top of page

ნავთის ბაჟი

ტფილისი, 5 მაისი, 1886 წელი.


იყო დრო, როცა ნავთის ხმარება საწვავად მარტო შეძლებულს ხალხს შეეძლო. მას შემდეგ, რაც ბაქოში ასეთი აუარებელი ნავთი აღმოჩნდა, ეს სანათი დიდად გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში და საყოველთაო საჭიროებად გარდაიქცა. ხალხი ეხლა ნავთს სხვა ყოველგვარ სანათს ამჯობინებს. დიდი ხანი არ გაივლის, რომ ნავთი სრულიად განსდევნის ქონსა და ზეთსა, რომელიც უწინ დიდს პატივში იყო. ეს გარემოება სასიამოვნო ამბავად უნდა ჩაითვალოს. ხალხისათვის სულ ერთი არ არის, რას ხმარობს თავის სახლების გასანათებლად. ნავთი, როგორც საუკეთესო სანათი ნივთიერება, წარმატებაა ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაში. მეტადრე ჩვენში, სადაც ნავთი ისე იეფია, საგრძნობელ შეღავათს მისცემს ხალხსა, და რაც უფრო კიდევ მეტად გაიეფდება ნავთი, მით უფრო უკეთესი იქნება. ვისაც-კი ხალხის ეკონომიური წარმატება აფიქრებს, რასაკვირველია, თანაუგრძნობს ამ მოვლენას. ნავთის მწარმოებელნი-კი სულ სხვასა ფიქრობენ. ამათ მხოლოდ თავიანთი ჯიბე აწუხებთ, მხოლოდ თავიანთ კერძო ინტერესები გაუხდიათ კერპად და ყოველ საზოგადო, საქვეყნო ინტერესებს მსხვერპლად სწირავენ მას. ნავთის მწარმოებელნი და მეტადრე დიდნი მწარმოებელნი სწორედ გაუმაძღარ სვავებად გარდიქცნენ. რაც უფრო მეტ სიმდიდრეს იძენენ, მით უფრო მეტად ეხსნებათ შეძენის მადა. ეხლანდელი ნავთის შემოსავალი ვეღარ აკმაყოფილებთ. რა მოუხერხონ საქმეს, რომ შემოსავალი გააბევრონ? ცხადია, რაიმე ახალი წყარო უნდა აღმოაჩინონ. იფიქრეს, აიღ-დაიღეს, ასწონ-დასწონეს და ბოლოს ასე გადასწყვიტეს:


ვიშუამდგომლოთ მთავრობის წინაშე, რომ შინ, ჩვენსავე სახელმწიფოში, სახმარებელ ნავთს ბაჟი დაედოსო. თუ მთავრობა არ მოგვეშველება ჩვენ სრულიად დავიღუპებითო და ნავთის წარმოება სრულიად შესწყდებაო. უნდა გამოვსტყდეთ, რომ ნავთის მწარმოებელნი ძალიან მოხერხებული ხალხია. მართლა და ვის არ დააფიქრებს, ვის არ შეაშინებს ასეთი მუქარა. ხუმრობა ხომ არ არის! ნავთს თუ ბაჟი არ დაედო, ესე იგი ხალხი თუ მეტს ხარჯს არ იკისრებს, თავის ჯიბიდამ თუ მეტს ფულს არ გაიმეტებს ნავთის მწარმოებელთა სასარგებლოდ, ცუდი მერმისი მოელის, შეიძლება სრულიად უნავთოდ დარჩესო. აბა ამის წინააღმდეგ ვის რა ეთქმის? მეტს ხარჯს ვინღა დაიშურებს ნავთის მწარმოებელთათვის, ოღონდ კი ამგვარი უბედურება არ გვეწვიოს და უნავთოდ არ დავრჩეთ.


