ წერა და კითხვა რუსულადაც, მაგრამ რასაც რუსულად სწავლობენ, უსათუოდ უნდა დედა-ენის შემწეობით ახსნილი იყოს. ამ მეორე წელიწადს დღეში სამი გასაკვეთი დედა-ენისა უნდა იყოს და ერთი რუსულისა.
მესამე წელიწადსაც გასაკვეთების რიცხვი იგივე უნდა დარჩეს და იმავე რიგად, როგორც მეორე წელიწადს იყო. რუსულად წაკითხული სტატიები უნდა აეხსნათ დედა-ენაზედაც და დედა-ენაზედ წაკითხული, შეძლებისაგვარად, - რუსულადაც.
ბ. მზრუნველის აზრით ეს პროგრამა ისე გაუადვილებს ბავშვებს რუსულის სწავლას, რომ სკოლიდამ გამოსვლის შემდეგ შეეძლებათ საშუალო სასწავლებლების პირველს კლასში შესვლა და ეს ფრიად სასარგებლო იქნებაო, მეტადრე იმ თავად-აზნაურთათვის, რომელნიც თავიანთ შვილებს სასოფლო სკოლებში სწავლას არ აჯერებენ და გიმნაზიებში, ან პროგიმნაზიებში მიცემას უპირებენო.
ეს პროგრამა ჩინებულს საფუძველზედ არის დადგენილი და თუ ნაკლულევანება აქვს რამე, ეს ნაკლულევანება ბ. მზრუნველის მრჩეველებს უნდა დაბრალდეს, რომელთაც სკოლის საქმე არ ესმით და ამ საგანზედ-კი ბევრსა ლაპარაკობენ და არა თვით ბ. მზრუნველს, რომლის განზრახვა წმინდა და პატიოსანი უნდა იყოს, მაგრამ მისი აღსრულება-კი იმ საშუალებით, რა საშუალებაც ბ. მზრუნველს მოუნახავს, ყოვლად შეუძლებელია.
ყოვლად შეუძლებელია ექვს თვეში შვიდისა და რვის წლის ბავშვმა ისე გაიცნოს თავისი დედა-ენა, რომ ამ ვადის შემდეგ შეიძლებოდეს უცხო ენის სწავლების შემოღებაც. ვისაც კი ბავშვისათვის წერა-კითხვა უსწავლებია, არ გამოეპარებოდა ის ჭეშმარიტება, რომ დიდმა ხანმა უნდა გაიაროს, ვიდრე ბავშვი ასოების სახეს დააკვირდებოდეს და მეტადრე, ვიდრე ამ ასოების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მათგან სიტყვის შედგენას მიხვდებოდეს; და როდესაც უსუსურს შვიდი-რვა წლის ბავშვს ჯერ ასოები რიგიანად ვერ გაუგია, ვერ გაუგია რა მნიშვნელობა აქვს მათს ერთმანეთთან კავშირს, როდესაც მთელი მისი გულისყური და გონების ძალა ამ საგანზედ უნდა იყოს მიმართული, - ახალი პროგრამა იმის ნორჩს გონებას, უიმისოდაც დატვირთულს, ახალს ბარგსა ჰკიდებს, ვალადა სდებს, რომ თუთიყუშსავით იზეპიროს რუსული სიტყვები და თუთიყუშსავითვე შეადგინოს მათგან სხვადასხვა აზრები რუსულს ენაზედვე. ახალ პროგრამის შემადგენელი გონივრულადა სჯის, როდესაც ის ამბობს, რუსულს სიტყვებს და რუსულად აზრების გამოთქმას ბავშვი უნდა დედა-ენის შემწეობით შეეჩვიოსო, მაგრამ ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, ეს სიტყვები და ფრაზები თუთიყუშსავით იქნებიან გაზეპირებულნი და არა ცნობიერად მიხვედრილნი. როგორ უნდა შეადგინოს ბავშვმა ხუთისა თუ ექვსი თვის სწავლების შემდეგ სხვადასხვა ფრაზები უცხო ენაზედ, როდესაც თავის ღვიძლს ენაზედაც კი უჭირდება ორის სიტყვის ერთად გადაბმა და მათ შემწეობით თავის აზრის წარმოთქმა!
