top of page

ტფილისის და ქუთაისის ქართული საადგილმამულო ბანკების შეერთების საკითხებზე

ტფილისი, 22 ივნისი, 1888 წელი.


„Новое Обозрение“-ს გუშინდელს ნომერში (No 1553) ერთი წერილი იყო დაბეჭდილი, ქუთაისიდამ მოწერილი, შესახებ ჩვენთა საადგილმამულო ბანკების შეერთებისა. პატივცემული ავტორი თვითონ საგნის ბუნებასა და ვითარებაზედ არაფერს ჰლაპარაკობს, ერთის სიტყვითაც არ იხსენიებს მას, თუ რა გზით, რა პირობით უნდა გაიდოს ამ ორთა ბანკთა შორის ხიდი შეერთებისა, ერთის სიტყვით, თვითონ საგნის შიგნეულობას და თირკმელსა გვერდს უქცევს, თითქო ამ საქმეში ეს მხარე საგნისა არ შეადგენდეს არასფერს საგულისხმიეროსა. მთელის წერილიდამ მარტო ისა სჩანს გარკვევით და ხაზგასმით, რომ იგი იმდურება და სამდურავის მიზეზად გვითითებს ბ-ნ ავალიშვილის მართლადა წინდაუხედავ სიტყვაზედ, ტფილისის ბანკის საზოგადო კრებაში წარმოთქმულზედ ამ საგნის შესახებ.


ეს სამდურავი რომ პატივცემულს ავტორს მარტო ბ-ნ ავალიშვილზედ შეეყენებინა, ჩვენ არას ვიტყოდით და მის წერილს დღეს სალაპარაკო საგნად არ გავხდიდით, რადგანაც, ბ-ნი ავალიშვილი, თუ დაინახავდა საჭიროდ, თვითონ გასცემდა ასე თუ ისე პასუხს. ჩვენ თუ დღეს ამ საგანზედ ჩამოვაგდეთ სიტყვა, მარტო იმისთვის, რომ ავტორი ისე ბ-ნს ავალიშვილს არ ემდურება, როგორც თვით ტფილისის ბანკის საზოგადო კრებას, საცა ვითომ არც ერთს კაცს ხმა არ ამოეღოს და სიტყვა არ შეებრუნებინოს ბ-ნ ავალიშვილისათვის, რომელმაც ცოტა წინდაუხედავად და მოუფიქრებლად ახსენა ჩვენი იმიერნი მოძმენი.


ჩვენის საზოგადო კრების ხმის ამოუღებლობას ბ-ნ ავალიშვილის ნათქვამზედ ავტორი ამყარებს Новое Обозрение-ს წერილებზედ და კრებაზე დამსწრე კაცების მოწმობაზე. Новое Обозрение-ს წერილები არ წაგვიკითხავს ჩვენ და დამსწრე კაცების მოწმობაზედ-კი ამას ვიტყვით, რომ იმათ ის არ გადაუციათ ავტორისათვის, რაც მართლა კრებაზედ მოჰხდა. ჩვენ ბევრი საგანი არ ვიცით იმისთანა, რომელსაც ისეთის გულმხურვალებით და გულისტკივილით მოჰკიდებოდეს კრება, როგორც ამ შეერთების საგანსა. ათ თუ თორმეტ კაცზედ მეტმა და მათ შორის ორმა გამგეობის წევრმაც ილაპარაკა ამ შეერთების გამო და არც ერთს მათგანს დიდის სიხარულის და სიამოვნების გარდა არა გამოუთქვამს-რა ამ შეერთების გამო.


თუ არც ერთმა კრების წევრმა საჭიროდ არ დაინახა სიტყვა შეებრუნებინა ბ-ნ ავალიშვილისათვის, ეგ ჩვენის კრების გულგრილობას-კი არ უნდა დაებრალოს, არამედ თვითონ ბ-ნ ავალიშვილის სიტყვას, რომელსაც არავითარი საყურადღებო ღირსება არა სჭირდა და იმისთანაებზე ლაპარაკი წყალის ნაყვა გამოვიდოდა, ჩვენს კრებას ამისათვის არც ხალისი ჰქონდა და არც მოცალეობა. უკეთესი პასუხი ბ-ნ ავალიშვილის თქმულისა ის იყო, რომ არავინ ყური არ ათხოვა, რადგანაც ამ შემთხვევაში ყურის თხოება დაუმსახურებელი ჯილდო იქნებოდა.


ამას იმითი ვამტკიცებთ, რომ ბ-ნ ავალიშვილის გარდა სხვა ყველამ, კრებაში ამ საგანზედ მოლაპარაკემ, აღტაცებით და დიდის სიხარულით მიიღო აზრი ორთა ბანკთა შეერთებისა და ამ შეერთების გამო ბევრი გულმხურვალე სიტყვაც ითქვა. ამ სახით ბ-ნი ავალიშვილი სულ მარტოდმარტო დარჩა თავის შეუფერებელ ნათქვამითა. ასს კაცზედ მეტი იყო იმ კრებაზედ და არც ერთმა მათგანმა არ მოიწადინა არამც თუ მომხრეობა ბ-ნ ავალიშვილისა, არამედ ხმა, კრინტი არ დასძრა იმის შესახებ, რაც ბ-ნ ავალიშვილმა სთქვა, და ამ სახით იმისი ნათქვამი თითქო ერთს ყურში შეუშვა და მეორიდამ გაუშვა. ამაზედ მეტი სიტყვის შებრუნებაღა იქნება ქვეყანაზედ? ამაზედ ძლიერი განაჩენი დაიდგინებაღა ვისიმე ნათქვამზედ?


ასში ერთის ცდომა და ასში ერთის დანაშაული განა საბუთია, რომ დანარჩენს ოთხმოცდაცხრამეტს კაცს სამდურავი შეუთვალონ? აი, ჩვენის აზრით, რა მხრით არის შესანიშნავი წერილი, რომლის გამოც დღეს ჩვენ სიტყვა ჩამოვაგდეთ. უმართლოდ, უსაბუთოდ, ტყუილად დასჯილი იქნება ჩვენი საზოგადოება, რომ ეს სამდურავი სამდურავად დარჩეს, და ვიმედოვნებთ, ავტორი ხსენებულის წერილისა დაგვიმადლებს, რომ საბუთი მივეცით შეცდომით გამოწვეული სამდურავი ჩვენს საზოგადოებას ააცილოს.


რომ ყველა პირუთვნელს და გულწრფელს კაცს სწორედ ჩვენ მიერ ზემოდ თქმული აზრი უნდა გამოეტანა იმ ჩვენის კრებისაგან, საცა წინადადება შეერთებისა გარჩეულ იქმნა, ამას ამტკიცებს თვით განაჩენი კრებისა, ერთხმად დადგენილი. თუ ეს საკმაო არ არის, ვიმოწმებთ მთელს ასს კაცს კრებისას და თვითონ რედაქციას Новое Обозрение-სას, რომლის ზოგიერთნი წევრნიც დაესწრნენ ხსენებულს კრებაზედ.


სასურველია, რომ ჩვენთა იმიერ და ამიერ მოძმეთა თავის-დღეში არ იფიქრონ, რომ ძმურად გამოწვდილი ხელი ძმურადვე გულმხურვალებით ჩამორთმეული არ იქნება. ღმერთმა გვიხსნას ამისთანა ფიქრისაგან!..

Recent Posts

See All
bottom of page