top of page

ბამბის მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი

ტფილისი, 8 იანვარი, 1887 წელი


რუსეთში დიდძალი ფაბრიკები და ქარხანებია ბამბეულობის საქონლის საფეიქროსი. თანხა, რომელსაც ამ საქმეში რუსეთი ყოველწლივ ატრიალებს, რამდენსამე ასს მილიონს მანეთს იჭერს. ამ ბამბეულობის საქონლის საფეიქრო ფაბრიკებსა და ქარხანებსა რამდენიმე ასი ათასი მუშა-კაცი უნდება. მაშასადამე, ესგვარი საფაბრიკო მრეწველობა ინახავს და ჰკვებავს რამდენიმე ასი ათას მუშა კაცს თავის სახლეულობითა და ცოლ-შვილითა. აქედამა სჩანს, რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საერო ეკონომიისათვის და სახელმწიფო ინტერესისათვის ამგვარ მრეწველობასა. ხოლო სხვა მხრითაც მეტად საზრუნველია და საფიქრებელი ეგ მრეწველობა რუსეთისათვის. საქმე ის არის, რომ თვითონ მასალა ამ ფაბრიკებისათვის, ესე იგი ბამბა, რუსეთს საზღვარგარეთიდამ შემოაქვს და ამის გამო ეს უშველებელი მრეწველობა რუსეთისა სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. რუსეთი ბამბას საზღვარგარედ ჰყიდულობს და ამ გზით საზღვარგარეთს ყოველწლივ თითქმის 75 მილიონი მანეთი ოქროს ფული გააქვს რუსეთიდამ. ეს გარემოება არამც თუ ჰვნებს ეგრეთ წოდებულს „სავაჭრო ბალანსს“ რუსეთისას, არამედ თვით ვექსილის კურსსაც აფოლებს და ამ მხრით ვნება მოაქვს სახელმწიფო ინტერესებისათვისაც.


ყოველივე ეს კარგა ხანია შენიშნულია მთავრობისაგანაც და რუსეთის ჟურნალ- გაზეთებისაგანაც. დღეს ამ ბამბის თაობაზედ ლაპარაკია ატეხილი იმ აზრით, რომ რუსეთმა როგორმე თავისი საკუთარი ბამბა გაიჩინოს და იქონიოს. საქართველო საკუთრივ, ამიერკავკასია საერთოდ, და შიდა აზია, საცა ეხლა რუსეთს უზარმაზარი ადგილები უპყრია, ასეთი ქვეყნები არიან, რომელთაც ჰავა, ადგილ-მდებარეობა და თითონ ადგილი ხელს უწყობს ბამბის მოყვანისათვის. ამ ამბავმა ჩვენ გაგვახსენა 1862 და შემდეგი წლები, როცა ქართლ-კახეთში და ნამეტნავად იმერეთში ბამბის მოყვანაზედ მიიმართა დიდი და პატარა, ვისაც-კი ცოდნა და წელი მიუძღოდა. იმ ხანებში კარგა ძალი ბამბა მოჰყვანდათ და კაი ფასადაც იყიდებოდა. ნამეტნავად იმერეთმა იმარჯვა ამ შემთხვევაში, რადგანაც ზღვა ახლო ჰქონდა და გადატანის ფასი შესაძლებელ ჰყოფდა ბამბის საპალნეების სხვაზედ იეფად ზიდვასა. რომ ეს ამბავი ჩვენთვის საკუთრივ და ამიერკავკასიისათვის საერთოდ ალალბედობისა და შემთხვევის მოწყალება იყო, როგორც დღეს პურის ვაჭრობაა ჩვენში, ეს იმითი მტკიცდება, რომ დღეს ბამბა თითქმის აღარავის მოჰყავს და მის მოყვანაზედ თითქმის ხელი აიღეს. რა შემთხვევა იყო ისეთი, რომ მაშინ ამისთანა ციებ-ცხელება შეუდგათ ბამბის მოყვანისა და დღეს-კი ასე დასცხრა და განელდა?