მეორე წელიწადსაო, ამბობს ახალი პროგრამა, როცა შეგირდებს შესწავლილი ექნებათ წერა და კითხვა დედა-ენაზედ, უნდა რუსულის ენის წერა და კითხვაც დაიწყონო. რა კარგი იქნება, რომ საქმე ყოველთვის ისე ჩქარა და კარგად მიდიოდეს, როგორც ზოგიერთს პროგრამებშია გამოცხადებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრის პროგრამის ასრულებას უშლის მასწავლებლების უხეირობა და არის იმისთანა პროგრამებიც, რომელთ შესრულებას თვით პესტალოცცისა და დისტერვეგისთანა მასწავლებელნიც ვერ შეიძლებდენ...
თუმცა ქართულად წერა-კითხვის სწავლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ენაზედ, მაგრამ ქართულადაც-კი შეუძლებელია ბავშვი ისე გაიწრთვნას ერთის წლის განმავლობაში, ისე ისწავლოს წერა-კითხვა დედა-ენაზედ, რომ უცხო ენის შემოღებამ მეორე წელიწადს სრულიად თავ-ბედი არ დააკარგვინოს. ჯერ ერთს ენაზედ ბავშვს ჩათვლით კითხვა არ ეცოდინება და ახალის პროგრამის ძალით კი მეორე ანბანის სწავლას უნდა მოჰყვეს...
ახალის პროგრამის დამცველნი ბრძანებენ, ხალხი თხოულობს, რომ რუსული ენა ასწავლონო და ჩვენც ხალხის სურვილი უნდა ავასრულოთო.
ჩვენც ვიცით, რომ რუსულის სწავლა უნდა ხალხსა და ხალხის სურვილის ასრულება დიდად საქებურია, მაგრამ ამ საშუალებით, რა საშუალებასაც ახალი პროგრამა გვიქადაგებს, ეს შეუძლებელია.
გამართეთ იმისთანა სასოფლო სასწავლებლები, სადაც სწავლა ექვს წელიწადსა გრძელდებოდეს და იქ ასწავლეთ თქვენის პროგრამის შესაფერად, მხოლოდ სადაც თქვენს პროგრამაში ნახევარი წელიწადია მოხსენებული, იქ ორი წელიწადი მაინც მოახმარეთ. ორს წელიწადს კარგის მასწავლებლის ხელში ისე შეისწავლიან ბავშვები თავის დედა-ენას, რომ გაუჭირებლად შეეძლებათ რუსულის დაწყებაც და ოთხის წლის განმავლობაში ამ ენას იმდენად შეისწავლიან, რომ ცხოვრებაში გამოადგეთ.
თორემ ამ ახალის საშუალებით მართლაც-და ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს ბავშვი, რომ რუსული ენა ცოტათიც არის შეისწავლოს. ჩვენს სასოფლო სკოლებში ბავშვები იმდენს ხანს არა რჩებიან, რომ მართლა შემდეგისათვის დიდად გამოსადეგი სწავლა შეიძინონ; სოფლის მასწავლებელთ უფრო ბავშვის ზნეობაზედ უნდა იმოქმედონ, უნდა შეძლებისამებრ გაუღვიძონ გულში ის კაცობრიული გრძნობა, ურომლოდაც ცხოვრებაში ადამიანი უფრო მხეცად გამოიყურება, ვიდრე ადამიანად. როგორ მოსთხოვთ თქვენ ამას მასწავლებელს, რომელსაც ვალადა სდებთ სამს წელიწადში ასწავლოს ბავშვებს ქართული წერა-კითხვა,ანგარიში, საღმრთო წერილი, რუსული წერა-კითხვა, ისე რომ წაკითხულის გაგებაც შეეძლოს და ნაამბობის დაწერაც! შვიდისა და რვა წლის ბავშვის გონება მართლა უჯრებიანი ყუთი ხომ არ არის, რომელშიაც ყოველივე ცოდნის უჯრა-უჯრა მოთავსება შეიძლებოდეს...