ჩვენდა საბედნიეროდ, ნავთის მწარმოებელთა ხრიკებმა თავი ვერ გაიტანა, მათმა მანქანამ ვერ გასჭრა. მათ წინააღმდეგ გამოვიდა ორი კაცი და საქვეყნოდ გამოააშკარავა ნავთის მწარმოებელთა ცბიერი და იდუმალი განზრახვა. მერე ისეთი კაცები გამოვიდნენ ამათ მოწინააღმდეგედ, რომელთაც ვერავინ შესწამებს, რომ ნავთის საქმე მათ ყველაზე უკეთ არ იცოდნენ. ერთი მათგანი არის გამოჩენილი მეცნიერი პროფესორი მენდელეევი, მეორე - ნავთის საქმის კარგი მცოდნე ბ-ნი პოლეტიკა. ორივენი სრულიად წინააღმდეგნი არიან, რომ შინ სახმარებელ ნავთს ბაჟი დაედოს. აი სხვათა შორის პროფესორს მენდელეევს რა უთქვამს ერთს საზოგადო ყრილობაზე: „ვაჭრობა, აღებ-მიცემობა მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ქვეყნისათვის სიკეთეს, როდესაც სრულიად თავისუფალია საქმის სხვადასხვა ხელის შემშლელ გარემოებათაგან. ერთი ამგვარი გარემოება ბაჟია. ხელშეუხებლად ჩვენში ეხლა მხოლოდ ნავთის წარმოებაღაა, და უნდა ყოველი ღონისძიება ვიხმაროთ, რომ ეს საქმე შემდეგშიაც ასე ხელშეუხებელი დარჩესო. რაც შეეხება საკუთრად ნავთის ბაჟსა, რომელიც ასე ძალიან სწადიანთ ბაქოს ბობოლა ნავთის მწარმოებელთაო, მე ამ საქმეში ავისა და უპატიოსნო განზრახვის მეტს ვერასა ვხედაო. მაგრამ, ვინ არ იცისო, რომ ამ უკანასკნელს დროს ჩვენის მრეწველობის მოთავენი დიდრონ საქმის მწარმოებელნი სრულიად გაყალბდნენ, სინიდისს გადაუდგნენ და, თუ ხაზინას ერთის კაპეიკის სარგებლობა შესძინეს, თავიანთვის უთუოდ ცდილობენ ერთი მანეთი გადასდონო. ასეთნი იყვნენ ჩვენში შაქრის მწარმოებელნი, ამასვე აპირობენ ეხლა ბაქოს ნავთის მწარმოებელნიო. არა, ჩვენ ამას ვერ შევიწყნარებთო, სჯობს ისევ ამათ სავსე ჯიბეს დააკლდეს ცოტაოდენიო, ვიდრე ისეც ცარიელი ხალხის ქისა უფრო მეტად დავაცარიელოთო!“ - ასე დაასრულა თურმე ბ-ნმა მენდელეევმა თავისი სიტყვა.


ბ-ნ პოლეტიკას თითქმის ესევე აზრი გამოუთქვამს და თან ესეც დაუმატებია: „ჩვენ არამცთუ იმას უნდა ვეცადნეთ, რომ ნავთის წარმოება შემცირდესო, - არა, პირიქით, უნდა ყოველი ღონისძიება ვიხმაროთ, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ნავთი ამოვიღოთო. დროა ტყეებს შაღავათი მივსცეთო, რომ ეს ძვირფასი და ქვეყნისთვის აუცილებლად საჭირო სიმდიდრე საბოლოოდ ხელიდამ არ გამოგვეცალოს, და არამცთუ სანთლის მაგიერ, არამედ შეშის მაგიერადაც რკინისგზებზე და ქარხნებში ნავთი ვიხმაროთო. უსაფუძვლოა აგრეთვე ბაჟის მომხრეთა ის საბუთი, რომ ვითომ ნავთის განუსაზღვრელი წარმოება და უზომოდ ხარჯვა ჩქარა გამოჰლევს ამ ბუნების სიმდიდრესაო“. უნდა საშვილიშვილოდაც ვიფიქროთ, გაიძახიან ისინი გულშემატკივრადაო. ესეც ტყუილი შიშიაო, - ამბობს ბ-ნი პოლეტიკა: - ბუნებას სიმდიდრე იმიტომ მოუციაო, რომ მოვიხმაროთო. რაც შეეხება ჩვენს შვილიშვილებსაო, ამათზე მეცნიერება ჰზრუნავსო: - მეცნიერება ისეთ წარმატებაში შედისო, რომ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც კაცობრიობას აღარც ხარჯი და აღარც ზრუნვა მოუნდება და სანათი მუქთად ექნებაო.“ ბ-ნ პოლეტიკას უკანასკნელი მოსაზრება რომ ერთობ გაზვიადებულ და ლიტონ სიტყვად არავინ ჩასთვალოს, ჩვენ აქ მოვაგონებთ ჩვენს მკითხველებს გამოჩენილის ქიმიკოსის ლიბიხის სიტყვებს, რომელიც ამ ორმოცის წლის წინათ იყო წარმოთქმული: „მოვა დრო, როდესაც ქიმია ისეთს წარმატებაში შევაო, რომ, კაცობრიობა ვაშლს ხეზე კი აღარ მოჰკრებსო, არამედ ქიმიის შემწეობით, პირდაპირ სადილის დროს მოამზადებს და შეექცევაო“.

Recent Posts

See All
bottom of page