top of page

ქუთაისის ბანკის შესახებ

ტფილისი, 3 დეკემბერი, 1893 წელი.


კვირას, 28 ნოემბერს, ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო მწვავე წერილი „ქუთათურისა“, სადაც აღნიშნულია მართლა უცნაური ამბავი იმისა, რომ თავმჯდომარე ზედამხედველ კომიტეტისა 10 დეკემბრისათვის იწვევს თავადაზნაურობას, საზოგადო კრებას და რამდენიმე წევრი ზედამხედველ კომიტეტისა-კი ამავე კრებას იწვევს მომავალ წლის 20 მარტისათვის. „ქუთათური“ სამართლიანად ეკითხება: რომელს ერთს დავუჯეროთო და ან ვინ გაგვითამამდა ისეო, რომ ამისთანა ამბავიც საკითხი გაგვიხდაო.


მართლადა, ეს რა ამბავია? რად უნდა მომხდარიყო ამისთანა ჭკვადმოუსვლელი ამბავი იქ, საცა, თუ კი სიყვარული საზოგადო საქმისა არის, ამისთანა ამბავს ადგილი არ უნდა ჰქონებოდა და თვით ამ სიყვარულს საქმისას ადვილად უნდა მოერიგებინა ამ შემთხვევაში სხვადასხვაობა აზრისა. ვის რა დაუშავდებოდა იმით, რომ ან ერთს, ან მეორეს დაეთმო თვისი აზრი და ერთი დრო და დღე დაენიშნათ კრებისათვის?


ჩვენ იმის გამოძიებაში ვერ შევალთ ვინ არის მიზეზი ამისთანა არევ-დარევისა, რადგანაც ხელთ არავითარი საბუთი ამისათვის არა გვაქვს. ჩვენ მხოლოდ „ქუთათურთან“ ერთად ვიკითხავთ გაოცებით: როგორ იშვნევენ ამისთანა ამბავს მთელი თავად-აზნაურობა, მთელი წევრნი ქუთაისის ბანკისა? ვისაც გული შესტკივა ჩვენის ქვეყნისათვის, ყველა შეძრწუნებულია ამისთანა ამბით.

აშკარაა, აქ ორი ერთმანეთის წინააღმდეგი დასი მოქმედობს და ჩვენ გვიკვირს, — ნუთუ ამ ორ დასში თვითეულად ცალკე იმოდენად კეთილგონიერნი კაცნი არ მოიპოვებიან, იგრძნონ, რომ ამ გზით სვლა საზოგადო საქმისა შეუძლებელია; რომ ეს ამისთანა ამბები ბანკის საქმეს უფსკრულისკენ პირს უშვრება და დღესა თუ ხვალე თვით საქმეც დაიღუპება და თან გადაიტანს ცოდვილსაც და მართალსაც.

დასთა ბრძოლა ყველგან არის, მაგრამ ის კი არა, რომ აქლემები წაიჩხუბნენ და კოზაკი შუაში გაიჭყლიტოს.


ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთს დასშიაც და მეორეშიაც ამისთანა კეთილგონიერნი კაცნი ბევრნი მოიპოვებიან, და ამათი უწმინდაესი მოვალეობაა ქვეყნის წინაშე ერთად შეიყარნენ, დაუკვირდნენ ამ ამბის ავ-კარგიანობას, გამოარკვიონ ვინ არის ყოველ ამ არევ- დარევაში დამნაშავე, თავის უტყუარ და საბუთიან განაჩენით ყველას თავისი მიუწყონ და შეჰკრან სამართლიანი, მარტო საქმის სიყვარულით გამსჭვალული პირობა, რომ იხმარონ ყოველივე მართებული ღონისძიება ბანკის საქმე დაიხსნან განსაცდელისაგან, გზიდამ ჩამოაცალონ ისინი, ვინც თვით საქმეს ჯანაბაში ჰგზავნიან და წყალს ამღვრევენ მარტო იმისთვის, რომ მღვრიე წყალში ჰლამობენ ზუთხი ხელთ იგდონ, საკუთარს წადილს, ჟინს და ჭირვეულობას ანაცვალონ საზოგადო, საქვეყნო საქმე, ჩვენდა სასახელოდ დადგენილი და არა სამარცხვინოდ.


ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კეთილგონიერთა კაცთა ხმა არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოში. იმერეთში, როგორც ყოველგან სხვაგან, არ იქნება ბევრ ჩხავანეებთან ერთად ბევრნი არ იყვნენ იმისთანანიც, რომელნიც დღეს ორ წყალ შუა დგანან და არ იციან, რა ჰქმნან, წყურვილი-კი აქვთ, გაიგონ პირუთვნელი, მიუდგომელი, საბუთიანი და მართალი ხმა და ამ ხმას რწმენით და გულდადებით შეუწონონ თავისი მოქმედება საზოგადო საქმეში. ჩვენდა სანუგეშოდ უნდა ვირწმუნოთ და გვწამს კიდეც, რომ ამისთანანი იმერეთ-გურია-სამეგრელოს თავად-აზნაურობაში ბევრნი არიან. ბევრნი არიან პირუთვნელად საქმის მოყვარენი, გულწრფელნი მსურველნი საზოგადო, საქვეყნო საქმის კარგად წარმართვისა. მაგრამ რადგანაც ცალკ-ცალკე, სიშორით, თუ სხვა მიზეზით, არც დრო აქვთ, არც ღონე საქმის გამოძიებისა, ზნეობითს წამებასა და წვალებაში არიან, — რა ვქნათ, არ ვიცით სად არის ამ გაჭირებულ მდგომარეობაში მართალი, რომ იმას მივემხროთ, გამარჯვებით გავიტანოთ და ამით ჩვენი თავიც დავიხსნათ სირცხვილისაგან და ჩვენი საერთო საქმეც წაწყმედისაგანაო.