მაშასადამე, უნდა გამართოთ ექვს-კლასიანი სასოფლო სასწავლებლები სოფლებში და ასწავლოთ რუსული მესამე კლასიდამ და საცა კი ვერ შეიძლებთ ამგვარის სასწავლებლების გამართვას, ასწავლეთ მხოლოდ დედა-ენა, მხოლოდ დედა-ენისვე შემწეობით.
ჩვენ, რასაკვირველია, შეძლება არა გვაქვს, რომ ჩვენი სისტემა მივაღებინოთ სადმე ასე უეცრად, ჩვენ მხოლოდ ვაცხადებთ ჩვენს აზრსა და ჩვენს მტკიცე რწმენას; სხვებს შეუძლიანთ თავიანთი პროგრამა დღეიდამვე აღსრულებაში მოიყვანონ, მაგრამ სრულიად გულდაჯერებული ვართ, თითონ საქმე დაარწმენს ჩვენში სწავლა-განათლების გამგეთ, რომ ახალ პროგრამის შესრულებას ერთი უმთავრესი ძალა აკლია, და ეს ძალა არის დრო.
გამოცდილებამდე კი ჩვენც მოთმენით ვიქნებით. მოვიცდით, ვიდრე თვით მაგალითი არ დაამტკიცებს ჩვენის აზრის სიმართლეს. მართალია, ძნელია მთელის შთამომავლობის მრუდე გზაზედ დაყენება, მაგრამ რა გაეწყობა, რომ სხვა უფრო მარჯვე ღონე საქმის გასწორებისა ხელთ არა გვაქვს.
ჯერ-ჯერობით ჩვენის აზრის დასამტკიცებლად მხოლოდ ერთს მაგალითს დავასახელებთ: ტფილისის გუბერნიაში თითონ სახალხო სკოლების დირექტორის სიტყვით საუკეთესო სკოლად საგარეჯოს სკოლა ითვლება. ამ სკოლაში ბავშვები ოთხს წელიწადსა სწავლობენ. მეოთხე განყოფილებაში გადასულმა ბავშვებმა, ახალის პროგრამის აზრით, უნდა იცოდენ რუსული წერა-კითხვა და უნდა ესმოდეთ, რასაცა ჰკითხულობენ. ამ მეოთხე განყოფილებაში ამ ბოლოს დროს მასწავლებლად იყო დანიშნული რუსი ბ. ჩუმაკოვი, განგებ რუსეთიდამ დაბარებული, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ იმან უარი სთქვა მასწავლებლობაზედ, რადგან ვერცარაფერს ბავშვებს აგებინებდა, არცარაფერი მათი ესმოდა.
თვით ერთს იმ პირთაგანს, რომელსაც დიდი ხმა და გავლენა აქვს ამ მძიმე საქმეში, უთქვამს ამ წერილის დამწერისათვის: არ ვიცი, ვასწავლებინო სახალხო სკოლებში რუსული, თუ არაო. როცა მკითხავენ: ასწავლით თუ არა რუსულს სახალხო სკოლაშიო, მე, როგორც პატიოსანი კაცი, ვუპასუხებ ხოლმე, ვასწავლოთ, და როდესაც მკითხვენ, გამოდის რამე მაგ სწავლებიდამ, თუ არაო, მე კიდევ, როგორც პატიოსანი კაცი, ვეუბნები, არაფერი არა გამოდის-რაო.