ყველაზედ უდიდესი ბაზარი ბამბისა ისევ ჩრდილო-ამერიკაა. ასეთივე იყო იგი წინათაც. მთელს საქვეყნო ბაზარს თითქმის მარტო ჩრდილო-ამერიკა უძღვებოდა და აძღებდა. მინამ ჩრდილო-ამერიკის საქმე თავის რიგსა და წესზედ მიდიოდა, ბამბა რუსეთის უმთავრესს ბაზარში ნიჟეგაროდის იარმუკაზედ ფუთი ოთხსა და ხუთ მანეთად გადიოდა. მაშინ, რასაკვირველია, ჩვენებურს მოწარმოებს ბამბისას ხელს არ მისცემდა ბამბა მოეყვანა, რადგანაც მარტო გადატანის ფასი სამ მანეთამდე ადიოდა ფუთზედ და მწარმოებელს ფუთზედ მარტო მანეთი ან ორი მანეთი-ღა რჩებოდა ყოველგვარ ხარჯის ასაყენებლად და თავის გასამრჯელოდ. თქმა არ უნდა, რომ ამისთანა გარემოება არავის წააქეზებდა იმ რთულსა, ხარჯიანს და ძნელ მუშაობისათვის, რომელიც ბამბის მოყვანას სჭირდება.ამიტომაც იმ დრომდე ბამბის მოყვანა ჩვენში ისე კანტიკუნტად სადმე, ხილად თუ იქნებოდა, თორემ გამოსარჩომად კი თითქმის არსად იყო, ერევნის გუბერნიის გარდა. ერევნის გუბერნიაში ბამბის მოყვანა ხელს აძლევდა მაშინ იმიტომ, რომ შიდა-რუსეთში რკინისგზები ასე ხშირი არ იყო და ამერიკის ბამბის შემოტანა შიდა-რუსეთში ავის გზების ხარჯს ძლივძლიობით ასდიოდა ასე, რომ ერევნიდამ ბამბის წაღება რუსეთში ცოტაოდენად უფრო სარფა იყო, ვიდრე ამერიკიდამა. ეს იმიტომ, რომ შიდა-რუსეთის გზებზედ ერევნის გუბერნია უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკა, და თუ ამ გზებზედ ორსავე ერთი ხარჯი უნდებოდათ,ამერიკის ბამბას ფასი ემატებოდა ამერიკიდამ რუსეთამდე მოსატანისა.


ხოლო როცა ჩრდილო-ამერიკის შტატებ შორის ომი ასტყდა, მაშინ ბამბის იქიდამ ზიდვა შესწყდა ასე, რომ ევროპის ბაზარში თითქმის ხსენებაც კი გასწყდა ბამბისა. მაშინ იყო ის სახელოვანი გაჭირება, რომელსაც „ბამბის კრიზისს“ ეძახიან და რომელმაც აუარებელი ქონება მეფაბრიკეებისა და მექარხნეებისა შთანთქა და თითონ ფაბრიკები და ქარხანები ინგლისსა და რუსეთში პირქვე დაამხო. მარტო რუსეთში 659 საფეიქრო ფაბრიკებიდამ, რომელნიც 1860 წელს მოქმედებდნენ, 1863 წელს 388-ღა დარჩა, თითქმის ნახევარზე ჩამოხტა. ისიც ძლივძლივობით სულს იტრიალებდნენ. ბამბა შიდა-აზიისა და ბუხარისა, რომელიც 1860 წლამდე ფუთი ოთხ და ხუთ მანეთად ძლივ გადიოდა ნიჟეგოროდის დიდს ბაზარში, ჩრდილო-ამერიკის შტატების ომის დროს 1861 წ. შვიდ-რვა მანეთამდე აიწია; 1862 წელს თორმეტ-ცამეტ მანეთამდე და 1863 წელს კი ოცდაორ ოცდასამ მანეთამდე. რა თქმა უნდა ამგვარმა ყოფამ ბამბის საქმისამ მთელს ქვეყნიერობაზედ თავისი ზედმოქმედება იქონია. მუშტარი ბამბისა ბუზსავით ყველგან ირეოდა, რასაკვირველია, იმ ქვეყნებში-კი, სადაც ჰავა და ადგილი ბამბის მოსაყვანად შესაფერი იყო. ამ დიდმა ფასებმა და მუშტარმა ჩვენამდინაც მოაღწია და ყველა, დიდი და პატარა, ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა, მიაწყდა ბამბის საქმესა. იმ ხანად იმერეთმა კარგი გამორჩომა ჰნახა და ეს შემთხვევა ყველაზედ უკეთესად იმან გამოიყენა: დიდძალი თესვა ბამბისა დაიწყეს იმერეთში და კარგა ფული გაინაღდეს ამ გზით. დღეს ბამბის მოყვანის საქმე ჩვენში სრულიად შემწყდარია და ეს წყარო სიმდიდრისა ხელიდამ გამოგვეცალა. რა იყო ამისი მიზეზი და რა ღონისძიებაა სახმარი, რომ ეს სახეირო საქმე ჩვენთვისაც და რუსეთისათვისაც კვლავ აღორძინდეს, ამაზედ შემდეგს ნომერში მოვილაპარაკებთ.



