ტფილისი, 31 დეკემბერი, 1893 წელი.
ჩვენ მოგვივიდა მთავრობისაგან დამტკიცებული წესდება სოფლის სამეურნეო ქალების სასწავლებლისა.
გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელ ხანში სხვადასხვა პროექტი მზადდება სამინისტროს მიერ ქალთა განათლების შესახებ, მთავრობას საჭიროდ დაუნახავს დედათა სქესს მეურნეობაშიც წილი დაედოს.
ასეთი განკარგულება, რასაკვირველია, დიდის თანაგრძნობით იქნება მიღებული, ნამეტურ ხალხის მიერ, რადგანაც გლეხთა ქალები მრავალგან თითქმის იმდენსა მუშაობენ მიწას, რამდენსაც თვით მამაკაცნი. ამ შემთხვევაში საგანგებო სამეურნეო წესდების ცოდნა და სწავლა ფრიად დაეხმარება გლეხის ოჯახობას, რომელმაც ხშირად სულ უბრალო დამაბრკოლებელის მიზეზის მოშორებაც-კი არ იცის თავიდან. მაგრამ იმ ახალის კანონის შემდეგ უნებურად ებადება კაცს ეს აზრი: დაბალ სამეურნეო სასწავლებელში-კი ეძლევათ ქალთა უფლება შეისწავლონ მიწის მუშაობა, განვითარდნენ და დახელოვდნენ მამულის მოსავლელად, - მაგრამ ამნაირივე უფლება ენიჭებათ მათ უმაღლესი სამეურნეო განათლების მისაღებადაც, თუ არა?
ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მხრივ ჯერ კიდევ დახშული აქვთ კარი ქალთა, და უმაღლესი სამეურნეო სკოლები დანიშნულია მხოლოდ მამაკაცთათვის.
რასაკვირველია, ქალთა სამეურნეო სასოფლო სკოლა ახალი საქმეა და, რომ დაბადებისათანავე ამ სკოლას არ დაჰყვა სამეურნეო აკადემიებში შესვლის უფლებაც, ეს გარემოება სრულად არ უნდა გვაეჭვებდეს და გვისპობდეს იმედს იმის შესახებ, რომ შემდეგშიც დავიწყებული იქნება ქალთა სამართლიანი სურვილი უმაღლეს სამეურნეო სკოლაში შესვლისა...
ადვილად შესაძლოა, რომ ჩვენი მოლოდინი გაცუდდეს, და უმაღლესის სამეურნეო სასწავლებლის კარები მომავალშიც დახშული იქნეს ქალთათვის; მაგრამ პირველი ნაბიჯი დედათა სქესის რომელისამე უფლების მინიჭებისა მაინც მოსალოცავია და სასიამოვნო მისაგებებელი.
მაგიერად, სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება იქონია ჩვენზედ განათლების სამინისტროს მეორე პროექტმა, რომლის ძალითაც „ქალთა გიმნაზიებში“ ექნებათ ადგილი მხოლოდ უმაღლეს წოდების ყმაწვილებს.
ჩვენ კარგად ვერ გაგვიგია, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა - უმაღლესი წოდება, რადგანაც ის არევ-დარევა წოდებათა მნიშვნელობის შესახებ ეხლანდელს დროში, რომელიც ყოველგან არსებობს, მრავალს იჭვსა და გაუგებარს გარემოებას გამოიწვევს.
ყოველს შემთხვევაში, უნდა აღვნიშნოთ - პროექტის შემდგენელს დავიწყებია, რომ ასეთი განკერძოება წოდებათა, ასეთი განცალკევება ერთის ქვეყნის შვილთა, რომელთა ცხოვრება, ინტერესები, გრძნობა, აზრი და მისწრაფება ურიცხვის სიმით არის გადაბმული და გადახლართული დანაშთენთან, შეცდომაა. ეს შეცდომა დაჰგმო ძველ ერთა ისტორიამ და დაამტკიცა, რომ მხოლოდ ყველა წოდების კავშირი გაუძლებს განათლების და ხალხის დაწინაურების დამაბრკოლებელს მიზეზებს.
უმთავრესი და, იქნება ერთად-ერთი გარემოება, რომლის წყალობითაც დაიღუპნენ და აღიგვნენ დედამიწის ზურგითგან მრავალნი ძლიერნი და სახელოვანნი ერნი, - იყო უთანხმოება და განსხვავება წოდებათა შორის!
თუმცა დიდი მოძღვარი ინდოელთა - ბუდდა და შემდეგ მაცხოვარი ჩვენის ერისა და იმასვე ასწავლის ქვეყანას - თანასწორობას და სიყვარულს წოდებათა განურჩევლად, მაგრამ ეს სანატრელი და თაყვანის-საცემი მცნება დღესაც თეორიად რჩება.
წოდებათა შორის უთანხმოებისა და სიძულვილის წამოყენება, რასაკვირველია, ვერსად ვერ დააარსებს კეთილსა და სასურველს განწყობილებას, მაგრამ ერთი-ასად უფრო მომაკვდინებელ ცოდვად ჩაითვლება ამ გრძნობის ხელოვნურად გამოწვევა და აღძვრა ჩვენში!
ჩვენ, ისეც დაქსაქსულთა, ერთმანეთთან გადამტერებულთა რაღა წოდებრივის საგნების წამოსაყენებლად უნდა გვეცალოს!
მაგრამ ზოგიერთნი ძველნი და ახალნი მბღაჯვნელნი ამ მარტივს აზრს ჯერაც ვერ მიმხვდარან.