ამის მთქმელი რუსთაგანია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ბოლოს დროს ყოველივე პატიოსანი კაცი ამ აზრისა იქნება, ვისაც-კი აზრი აზროვნებისათვისა აქვს მინიჭებული და არა იმისათვის, რომ ზედ გადააჯდეს, გაჰბაწროს და მოუსპოს ყოველივე თავისუფლება.
ჩვენი ხალხი თუ რუსულის სწავლებასა თხოულობს სადმე, იმიტომა თხოულობს, რომ ჩვენში ეხლა მხოლოდ რუსულს ენასა ხმარობენ ყოველ-გვარს დაწესებულებაში და ადგილის ენები-კი, მაგალითად ქართული ენა, ყველგან გამოდევნილია... ქართულის მცოდნე მოსამართლესთანაც კი აკრძალულია ქართულად ლაპარაკი...
უცხო ენის სწავლება საჭიროა, მაგრამ სხვა მხრივ უნდა იყოს დაწყებული. იმის მაგიერად, რომ მილიონს ხალხს, რომელსაც უფრო ნაკლებ მოცალება აქვს და ნაკლები დრო, ასწავლოთ უცხო ენა, ასწავლეთ იმ ხუთასს ან ათასს მოხელეს, რომელთაც ვალად უნდა ედოთ, რომ ხალხს ემსახურონ. საქმის რიგიანად წაყვანა თავიდამ უნდა და არა ბოლოდამ.
არ არის კარგი, როდესაც სკოლის ხელმძღვანელნი მისდევენ სხვა აზრსა და სხვა განზრახულებას და არა იმას, რომ ყმაწვილის გონება გაავითარონ, ზნეობა აუმაღლონ; მაგრამ ის უფრო უარესია, როდესაც ეს „სხვა აზრი და სხვა განზრახულება“ ერევა იმისთანა საქმეში, როგორიც არის, მაგ. სახელოსნო, ან სამეურნეო სკოლა. საუბედუროდ, ზოგიერთა მეტიჩარა პუბლიცისტები ამისთანა საქმესაც კი არა სტოვებენ ისე, რომ თავიანთ უწმინდურის ხელით არ გაქექონ იგი და თავიანთი ბალღამი არ გადაასხან.
შემოდგომაზედ ტფილისის რჩევამ გახსნა სრულის თავისის ხარჯით სახელოსნო სკოლა. ამ სკოლაში, გარდა პირველდაწყებით სკოლის საგნებისა, ბავშვები სწავლობენ აგრეთვე ხელოსნობას. სახელოსნო სასწავლებლის დამფუძნებელთ სწორედ გონივრულად განსაჯეს, როდესაც დააწესეს, რომ სწავლა სამს ენაზედ მიდიოდეს: რუსებისათვის რუსულ ენაზედ, ქართველებისთვის ქართულზედ და სომხებისთვის სომხურზედ. ამ ღონით ტყუილად ბევრი დრო არ ეკარგებათ შეგირდებს სხვა ენის შესასწავლებლად და რაც დრო რჩება საგნების შესწავლის შემდეგ, ხელოსნობის შესწავლას ახმარებენ.
ეს პირველი მაგალითია ჩვენში იმისთანა სკოლის გამართვისა, რომელშიაც ყოველის ხალხის მოთხოვნილება ასრულებულია, ყოველის ხალხის შვილებს ერთ-გვარად გაადვილებული აქვთ სწავლის მიღება და მის ნაყოფით სარგებლობა.
ამისთანა სკოლა არ მოსწონს გაზეთ „კავკაზის“ რედაქციას და ცდილობს ყოველ-გვარი ცილი მოუგოს მას. მაგრამ რაც უნდა ფხასავით ყელზედ დაადგეს „კავკაზს“ ეს სახელოსნო სკოლა, მაინც მკურნალს ვერ იშოვის. სახელოსნო სკოლა ქალაქის ხარჯით არის დაფუძნებული და თუ „კავკაზმა“ კიდევ მეტის-მეტი გულმოდგინეობა გამოიჩინა, შეიძლება ამ გულმოდგინეობისათვის უფრო საყვედური მიიღოს, ვიდრე ქება, იმათგან, ვისიც სიამოვნება განუზრახავს.