ტფილისი, 9 იანვარი


რა თქმა უნდა, რომ თუ რუსეთს ჰსურს თავისი საკუთარი ბამბა იქონიოს და ამ მხრით სხვა ქვეყნებზედ არ იყოს დამოკიდებული, ბამბის მოყვანას ძალიან ხელი უნდა შეუწყოს ყველგან, საცა-კი ჰავა და ადგილი შესაფერია ამ მცენარისა. შიდა-აზიის გარდა, ბამბა ძალიან კარგად მოდის ამიერკავკასიაში. ქართლ-კახეთი და ერთობ იმერეთი ამისათვის ძალიან კარგი ადგილებია და ამ მხარეში რომ მთავრობამ თავისი შემწეობა მოაშველოს მიწისმომქმედთა და პირველ ხანებში მაინც ყოველისფერში ხელი გაუმართოს, ყოველგვარი შეღავათი მისცეს, დიდძალს ბამბას რუსეთი ჯერ ამ ამიერკავკასიაში იშოვის. სწორედ ესე მოიქცნენ ინგლისელები. როცა ჩრდილო-ამერიკის შტატებს შორის ომი ასტყდა და ბამბის კრიზისმა თავი იჩინა, ინგლისელებმა არავითარი ღონე, არავითარი ხარჯი, არავითარი შემწეობა არ დაჰზოგეს, რომ სადმე თავის სახელმწიფოს საზღვრებში ბამბის მოყვანა ააღორძინონ და ფეხზედ დააყენონ. ინდოეთსა და ეგვიპტეშიაც კი, რომელიც ინგლისელებს არც კი ეკუთვნით, დიდძალი მეცადინეობა იხმარეს, დიდძალი ფული დაატრიალეს ამის გულისათვის. გარდა ამისა, თვით ინგლისის ფულის პატრონთაც, როგორც კერძო კაცთა, დიდძალი ფული მიაშველეს ბრაზილიას და ხვნა-თესვა ბამბისა დიდად გააძლიერეს იქაც- კი. ამ მთავრობისა და კერძო კაცთა ცდამ და ხარჯმა ამაოდ არ ჩაუარათ ინგლისელებსა. ამ მეცადინეობის და ხარჯის შედეგი ის იყო, რომ 1.800.000 ფუთი ბამბა, რომელიც 1862 – 63 წ. წ. გამოჰქონდათ, მაგალითებრ, ეგვიპტიდან, ცხრა მილიონ ფუთამდე აიყვანეს 1884 – 85 წლებში. ეს იმოდენა ბამბაა, რამდენიც რუსეთის მრეწველობას და ერთობ რუსეთის ბაზარსა თითქმის სრულებითა ჰყოფნის. დღეს ინგლისი ცოტად თუ ბევრად დაიმედებულია, რომ რაც უნდა უეცარი უბედურება შეემთხვეს ჩრდილო-ამერიკის ბამბასა, ინგლისი ცოტად თუ ბევრად დაიმედებული იქნება, რომ ფაბრიკები და ქარხანები არ მოუცდება.


