ტფილისი,
12 დეკემბერი, 1888 წელი.
დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ, დღითიდღე წინ მიდის განათლებულს ქვეყნებში, დღითიდღე მომხრეებსა ჰპოულობს, ძლიერდება და კუთვნილს ადგილს იჭერს ადამიანის ცხოვრებაში. დედათა მხნეობა, სამართლიანის უფლების მოპოვებაზედ მიმართული, აღარა ჰრჩება „ხმად მღაღადებელად უდაბნოსა შინა“ და დღე თითქმის ისე არ გადის, რომ სადმე - რასაკვირველია, განათლებულს ქვეყნებში -კი - ცოტად თუ ბევრად დედათა საქმე ფეხს არ იმაგრებდეს და ცხოვრების სარბიელზედ ცოტ-ცოტაობით მაინც ადგილს არ იპყრობდეს შემდეგის წარმატებისათვის. დედათა სქესმა კაცობრიობის უკეთესთა წარმომადგენელთა თაოსნობით, ღვაწლით და გარჯით უკვე დაიმტკიცა უფლება უმაღლესის სწავლისა და განათლების მიღებისა და ეხლა მარტო ბრმანი და თვალახვეულნიღა ეურჩებიან ამ უფლებას. დედათა სქესმა დაიპყრა ამასთანავე ზოგიერთს სფერაში უფლება სახელმწიფო, თუ საზოგადო სამსახურისა და თუმცა აქ ბევრი რამ კიდევ დარჩენია დასაპყრობად, მაგრამ ეს პირველდაწყებითი ბიჯიც უმნიშვნელო არ არის შემდეგისათვის. იგი უსამართლობა, რომელიც დღეს აქამომდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას, საძიძაოდამ და სამზარეულოდამ გარეთ არ უშვებდა და ამათ გარე არავითარს საქმეში მონაწილედ არა ჰხდიდა, ასე რომ ლუკმაპურის საშოვარის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულს მოძრაობას.
რომ უფრო დიდი ავალა მისცენ ამ მოძრაობას და დედათა სქესს მისი სამართლიანი ადგილი მიეზომოს კაცთა ცხოვრებაში, დედათა საქმე ამ ბოლოს ხანებში იმაზედ მიიმართა, რომ ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და კანონმდებლობაში ხმა მიანიჭოს დედათაცა, როგორც მამაკაცთა აქვსთ მინიჭებული. ამ მხრით ამერიკამ ჯერ-ხანად ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო და იქ დღეს არამცთუ ვისმე ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიც-კი რომ ამორჩეულ იქმნან თუნდ რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს.
ამ ხანებში ამერიკის ქალაქში, რომელსაც ბოსტონი ჰქვიან, ქალაქის გამგეობის არჩევანები იყო. თუმცა როგორც აქ, ისე სხვაგანაც ამერიკაში, დედათა აქვსთ უფლება არჩევანში მონაწილეობისა, მაგრამ დღეს-აქამომდე დედანი ამ უფლებას ბევრს არაფერს დასდევდნენ და არ ერეოდნენ არჩევანებში. ეხლა-კი, ამ ბოლოს არჩევანებში, თითქმის ყველანი მოსულან და დედათა კენჭის წყალობით დემოკრატები, რომელთაც აქამომდე ხელთ ეპყრათ გამგეობა ქალაქისა, დამარცხებულან და რესპუბლიკელებს გაუმარჯვნიათ. 22.000 დედაკაცი ჩაწერილა, საარჩევანოდ მოსული. ამათ თავისი საკუთარი კომიტეტი ჰქონიათ „ასთა დედათა“. ამ „ასთა დედათა“ კომიტეტს ისე ხერხიანად წაუყვანია არჩევანის საქმე, რომ სწავლა-განათლების საბჭოში და ქალაქის გამგეობაში სულ თავისი მომხრე რესპუბლიკანელები გამოურჩევიათ.
თუმცა ევროპაში ესე საქმეში გამოყენებული უფლება დედათა სქესისა თითქმის არსად მაგალითს არ წარმოგვიდგენს, მაგრამ დედათა სანუგეშოდ უნდა ვსთქვათ, რომ აქაც-კი არჩევანის საქმეში აზრი მათკენ არის გადახრილი და ლამის დღესა თუ ხვალ საქმითაც განხორციელდეს. კონსერვატორთა მეთაური სალუსბერი, რომელიც დღეს მთავარმინისტრია ინგლისში, მომხრეა იმისი, რომ დედათა მიენიჭოთ საარჩევანო უფლება. ამას წინათ ლორდი სალუსბერი ყოფილა შოტლანდიაში, ეს მომხრეობა გამოუცხადებია და ყველანი გაუოცებია, რადგანაც კონსერვატორთა მეთაურისაგან არავინ არ მოელოდა დედათა უფლებისათვის გამოსარჩლებას. ედინბურგში უთქვამს, რომ მე ჩემ თავად არ ვეურჩები ამ მხრით დედათა ემანსიპაციასაო და „შორს არ არის ის დრო, როცა დედათაც ექმნებათ ხმა ამორჩევისა, როცა ისინიც მიიღებენ მონაწილეობას როგორც ჩვენის ქვეყნის საპოლიტიკო საქმეთა მსვლელობასა და მიმართულებაში, ისეც საპოლიტიკო კაცთა ამორჩევაშიო“. ამისათვის არავითარს დაბრკოლებას არა ჰხედავს მთავარმინისტრი ინგლისისა.
თუ კონსერვატორთა მეთაური ასე ძლეულა დედათა საქმის სამართლიანობითა და ასეთის აზრით გამსჭვალულა ამ საქმის სასარგებლოდ და გასამარჯვებლად, სხვას ვისღა არა აქვს საბუთი სთქვას, რომ შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისის კუთვნილის ადგილის დასაჭერად. რაკი დედანი კანონმდებლობაში ხმას მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან, ამ გზით დიდს ზედმოქმედებას იქონიებენ თვით კანონებზედ, რომელნიც დღეს სჩაგვრენ და ჰხუთვენ დედათა სამართლიანს უფლებას. ამ ზედმოქმედების სიმძიმის ქვეშ შეიცვლებიან ის კანონები და დედათა საქმე წარიმატებს იმოდენად, რამოდენაც შესაძლოა თვით ამ საქმის ბუნებისაგან, იმიტომ რომ განგებ მოგონილი ბორკილი აღარ შეუშლის ფეხს, ამ ბორკილისაგან დახსნილი იქნება და მარტო თავის ბუნებაზედღა დამოკიდებული.