ქალაქის რჩევისა და სხვადასხვა ქველმომქმედ საზოგადოებათ გარდა ამ ბოლო დროს თვით კერძო პირმაც კი განიზრახა ჩვენში თავის ხარჯით ერთის ფრიად სასარგებლო სკოლის გამართვა.
„დროებაში“ დაბეჭდილი იყო პროექტი იმ სამეურნეო სასწავლებლისა, რომელსაც ბ. ილია წინამძღვრიშვილი მართავს სოფ. წინამძღვრიანთ-კარში, დუშეთის მაზრაში. ჩვენ გავიგონეთ, რომ ეს პროექტი ზოგიერთის ცვლილებით კიდეც წარუდგენია დამფუძნებელს სადაც რიგია. არ ვიცით ეს ცვლილება როგორია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ისე იქნება შესრულებული და გასწორებული, როგორც ზოგიერთი პრაქტიკული მოსაზრება მოითხოვს.
ჩვენ არ შევუდგებით ამ პროექტის დაწვრილებით განხილვას; ზოგიერთი შეუფერებელი პარაგრაფის ცვლილება მას-უკანაც ადვილად მოხერხდება; ჩვენ დღეს მხოლოდ წესდების ზოგიერთს ნაკლულევანებას ვუჩვენებთ, თუმცა ამ ნაკლულევანებაზედ სხვაგანაც იყო ლაპარაკი.
ცხადია, რომ სამეურნეო სკოლას მხოლოდ მაშინ ექნება ვრცელი მნიშვნელობა, თუ მასში გაწვრთნილი მოწაფეები სხვადასხვა სოფელში იცხოვრებენ და თავიანთ მოძმეებს აჩვენებენ მამულის მოვლის უკეთესს მაგალითს.
წესდების მე-12 მუხლის ძალით შეგირდები სკოლაში უფასოდ ივლიან. თუმცა წესდებაში გამორკვეული არ არის, სულ ერთის სოფლიდამ იქნებიან ისინი მიღებულნი, თუ სხვადასხვიდამ, მაგრამ ეს სიტყვა „ივლიან“ პირდაპირ აჩვენებს, რომ თითონ სკოლაში არ ექნებათ ბინა და გარედამ უნდა იარონ, და გარედამ მოსიარულობა მხოლოდ იმ სოფლელებს შეუძლიანთ, სადაც სკოლაა. სხვა სოფლიდამ ძვირად თუ ვინმე მიაბარებს სკოლაში შვილს გარედამ მოსიარულედ.
ის ემჯობინებოდა ბევრად, რომ უცხო-სოფლელ შეგირდებს თითონ სკოლაშივე ჰქონოდათ ბინა; მაშინ შეიძლებოდა, როგორც „დროებაშივე“ ამბობდა ბ. როსტომაშვილი, ვიდრე სხვადასხვა სასოფლო სკოლაში სხვებზედ უკეთესად შეასრულებდა სწავლას, ამ სამეურნეო სკოლაში შესულიყო. მაშინ ამ სკოლაში შეგირდები თეორეტიკულადაც და პრაქტიკულადაც მხოლოდ მეურნეობას შეისწავლიდენ და არ მიჰყვებოდენ სხვადასხვა საგნების სწავლას, რომელიც, უეჭველია, დაუშლის ამ სკოლის ნამდვილ დანიშნულების შესრულებას. მაინცა- და-მაინც თუ ჩვენი აზრი ვერ შესრულდება და ეს სკოლა სამეურნეოც იქნება და პირველ- დაწყებითიც, პროექტში მოხსენებულ ზოგიერთ საგნების სწავლება სრულიად უნაყოფო იქნება. იმედია, არავინ ცუდს განზრახვას არ დაგვწამებს, თუ ვიტყვით, სამეურნეო სკოლაში რუსეთის გეოგრაფიისა და რუსეთის ისტორიის ცალკე სწავლება ვერაფერს სარგებლობას ვერ მოიტანს.
