ტფილისი, 6 მარტი, 1889 წელი
რაც გინდ დიდ გაჭირვებაში ჩავარდეს კაცი, ერთად-ერთი გზა ხსნისა კაცის საკუთარი მხნეობა და გამრჯელობაა. მართალია, შესაძლოა სხვა გარემოებამაც ხელი შეუწყოს კაცს გაჭირვებისაგან დახსნისათვის, მაგრამ თავი-და-თავი მომქმედი ძალი მთა-კლდის გასარღვევად მაინც კაცის საკუთარი მხნეობაა, საკუთარი თვითმოქმედებაა. უამისოდ სხვისით საქმის წარმართვა, სხვისით ხსნა, სხვისაგან მოლოდინი შველისა და ხსნისა უფრო მიძინებაა მხნეობისა, თვითმოქმედებისა და თავისთავის შველისა, ვიდრე საქმის გაჩარხვა, კეთება და წარმატება.
კაცი როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, - აცა როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისათვის მიშველე რამეო, იგი მთხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი. ამისთანა კაცმა დღეს რომ საქმე გაისწოროს, ხვალ ისევ იმავ დღეში ჩავარდება, რა დღეშიაც სამადლოდ გამოხსნამდე იყო, იმიტომ რომ თითონ უქმია და მოედანი ცხოვრებისა-კი იმისია, ვინც თითონ მხნეობს და ირჯება თავის-თავის საშველად. საზოგადოებას აიღებთ, თუ ცალკე კაცს, ყველგან ერთს და იმავე უცვალებელს ბედისწერასა ჰხედავთ, რომ მარტო საკუთარს თვითმოქმედებას, მხნეობას, გამრჯელობას წარუმართნია საქმე როგორც საზოგადოებისა, ისეც ცალკე კაცისა. რომელი საზოგადოებაც, თუ ცალკე კაცი,სხვაზედ დანდობილა და თითონ გულ-ხელი დაუკრებია, იმას ამ ქვეყანაში პური არსობისა ვერ გამოუცხვია და საცა ეგ პური არ არის, იქ არც სიცოცხლეა - იქ მკვდარი მკვდარზეა აკიდებული, საფლავამდე წასაღებად.
ჩვენ ეს საუბარი ჩამოგვაგდებინა ერთმა წერილმა, რომელიც 4-ს მარტს ჩვენს გაზეთში იყო დაბეჭდილი ამ სათაურით: „საზოგადოების საყურადღებოდ“. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ წერილში ის ვიპოვეთ, რასაც არაერთხელ ვნატრულობდით ეგრეთ-წოდებულ „დედაკაცთა საქმის“ ჭეშმარიტს გზაზედ დასაყენებლად და, მაშასადამე, წარსამატებლად. ამ წერილში არ არის ის უკბილო საყვედური და უქმი ჩივილი, რომ აი, თქვე გულ-ქვაო კაცებო, რატომ თქვენს უფლებას ჩვენც არ გაგვინაწილებთო? რატომ იმისთანა თავისუფლებას ჩვენც არ გვაძლევთ, რომელიც თქვენ ასე ტკბილად გატარებინებთ თქვენს სიცოცხლესაო და სხვა ამისთანა? არც ის უთავბოლო ფრაზებია იმაზედ თუ, - დედაკაცს ქვეყანაზედ მარტო სამი „უწმინდაესი, უსამღვთოესი დანიშნულება“ აქვსო: დედობა, ცოლობა და დობა, თითქო ყველაზედ უწინარეს იგი იმავე ადამიანად არ იყოს გაჩენილი, როგორც მამაკაცი და, მაშასადამე, მინამ დედობას, ცოლობას, დობას იკისრებდეს, ყველაზედ უწინარეს იგივე ადამიანობა არ მოეთხოვებოდეს, როგორც მამაკაცს. დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კაი დედაკაცობაა, კაი ადამიანობაა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კაი კაცობაა და მერე დედობა, მამობა, ქმრობა, ცოლობა და სხვა. კაცს დედობის, ქმრობის და სხვა ამისთანის გარდა კიდევ სხვა ბევრი მოვალეობა აწევს
საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე და ყველაზედ უწინარეს ამ მოვალეობას უნდა გაუძღვეს, მამაკაცია, თუ დედაკაცი. ამას მარტო კაი-კაცობა შესძლებს. ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე, იმიტომ რომ მამობა და დედობა ადამიანური, მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოება არ არის.
ჩვენ ეს, ამ-ხანად მოკლედ გამოთქმული, აზრი იქნება ოდესმე უფრო ვრცლად გავარკვიოთ, ეხლა-კი ისევ ზემოხსენებულ წერილს დავუბრუნდეთ. პატივცემული ავტორი ქალი გვაუწყებს, რომ ჩვენს ქალებს უთავნიათ, ღონე მოიპოვონ და სკოლა გაჰმართონ ქალების გასაზრდელად და თვით გაზრდა შეუფერონ ჩვენის დღევანდელის დღის საჭიროებასა.
„უთუოდ მეტყვით, მკითხველო, - ამბობს ავტორი, - რომ ამგვარ სკოლას დიდი-ძალი ფული მოუნდება. მაგრამ, ბატონებო, თქვენის დახმარებით და ჩვენის მეცადინეობით იქნება ეს აზრი საქმედ ვაქციოთ. უეჭველია, საქართველოს ყველა კუთხიდგან გამოგვეხმაურებიან, ხელს მოგვაწვდენენ, აღმოგვიჩენენ შემწეობას და ამითი გაგვამხნევებენ და შეგვიმსუბუქებენ იმ ტვირთს, რომელიც ჩვენ ვიდეთ კისრად“.
ჩვენ ამ წერილისა ის მოგვწონს და ის გვიხარიან, რომ ჩვენს ქალებს თავის-თავის შველა მოუწადინებიათ და სათავედ დაუდვიათ საკუთარი მხნეობა, საკუთარი მეცადინეობა. უკეთეს სახსარს, უკეთეს ღონეს სხვას ვერას იპოვიან, თუ მართლა ჰსურთ საქმის გაკეთება და არა ტყუილ-უბრალო წივილ-კივილი. ჩვენ ეს ამბავი სიხარულით შეგვაქვს ჩვენს მატიანეში და მივულოცავთ ჩვენს ქალებს, რომ ჭეშმარიტს გზას დასდგომიან თავიანთ სვე-ბედის გასასწორებლად. მალე შეუსრულდებათ ეს კეთილი განზრახვა, თუ გვიან, - დღეს საქმე იმაში არ არის. საქმე იმაშია, რომ თავიანთი საკუთარი მხნეობა, საკუთარი გამრჯელობა დაუდვიათ სათავედ თავიანთ მოქმედებისათვის და შესდგომიან, რომ თავის საკუთარის ხელითა და გარჯით გაიტანონ ცხოვრების მოედნიდამ თავიანთ სვე-ბედის ბურთი. რაც გინდ ბევრი დაბრკოლება აღმოუჩნდეს პირველ ხანებში ამ ქალებისაგან განზრახულს საქმეს, ბოლო მაინც გამარჯვებაა და გამარჯვება, რადგანაც იშვიათი ამბავია, რომ დაუღალავს მხნეობასა და საქმის ბოლომდე მედგრად მიყოლას თავი არ გაეტანოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქალებს წესად მიუღიათ, რომ -
„თუ თვით არ ვიღვწით, ვერ ვპოვებთ
კეთილსა შესაკრებელსა“.