ამისთანა კაცთა შორის მართალი და საბუთიანი სიტყვა თუ ხმა ისე სჭრის, როგორც ბასრი ხმალი, და თვით ღონეც, ციხე-სიმაგრეც საზოგადო საქმისა, სწორედ ამისთანა კაცთა ხელშია ყველგან და ჩვენშიაც სწორედ ამათს მფარველობას უნდა მიენდოს. სხვაფრივ ხსნა საზოგადო საქმისა შეუძლებელია. დასთა ბრძოლაში სწორე ლარი მარტო ამისთანა კაცებს გააქვთ, როცა ერთად, კრებულად მოქმედობენ და არა დაქსაქსულად ცალ-ცალკე.


ყოველი გულშემატკივარი კაცი ჩვენის საზოგადო საქმისათვის უუწმინდაეს ვალად უნდა ჰრაცხდეს ამისთანა გულწრფელ და პირუთვნელ მართლის მოყვარე კაცთაგან შეადგინოს კრებული და მას მოაპოვებინოს ადგილი საზოგადო საქმის სარბიელზე. აქ ძალა, ხერხი და სხვადასხვა ოინები მანძილს ვერ გაივლის. აქ უნდა მტკიცე რწმენა მართლისა მოქმედობდეს, რადგანაც მარტო მართალია შემკვრელი და გამამტკიცებელი ამგვარ კაცთა კრებულისა. ამათ წინ ჩხავანა მომხრე დასისა ვერას იქმს, ფონს ვერ გავა.


დაუმტკიცეთ სად არის მართალი და მტყუანი, და გვერწმუნეთ მართალი იმოდენა მომხრეებს იშოვის, რომ ბურჯად შეექმნას ყოველ საზოგადო საქმეს. ამისი თავმდებია საზოგადოდ ადამიანის კეთილ-გონიერება, პატიოსნება და გულწრფელი სიყვარული საქმისა, ესე იგი, იგი საზოგადოებური და ადამიანური ღირსება, რომელსაც ყოველს საზოგადოებაში თავისი მომხრე, მიმდევარი და მცველი ჰყავს და ურომლისოდაც წარმოუდგენელია თვით კაცთა საზოგადოებაც.

რა მიზეზია, რა საბუთია ვიფიქროთ, რომ ამას, ამ ზოგადს ღირსებას მოკლებული იყოს იმერეთის თავად-აზნაურობა? ღმერთმა გვიხსნას ამისთანა ფიქრისაგან. ეს ასე რომ იყოს, მაშინ „ქუთათურის“ თქმისამებრ, გულხელი დავიკრიბოთ და წყალში ჩავცვივდეთ, ისა სჯობია.


მადლობა ღმერთს ჯერ ამაზე ძალიან შორსა ვართ და დღეს მარტო საჭიროა, ჩვენის ფიქრით,კეთილ-გონიერებას და მართლმსაჯულობას იმერეთის თავად-აზნაურობისას გზა და საშუალება მიეცეს თავის უტყუარის განაჩენის დადგენისა იმის თაობაზე, თუ ვინ არის ყოველ ამ არევ-დარევაში დამნაშავე, გზიდამ ჩამოიცალოს იგი და იმისთანა საზოგადო საქმეს, როგორც ბანკია, აწ სეირის საყურებელ მოედნად გადაქცეულს ეპატრონოს და მოუაროს.


ამ კეთილგონიერების და მართლმსაჯულობის გამოწვევა უუწმენდაესი ვალია იმათი, ვისაც გულწრფელად უყვარს საქმე და თვით იმერეთის თავად-აზნაურობაცა. კიდევ ვიტყვით: ჩვენ გვწამს რომ როგორც ორსავ ერთმანეთთან დაჯახებულ დასში, ისეც ამ დასებ გარეთ საკმაოდ მოიპოვებიან ამისთანა კაცები. ამათ და სწორედ ამათ უნდა ითავონ საქმის გამორკვევა და გამორკვეულის გამოცხადება საქვეყნოდ, რომ საზოგადოების მართლმსაჯულობას და კეთილ-გონიერებას მართალი საბუთი ჰქონდეს თავის მსჯავრის დადებისა.

Recent Posts

See All

ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო

I ტფილისი, 1 ნოემბერი, 1890 წ. გაგონილა იმისთანა ამბები, რაც ქუთაისის ბანკის კრებაზე ისმის სიტყვით, თუ ბეჭდვითა?მშვიდობიანობისა და...

ქუთაისის ბანკის საქმე

ტფილისი, 3 აგვისტო, 1890 წელი. I ქუთაისის ბანკის წლევანდელ კრების გამო მითქმა-მოთქმა დღედადღე ჰმატულობს და ძლიერდება. მას აქეთ, რაც...

ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო

ტფილისი, 10 მაისი, 1886 წელი. I დიდი ხანია გამოცხადებული იყო, რომ თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის მორიგი კრება დაიწყება ოთხს...

bottom of page