ამ თვის მიმოხილვა უნდა შემდეგის სასიამოვნო ამბით დავაბოლოვოთ: ამასწინათ მთავრობამ დაამტკიცა წესდება ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და კვირას, 18 იანვარს, იყო ყრილობა ამ საზოგადოების წევრთა. ამოირჩიეს მართველობა, რომელმაც უნდა აწარმოვოს საზოგადოების საქმე. საზოგადოებას შეუძლიან ხელი მოუწყოს ქართულ წარმოდგენების გამართვას, სადაც-კი ამ წარმოდგენების გამართვა მოხერხდება; შეუძლიან ყოველივე თეატრისთვის საჭირო ნივთეულობა და თვით თეატრისთვის საჭირო შენობაც საკუთრებად შეიძინოს; შეუძლიან შემწეობა გაუწიოს აქტიორებს, დრამატიულ მწერლებს;შეუძლიან ქართულ ენაზედ ბეჭდოს სხვადასხვა სათეატრო თხზულებები და გამოსცეს სათეატრო ჟურნალი; შეუძლიან გამართოს ქალაქს ტფილისში სათეატრო სკოლა.
ერთის სიტყვით, საზოგადოებას ფართო მოედანი აქვს წინ გაშლილი და თუმცა ჯერ საშუალება იმდენი არა აქვს, რომ თავისი დანიშნულება რიგიანად შეასრულოს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეხლა ისეთმა ნიავმა დაჰბერა ქართულ საზოგადოებას, რომ თუ ამ საქმის მოთავენი ენერგიულად და დაუზარებლივ მოიწადინებენ თავიანთ დანიშნულების შესრულებას, თანაგრძნობაც ბევრი იქნება.
მართლაც-და ქართული თეატრის საქმე ისეთი საქმეა, რომ თუ კარგად ვერ წავიდა და ბოლო მოეღო, საზოგადოების წინ მძიმე პასუხის-გებაში ჩავარდება იგი, ვისაც-კი ამ საქმის წაყვანა ჰქონდა მინდობილი და ამ მონდობილობის შესრულება არ მოინდომა. ჩვენში თეატრს შეიძლება დიდი ზნეობის ამამაღლებელი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუ წარმოსადგენად დანიშნული პიესები რიგიანი იქნებიან.
მგონი ყველაზედ ეს შთაბეჭდილება უნდა ჰქონოდა, მაგალითად „პარიჟელ ბიჭის“ წარმოდგენისას. უნდა გენახათ, რა აღტაცებით ყურს უგდებდა საზოგადოება პარიჟელ ბიჭის მშვენიერს ლაპარაკს; როგორ ყოველივე საუკეთესო აზრი უნებურად გაცხარებულს ტაშს იწვევდა ზოგიერთთაგან და სხვები როგორ სტუქსავდენ ამ მოუთმენელებს, რატომ ბოლომდის არ გაგვაგონებთ, რაც სათქმელი აქვსო.
როდესაც, მაგალითად, ბებერი ღენერალი-არისტოკრატი გაიცნობს კეთილშობილს გრძნობას პარიჟელ ბიჭისას და უბრძანებს თავის შვილს, დაიწეროს ჯვარი მისგან გაუპატიურებულ უბრალო კაცის ქალზედ, - ვინ არ იტყვის, რომ ეს სურათი უფრო კარგად გვიქადაგებს ადამიანთ თანასწორობას, ვიდრე განგებ ამ აზრის განსამარტებლად შეთხზული ფრაზები.
გაბედვით ვიტყვით, ჩვენში დიდებისათვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს ქართულ თეატრს, როგორც პატარაებისთვის სკოლას.