ინგლისელების მიხედვით, თუ საკუთარის მიგნებით, რუსეთშიაც ფულის პატრონებმა, კერძო კაცებმა ხელი მოჰკიდეს ამ საქმესა და განიზრახეს რითმე მოჰშველებოდნენ იმ ქვეყნებს, საცა ბამბა მოდის. ამას წინათ სოვდაგარმა მაროზოვმა ჩვენს სოფლის სამეურნეო საზოგადოებას ბამბის თესლი გამოუგზავნა, რომ ხალხს დაურიგდეს და ხალისი აღუძრას ბამბის მოყვანისა. საზოგადოებამ დაურიგა იგი თესლი, მაგრამ, სამწუხაროდ, თესლი იმოდენად უხეირო გამოდგა, რომ მოსცდა და არ ამოვიდა. თვით მთავრობასაც ორი ნასწავლი კაცი გაუგზავნია ამერიკაში, რომ ისწავლონ ბამბის მოყვანის ხელი და მერე რუსეთის საზღვრებში მოჰფინონ თავისი სწავლა და ცოდნა და ამ მხრით შეწეობა აღმოუჩინონ მოწათმომქმედთა. რასაკვირველია, ეს ღონისძიებანი საკმაონი არ არიან, რომ ხალხმა ხელი მოჰკიდოს ბამბის მოყვანის საქმესა, თუმცა არც უიმისოა, რომ ცოტაოდენად მაინც ხელი არ მოუმართოს. ჩვენში ბამბის მოყვანის საქმის ცოდნა, მართალია, იმოდენა არ არის, რამოდენიც სანატრელია, მაგრამ იმოდენა კია, რომ კაცი ცოტად თუ ბევრად ამ მხრით დიდს დაბრკოლებას ვერა ჰნახავს. ხომ იყო ჩვენში ცოტად თუ ბევრად გაძლიერებული ბამბის მოყვანის საქმე 1862 – 63 – 64 და სხვა წლებში, მინამ ბამბა კაი ფასად გადიოდა და ხალხს ხელს აძლევდა. საქმე ის არის, — ხალხმა გული დააჯეროს, რომ ბამბის მოყვანა სარფაა, თორემ მოიყვანოს და იმ ფასად ჰყიდოს, რომ ხარჯი ძლივს ააყენოს, — ამას ვერა მიწათმომქმედი ვერ გაუძლებს. ეს გარემოება სულს ამოართმევს ხელახლად დაწყობილს საქმესა და ხალხი, რასაკვირველია, მოერიდება, რაც უნდა კარგი თესლი ბამბისა ურიგონ და რაც უნდა ბევრი უქადაგონ მსწავლულმა და მცოდნე კაცებმა.


რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა ხალხი დარწმუნებული იყოს, რომ 1) მისის ბამბა რუსეთის ბაზარში გავა და 2) ფასი გამოსარჩომი ექმნება. საცა საქონელს ბაზარი არა აქვს და ამასთანაც გამორჩომა რამ, იქ ყოველივე ცდა ამაოა. თუ მართლა სასურველია რუსეთისათვის, რომ ამიერკავკასიამ თავისი ბამბა მიაშველოს, საქმე ისე უნდა მოაწყონ, რომ ამ სურვილს ასრულების გზაც მისცენ. ჩვენი ეკონომიური უბედურება ის არის აქაც, რაც პურის ვაჭრობაში: გადატანის ხარჯი მეტად ძვირად უჯდება მწარმოებელს და ესა გვხუთავს ჩვენ ყოველისფერში. ჯერ რომ რკინისგზა მეტად დიდს ფულს იღებს საქონლის წაღებ- წამოღებისათვის, მერე თვითონ რკინისგზამდინაც მიტანა ჭირია უგზო-უკვლოობის გამო. აი ამ მხრით მოშველება უნდა, ვისაც ჰსურს ბამბის მოყვანის საქმეს ფეხი აადგმევინოს ჩვენში. გამოცნობილია და გამოანგარიშებული, რომ თუ ბამბის მიტანა მოსკოვში მანეთზედ და მანეთს უზალთუნზედ მეტი დაჯდა, ჩვენს ბამბას გასავალი ან არ ექნება, ან თუ ექნება, ბამბის პატრონი ზარალის მეტს ვერასა ჰნახავს. რუსული გაზეთები ამბობენ, რომ სამხრეთ- რუსეთის რკინისგზებისა და რუსეთის ნაოსნობის და ვაჭრობის საზოგადოების შორის მოლაპარაკება არისო, რომ შიდა-აზიის ბამბის გადმოტანა მოსკოვამდე ხუთ აბაზ უზალთუნზედ მეტი არ დაუჯდეს ფუთიო. სწორედ ამისთანა განკარგულებაა საჭირო ჩვენის მხრის ბამბისათვისაც, თუ ვისმე ჰსურს ბამბის მოყვანას ჩვენში ფეხი აადგმევინოს იმოდენად, რამოდენადაც სასურველია. თორემ დღეს ფუთი მოსკოვამდე თითქმის სამი მანეთი მარტო გადატანა ჯდება და სად გაუძლებს ამოდენა ხარჯს ჩვენებური ბამბა?


Recent Posts

See All
bottom of page